ტრადიციული და გადაუჭრელი პრობლემები საჯარო სკოლებში
დაბალი ხელფასები, მრავალრიცხოვანი კლასები, გაუმართავი ინფრასტრუქტურა
„ამჟამად სკოლებში გვაქვს მესამე თაობის სასწავლო გეგმა. როგორც წინა ორი, არც ეს ამართლებს, რადგან არ არის მორგებული ქართულ რეალობას“, – ამბობს თამარ ცანავა, ქალაქ თბილისის 178-ე საჯარო სკოლის ინგლისურის წამყვანი მასწავლებელი.
საქართველოში „ახალი სკოლის მოდელი“ 2019 წლის მარტში ამოქმედდა. ამ რეფორმის მიზანი 21-ე საუკუნეში არსებულ გამოწვევებთან გამკლავება და ისეთი სასწავლო გარემოს შექმნა იყო, რომელიც მოსწავლეს კრიტიკული აზროვნების განვითარებასა და საჭირო უნარ-ჩვევების ათვისებაში დაეხმარებოდა.
როგორც თამარი ამბობს, ეს პრაქტიკა ყველა სკოლაში დანერგილი კვლავაც არ არის. მასწავლებლები არათანაბარ პირობებში არიან. პედაგოგებს ისეთ მოთხოვნებს უყუენებენ, რისთვისაც ისინი მზად არ არიან. ერთ-ერთი ასეთი პრობლემა მასწავლებლის პორტფოლიოების მომზადებას შეეხება.
„მასწავლებელმა, ვიდრე გამოცდაზე გავა, პორტფოლიოს სახით უნდა წარმოადგინოს დოკუმენტების ერთობლიობა, სადაც დეტალურად აღწერს საგაკვეთილო პროცესზე მიმდინარე მოვლენებს. მოსწავლეებთან ურთიერთობას, მათ მიღწევებს და შედეგებს“, – აღნიშნავს თამარი.
მისი აზრით, ეს მოთხოვნა უსამართლოა იმდენად, რამდენადაც 8-9 საათიანი სამუშაო დღის შემდეგ სახლში დაბრუნებისას მასწავლებელმა უნდა შეაფასოს შემაჯამებელი სამუშაოები, დაწეროს და შეასწოროს კომპლექსური დავალებები, შეადგინოს დიაგნოსტიკური ტესტები. ამის შემდეგ კი ისეთი საქმისთვისაც უნდა გამონახოს დრო და რესურსი, როგორციაა პორტფოლიოს შედგენა.
„დაღლილი და გამოფიტული პედაგოგი, ზოგჯერ მშიერიც, რადგან ბევრ სკოლაში სასადილო ოთახებიც კი არ არის მოწესრიგებული, სახლში მისვლისას იწყებს სამუშაოს მეორე, უფრო რთულ ნაწილს. მოთხოვნების რაოდენობა და სიმკაცრე უნდა შეესაბამებოდეს მასწავლებლების შრომით პირობებს, ანაზღაურებას და გარემოს, სადაც მათ უწევთ მუშაობა“, – მიაჩნია თამარ ცანავას.
პედაგოგი ასევე აღნიშნავს, რომ პორტოფოლიოების გაყალბება აქტიურად მიმდინარეობს. სოციალურ ქსელში იქმნება ჯგუფები, სადაც მასწავლებლებს გარკვეული თანხის სანაცვლოდ სთავაზობენ ამ დოკუმენტების დამზადებას.
„ამას დამატებული ხელოვნური ბარიერები, ნეპოტიზმი. ახალ თაობას სხვა მოთხოვნები, შესაძლებლობები და ამბიციები აქვს. მათ ისწავლეს თავიანთი შრომის დაფასება, შესაბამისად, არავის მოუნდება მსგავს პირობებში მუშაობა. რა იქნება შემდეგ? მასწავლებლების უმეტესობა 60 წელს გადაცილებულია. მომავალში, შესაძლოა, სრული კოლაფსის წინაშე აღმოვჩნდეთ“, – აღნიშნავს თამარი.
