1. ძველი ბერძენი ფილოსოფოსი პლატონი თავის თეორიებში იდეალური სახელმწიფოს წარმოშობის, ფუნქციონირების და არსის ცნებებს განიხილავდა. მისი აზრით, ვის უნდა ემართა სახელმწიფო?
2. ძველ ეგვიპტეში მიაჩნდათ, რომ ადამიანის სული სამსჯავროზე წარსდგომისას სასწორზე იწონებოდა. სასწორის ერთ მხარეს იდო საგანი. თუ სული საგანზე მძიმე აღმოჩნდებოდა, მაშინ იგი სამუდამო ტანჯვისთვის იყო განწირული, ხოლო თუ სული საგანზე მსუბუქი იქნებოდა, მაშინ სიმშვიდეს და მარადიულ განსასვენელს პოვებდა. დაასახელეთ საგანი.
3. რომის იმპერიის დაუძინებელი მტერი, რომელსაც „აღმოსავლეთის ჰანიბალს“ უწოდებდნენ, საკვების მირთმევისას, გარკვეული რაოდენობის საწამლავს იღებდა, რათა იმუნიტეტი ჰქონოდა და მოწამვლისგან თავი დაეცვა. თუმცა სიცოცხლის ბოლოს ღალატის მსხვერპლი აღმოჩნდა და იძულებული გახდა, თავი მოეკლა. ვინაიდან, მასზე საწამლავმა არ იმოქმედა, არმიის მსახურ მეომარს სთხოვა, სიცოცხლეს ხმლით გამოესალმებინა. მსახურმა მეფეს თხოვნა შეუსრულა და სირცხვილისგან იხსნა. ვინ იყო „აღმოსავლეთის ჰანიბალი“?
4. რომის იმპერატორი, რომელიც გამორჩეული იყო არა მხოლოდ სამხედრო ნიჭით და პოლიტიკური გონიერებით, არამედ დასავლური ცივილიზაციის ერთ-ერთ უდიდეს მოაზროვნედ ითვლებოდა. მას ისტორიაში მოიხსენიებენ, როგორც „ფილოსოფოს იმპერატორს“ და ასევე იგი „ნაშვილებ კეისართა“ რიცხვს განეკუთვნება. ვინ არის ფილოსოფოსი იმპერატორი?
5. არსებობს ლეგენდა, რომლის თანახმადაც, ფრანკთა მეფე ხლოდვიგის გაქრისტიანება ღვთიურ სასწაულს უკავშირდება. ალემანებთან ბრძოლის დროს, როდესაც ხლოდვიგი დამარცხების პირას იყო, დახმარება ქრისტიანთა ღმერთს სთხოვა. მას ანგელოზი გამოეცხადა ყვავილით ხელში და უთხრა, რომ ეს ყვავილი შთამომავლებისთვის, როგორც ღვთიური ძალის და მფარველობის სიმბოლო გადაეცა. მეფემ ირწმუნა ანგელოზის სიტყვების და ბრძოლაში გაიმარჯვა. რომელი ყვავილის შესახებ გვიამბობს ლეგენდა?
6. ისლამური რელიგიის შემქმნელი მუჰამედი ხშირად განმარტოვდებოდა მთებში. ერთ-ერთი ასეთი ჰირას მთის გამოქვაბული იყო. ამ ადგილას მას ხილვები ჰქონდა და ზებუნებრივ ხმებს უსმენდა. ისლამური რწმენით, მას მთავარანგელოზი ესაუბრებოდა და ალაჰის ნებას გადასცემდა, რათა შემდგომში ღმერთის სიტყვა ხალხისთვის ესწავლებინა. რომელი მთავარანგელოზი ესაუბრებოდა მუჰამედს?
7. საგა ინგვარის შესახებ სკანდინავიური ლიტერატურის ნიმუშია, სადაც მოთხრობილია, რომ ინგვარმა კავკასიაში იმოგზაურა და შეხვდა ქრისტიან მეფეს, რომელიც უძლიერეს სახელმწიფოს ედგა სათავეში და რომელსაც სამი ათასი ვიკინგი ემსახურებოდა. რომელი ქართველი მეფეა მოხსენიებული სკანდინავიურ ლიტერატურაში?
8. რა ეწოდება ფრანგი განმანათლებლის ჟან-ჟაკ რუსოს ტრაქტატს, სადაც ავტორი განიხილავს საზოგადოების ისეთ მოდელს, რომელიც დაიცავს ცალკეული პიროვნების თავისუფლებას, საკუთრებას, თანასწორობას ურთიერთთანაცხოვრების პირობებში?
9. 1789 წლის ოქტომბერში საფრანგეთის დიდი რევოლუციის დროს პარიზში სასურსათო პრობლემების გაუარესების და უკიდურესი სიღარიბის გამო, ცულებით და ჯოხებით შეიარაღებული ექვსი ათასი პარიზელი ქალი ვერსალის სასახლისკენ დაიძრა. მათი შეჩერება ვერავინ მოახერხა. ქალებს ხალხის დიდი რაოდენობა შეუერთდა და მეფე იძულებული გახდა, დამფუძნებელი კრების მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება ეცნო. რა სახელით შევიდა ეს მოვლენა ისტორიაში?
10. საფრანგეთის რევოლუციის და ნაპოლეონის ომების შემდეგ საჭირო იყო ევროპაში ძალთა ბალანსის აღდგენა. იმ დროის წამყვან სახელმწიფოებს, რომლებსაც ცალკეული ინტერესები ჰქონდათ, უნდა მოეპოვებინათ ურთიერთშეთანხმება და გადაენაწილებინათ ტერიტორიები. რა ერქვა კონფერენციას, რომელიც 1815 წელს გაიმართა და რომელსაც ავსტრიელი დიპლომატი გრაფი მეტერნიხი ხელმძღვანელობდა?