როგორ შეიცვალა ერთიანი ეროვნული გამოცდების ფორმატი ბოლო წლებში და როგორ აისახა ის აბიტურიენტებზე?!
ერთიან ეროვნულ გამოცდებს საქართველოში 2005 წლიდან შეფასებისა და გამოცდების
ეროვნული ცენტრი ატარებს . 18 წლის განმავლობაში საგამოცდო პროცესმა ბევრი ცვლილება განიცადა, მიუხედავად ამისა დღემდე წარმატებულად მიმდინარეობს აპლიკანტების მიღება უმაღლეს სასწავლებლებში.
2005 წელს საქართველოში აბიტურიენტი აბარებდა 3 სავალდებულო გამოცდას (ქართული ენა და ლიტერატურა, უცხოური ენები, ზოგადი უნარები). აბიტურიენტების ნაწილს, ფაკულტეტების მოთხოვნის შესაბამისად, შესაძლოა მათემატიკის გამოცდის ჩაბარებაც დასჭირვებოდა. შემდეგ წელს საგამოცდო ჩამონათვალს დაემატა: საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, საქართველოს ისტორია, საზოგადოებრივი მეცნიერებები, ლიტერატურა.
თავდაპირველად ნაწერები მხოლოდ ქაღალდზე მოწმდებოდა, დღეს უკვე შესაძლებელია ეროვნულ გამოცდებზე დაწერილი ტესტის გასწორებული ვერსია აბიტურიენტმა ონლაინ რეჟიმში ელექტრონულად ნახოს. იმ შემთხვევაში, თუკი აბიტურიენტი გამსწორებელს არ ეთანხმება, შესაძლებელია ნიშნის გასაჩივრებაც.
2008 წელს ზოგადი უნარების გამოცდების გასწორების ახალი მოდელი წარმატებით დაინერგა,რაც გულისხმობს კომპიუტერული გასწორების სისტემას (eMarker). 2012 წლიდან სრულიად გაციფრულდა სარეგისტრაციო ფორმა და აბიტურიენტები გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე (www.naec.ge; online.naec.ge) თავისით რეგისტრირდებიან,ირჩევენ ჩასაბარებელ საგნებს და ამატებენ სასურველი უნივერსიტეტებისა და ფაკულტეტების ჩამონათვალს.
2015 წელს გამოცდების ჩამონათვალს დაემატა სამოქალაქო განათლება, როგორც აბიტურიენტები ამბობენ, ამ საგანში მასლა მცირეა და მისი მომზადება შედარებით მარტივია.
“2018 წელს მე ჩავაბარე სამოქალაქო განათლება მე-4 საგნად, სწორედ მისი დახმარებით მოვიპოვე 50%იანი გრანტი, რაც საკმაოდ დიდი შეღავათი იყო ჩემთვის. ეს საგანი ახალი დამატებული იყო და ძალიან ცოტა აბარებდა, ამის გამო კონკურენცის ნაკლებობაც იყო. ასევე მინდა ავღნიშნო ის ფაქტიც, რომ სამოქალაქო განათლებაში მწირე მასალაა სასწავლი, მე ისტორიაც ჩავაბარე და მასთან შედარებით თითქმის მეოთხედია“, – ამბობს მარიამ ხელაძე, სტუდენტი.
2020 წელს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ცვლილება განიცადა ერთიანმა ეროვნულმა გამოცდებმა, სავალდებულო საგნების სიიდან ამოვარდა ზოგადი უნარები. ზოგადი უნარების გამოცდა სრულიად არ გამქრალა, უმაღლეს სასწავლებლებს სურვილისამებრ კონკრეტულ პროგრამაზე მოხვედრის მსურველთათვის შეუძლიათ განსაზღვრონ და დამატებით მოითხოვონ ზოგადი უნარების ჩაბარება. მაგალითად, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი შიდა გამოცდის სახით ატარებს ზოგადი უნარების გამოცდას.
ასეთი გამონაკლისების გარდა აბიტურიენტს დღეს უკვე ოთხის ნაცვლად სამი საგნის ჩაბარება უწევთ – ქართული ენა და ლიტერატურა; უცხოური ენა; მათემატიკა/ისტორია. მესამე საგნი სპეციალობიდან გამომდინარე უნდა აირჩეს – ჰუმანიტარული პროფესიების მსურველები ისტორიას აბარებენ, ტექნიკური სპეციალობისანი კი – მათემატიკას.
ზოგადი უნარების გაუქმებას დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა – საზოგადოების ნაწილი თვლის, რომ აბიტურიენტის განათლების სტანდარტი დაეცა და დღეს უკვე ისეთი აპლიკანტებიც აბარებენ უმაღლეს სასწავლებლებში, რომელთა ინტელექტუალური დონე საშუალოზე დაბალია. აბიტურიენტებისათვის კი ეს ცვლილება სასიამოვნო არის, რადგან სტატისტიკის მიხედვით ყველაზე მეტი აბიტურიენტი სწორედ ზოგადი უნარების გამოცდის მინიმალურ ზღვარს ვერ ძლევდა.
განათლების ექსპერტი სიმონ ჯანაშია ჩვენთან საუბრისას ამბობს,რომ უნარების გამოცდის ამოღებით არ შეცვლილა სტუდენტების განათლების დონე რადგან უნარების გამოცდების შედეგები ძალიან ახლო კორელაციაში იყო სხვა გამოცდების შედეგებთან.
“უნარების გამოცდებისთვის მომზადება რეალურად არ უვითარებს მოსწავლეს უნარებს, ავითარებს უშუალოდ ცოდნას, რომელიც საჭიროა ამ გამოცდის დასაძლევად”, – აღნიშნა სიმონ ჯანაშიამ.
მისივე თქმით, უნარების გამოცდის ამოღება ერთიანი ეროვნული გამოცდების ნუსხიდან
დადებითად აისახა აბიტურიენტთა ფინანსურ მდგომარეობაზე. საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს არ აქვს მაღალანაზღაურებად რეპეტიტორებთან მომზადების საშუალება. შესაბამისად, ჩასაბარებელი საგნების რაოდენობის შემცირება შეღავათია აბიტურიენტთა ოჯახებისათვის.
დღეისათვის საქართველოში ზოგადი განათებისა და ანალიტიკური აზროვნების კუთხით სავალალო ვითარებაა,რასაც არაერთი კვლევა ადასტურებს. აბიტურიენტები,რომლის დიდ ნაწილს 17-18 წლის მოზარდები შეადგენენ , მზად არ არიან საუნივერისტეტო სწავლებისთვის.
ავტორი: მადონა ბეჭვაია