მისი თქმით, თბილისში მასწავლებლები ორ სკოლაში მუშაობენ, მაგრამ რეგიონებში ასე არ ხდება. იქ საშუალო ხელფასი 1000 ლარზე ნაკლებია, როცა ქვეყანაში სურსათი, მედიკამენტები, მგზავრობა და ცხოვრება ძვირდება.
„დამრიგებლისთვის ანაზღაურება 80 ლარია. ამ დანამატს ზოგჯერ მოსწავლეებისთვის საჭირო რესურებში ვხარჯავ, ქაღალდი, ფანქარი, კალამი. მესმის, ყველაფერს სკოლა ვერ დაგახვედრებს, მაგრამ ის, რაც საჭიროა მოსწავლეების პრაქტიკული უნარების და ცოდნის განვითარებაში, სკოლამ უნდა უზრუნველყოს“.
თამარი უკმაყოფილოა პედაგოგთა გადამზადების პრაქტიკითაც. იგი ამბობს, რომ ტრენერს, შესაძლოა, ჰარვარდის ან კემბრიჯის სერტიფიკატი ჰქონდეს, თუმცა ვერაფერს აძლევდეს პედაგოგს, რადგან სკოლაში ნამუშევარი არ არის.
პედაგოგების გამოკითხვისას შეგვხვდა ისეთი თვალსაზრისიც, რომლის მიხედვითაც სკოლის რეფორმის პროცესი შედეგიანად მიმდინაროებს. თბილისის 151-ე საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მენტორი მასწავლებელი მარეხ ბასილაძე თვლის, რომ არსებული მეთოდები ეფექტურია, „ესგ“-ს კრიტერიუმები კი დაძლევადი. მასწავლებლები შეზღუდულები არ არიან მეთოდების არჩევაში. კლასის დონიდან გამომდინარე, შესაძლოა, ერთ თემას დაეთმოს იმდენი საათი, რამდენიც მოსწავლეებს სჭირდებათ. USAD-ის საბაზისო განათლების პროგრამის სკოლებში შემოტანამ დანერგა კითხვის სწავლების სხვადასხვა მეთოდი, რამაც მოსწავლის კითხვის უნარები გააუმჯობესა.
„ტრენინგები საკმაოდ ხშირად ტარდება. მე პირადად ამ მოდულითა და გაცნობილი მასალით ძალიან კმაყოფილი ვარ, რადგან მიღებულ ცოდნას აქტიურად ვიყენებ საგაკვეთილო პროცესში“, – გვითხრა მარეხ ბასილაძემ.
იგი თავად მონაწილეობდა ახალი სკოლის მოდელის კომპლექსური დავალებების აქტივობების შემუშავებასა და საკლასო გარემოს დანერგვის პროცესში. მისი აზრით, სკოლა, როგორც ინსტიტუტი, ჯერ კიდევ განვითარების ეტაპზეა, ამიტომ მასწავლებლებს უნდა ჰქონდეთ მოთმინების უნარი და მიმღებლობა რეფორმების მიმართ.
სკოლის პრობლემებს განსხვავებული კუთხით ხედავენ მშობლები, ბევრმა მათგანმა საკუთარი ვინეობის გამჟავნებისგან თავი შეიკავა. თუმცა, ანონიმურობის გარანტიით პრობლემების შესახებ გულწრფელ საუბარს დასთანხმდა.
„ვისურვებდი, რომ ბავშვებს აღარ სჭირდებოდეთ დამატებითი მომზადება. პედაგოგებს ყველა მოსწავლის მიმართ ინდივიდუალური მიდგომა უნდა ჰქონდეთ, რაც ვერ ხერხდება იმ პირობებში, რომ გაკვეთილების ხანგრძლივობა 40 წუთამდე შემცირდა, ხოლო კლასში 25-30 ბავშვია“, – მ.დ. დაწყებითი კლასის მოსწავლის მშობელი.
მ.დ. თვლის, რომ ვერც სკოლის ამჟამინდელი ინფრასტრუქტურა აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს. მოუწესრიგებელია საკლასო ოთახები მერხები, სასადილო ოთახები, არის ბიბლიოთეკების და სპორტდარბაზების პრობლემა.
