რა უნდა იცოდნენ მათ, ვისაც პროფესიული განათლების მიღება სურთ?!
პროფესიული განათლება არის განათლების სახე, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანს კონკრეტულს სფეროში დასაქმებისათვის საჭირო ცოდნისა და უნარ-ჩვევებით მომზადებას. აქ მოიაზრება ის სფეროები. რომლებიც არ საჭიროებს უმაღლეს განათლებას.
საქართველოს მეცნიერებისა და განათლების სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად საქართველოში პროფესიული განათლება მოიაზრებს სამი ტიპის საგანმანათლებლო პროგრამებს – საბაზისო პროფესიულს, საშუალო პროფესიულსა და უმაღლეს პროფესიულს. თითოეულ პროგრამას ჩარიცხვის განსხვავებული კრიტერიუმები და ეტაპები გააჩნია.
საბაზისო პროფესიული განათლების მისაღებად ადამაინს ესაჭიროება სულ მცირე საბაზო (9 კლასი) ზოგადი განათლების ატესტატი.
საშუალო პროფესიული განათლების წინაპირობას სრული ზოგადი (12 კლასი) განათლების დამადასტურებელი ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტის ფლობა წარმოადენს, ასევე ამ პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველ პირს, რომელსაც გააჩნია მცირე საბაზო (9 კლასი) ზოგადი განათლების ატესტატი შესაძლებლობა აქვს მიმართოს ინტეგრირებულ პროგრამას და პროგრამის
დასრულების შემდეგ სრული ზოგადი განათლების ატესტატთან გათანაბრებული დიპლომი მოიპოვოს.
უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მოსახვერად პირი უნდა ფლობდეს სრული ზოგადი (12 წელი) განათლების დამადასტურებელ, ან მასთან გათანაბრებულ დოკუმენტს.
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლება არ ხორციელდება საგნებით, არამედ მოდულურად. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები შედგება ზოგადი, არჩევითი და სავალდებულო მოდულებისაგან. სწავლის პროცესი ძირითადად კონცენტრირებულია პრაქტიკულ სამუშაოზე.
ზემოხსენებულ პროგრამებზე მოსახვედრად საჭიროა რეგისტრაციის გავლა ონლაინ – vet.emis.ge , ასევე დაინტერესებულ პირს შეუძლია მიმართოს საქართველოს მასშტაბით მოქმედ რესურსცენტრებსა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ იმ სახელმწიფო და კერძო დაწესებულებებს, რომლებსაც გამოცხადებული აქვთ მიღება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადებით, 2023 წლის
მსურველთათვის მიღება 22 მაისიდან დაიწყო და 10 სექტემბრამდე გაგრძელდება.
პროფესიული პროგრამები დღეისათვის საკმაოდ აქტუალური და მოთხოვნადია, სწორედ ამიტომ აპლიკანტს ეძლევა საშუალება აირჩიოს სამი სასურველი პროფესია, თუ მისთვის სასურველ პროგრამაზე ვერ მოხვდა, შანსი ეძლევა სხვა პროფესიას დაეუფლოს, რომელზეც იმ წელს ნაკლები კონკურენცია იყო.
ტესტირება ტარდება ქართულ, სომხურ ,აზეირბაიჯანულ და რუსულ ენებზე. პროფესიულ კურსზე მოხვედრის შემთხვევაში არაქართულენოვანი აპლიკანტი ისწავლის ქართული ენის მოდულს, ხოლო შემდეგ განაგრძობს პროფესიის შესწავლას.
სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამის საჭიროების მქონე პირები სარგებლობენ ალტერნატიული პროფესიული ტესტირებით,რაც გულისხმობს სპეციალისტების მიერ მათი უნარების პროფესიულ პროგრამასთან შესაბამისობის შეფასებას.
განათლების სამინისტროს მიერ მოწოდებული ოფიციალური სტატისტიკის თანახმად 2015 წლიდან პროფესიული განათლების დაწესებულებაში 109 767-მა აპლიკანტმა ჩააბარა. 2022 წლის მონაცემებით ყველაზე აქტუალური ფარმაციაა, რადგან 14 082 აპლიკანტიდან 804-მა, ანუ
დაახლობით 6%-მა, აირჩია.
„წლიდან წალმდე იცვლება ტენდენციები. ყველაზე მოთხოვნადი და წარმატებულია ის პროფესია, რომელიც უზრუნველყოფს სტუდენტის წარმატებით დასაქმებას, შემოსავალს და კეთილდღეობაში ცხოვრებას. აიტი ტექნოლოგიები, სამშენებლო და ჯანდაცვის სფერო, ისეთი ახალი პროფესიები, როგორიცაა ლოგისტიკა, ასევე შავი ზღვის მხარეში საზღვაო პროფესიები დიდი პოპულარობით სარგებლობს“, – ამბობს ნინო ელბაქიძე, პროფესიული განათლების ექსპერტი.
2023 წლის 31 მარტის მონაცემებით დღეისათვის საქართველოში პროფესიული სწავლება ხორციელდება 19 სახელმწიფო კოლეჯში, გარდა ამისა არსებობს სახელმწიფო თანამონაწილეობით დაფუძნებული 7 კოლეჯი, ხოლო 34 სრულიად კერძო კოლეჯია. დაბოლოს, პროფესიული განათლების პროგრამები ფუქნციონირებს 2 ზოგადსაგანმანათლებლო სკოლასა და 13 უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
განათლების სამინისტროს მიერ ჩატარებული 2019 წლის კვლევის მიხედვით პროფესიული განათლების არჩევისას მეტად მაღალი ხვედრითი წილი აქვს ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა ინჟინერია, აგრარული მეცნიერებები,ბიზნეს ადმინისტრირება; ხოლო ყველაზე ნაკლებად წარმოდგენილი მიმართულება კი არის განათლებისა და სოციალური მეცნიერებები. აღნიშნულ
კვლევაში მონაწილეობდა პროფესიული პროგრამების 1201 კურსდამთავრებული. აქედან 54% (649 ) მამრობითი, ხოლო 46% (552) მდედრობითი სქესის იყო. მათი ასაკი 16-იდან 30 წელს ზემოთ მერყეობდა.
ავტორი: მადონა ბეჭვაია