„განათლების სამინისტრო ძალიან ბევრს აკეთებს სკოლების ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად. ტარდება სარემონტო სამუშაოები მთელი ქვეყნის მასშტაბით, როგორც ქალაქებში, ისე – რეგიონებში. ეს ყველაფერი უბრალოდ დროის ფაქტორია. 2024 წლის ბოლოს ყველა სკოლა უნდა იყოს მოწესრიგებული“,- გვითხრა ნინო ვარდოსანიძემ, რომელიც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში მუშაობს და მასწავლებლების გადამზადებაში აქტიურადაა ჩართული.
ნინო ამბობს, რომ მოსწავლეების დიდი რაოდენობა, განსაკუთრებით, მაღალ კლასებში სერიოზული პრობლემაა, თუმცა დამატებით სკოლების გახსნასთან ერთად ეს ხარვეზიც მოგვარდება. ასევე თვლის, რომ განათლების ხარისხის დაქვეითება ხშირად სკოლის ან პედაგოგის ბრალი არ არის. „ზედა კლასებში მოსწავლეებს მოტივაცია აქვთ დაკარგული. სურთ ისწავლონ მხოლოდ ის საგნები, რომლებიც მათი პროფესიული არჩევანისთვის არის საჭირო. თუ ვიღაც იურიდიულზე აბარებს, არ სურს, ისწავლოს ბიოლოგია. ესეც ხდება იმის მიზეზი, რომ გაკვეთილზე სწავლის ხარისხი ეცემა და მათ დამატებითი მომზადება სჭირდებათ“.
დამატებითი მომზადების საჭიროება განსაკუთრებით აქტუალურია აბიტურიენტთა ჯგუფებში.
„ყველაფრის მიზეზი განათლების სისტემაშია. პირადად მე, საკუთარ პასუხისმგებლობას ვერ ვხედავ, როცა სკოლაში ფორმალურად სიარულის ნაცვლად დროს უფრო ნაყოფიერად ვხარჯავ რეპეტიტორებთან მეცადინეობაში. მიუხედავად იმისა, სწავლა მე-12 კლასში არ დამიწყია, მომზადების გარეშე ძალიან გამიჭირდებოდა ეროვნული გამოცდების დაძლევა. ბევრს ნიშნავს, როცა საფუძველი, ბაზა გაქვს, მაგრამ ეს არაა გამოცდების წარმატებით ჩაბარებისთვის საკმარისი. ის უნარები, რომლებსაც ეროვნული გამოცდების მეშვეობით ამოწმებენ, სკოლაში არ ამითვისებია“, განაცხადა ჩვენთან საუბრისას აბიტურიენტმა ელენე სინაურიძემ.
ელენე ამბობს, რომ სკოლებში არსებული პრობლემები სცდება, როგორც მასწავლებლების, ისე მოსწავლეების პასუხისმგებლობას. არ არის ბიოლოგიის, ქიმიის, ფიზიკის კაბინეტები.
„მასწავლებლები დატვირთულები არიან სხვადასხვა ფუჭი დავალებებით სამინისტროსგან, ავსებენ ათასგვარ არასაჭირო დოკუმენტს. ამის გამო არც დრო და არც ენერგია რჩებათ ჩვენთვის. პირიქით, ძალიან დასაფასებელია, ასეთ პირობებშიც რომ ახერხებენ, რამე ღირებული გვასწავლონ და საგანი შეგვაყვარონ“, – აღნიშნავს ელენე.
„მომზადება, როცა მაღალი ქულები გინდა და სკოლას კარგი ბაზისი არ მოუცია, საჭიროა. მე შესანიშნავი მასწავლებლები მყავდა, მაგრამ საგაკვეთილო პროცესი არ იყო იდეალური, ჯგუფში ძალიან ბევრი ბავშვი ვიყავით და შეუძლებელი ხდებოდა გაკვეთილის ჩატარება. ამასთანავე, უნდა ვთქვა, რომ სკოლას გამოცდებისთვის არ მოვუმზადებივართ, არ აუხსნია მათი ფორმატი და სპეციფიკა“, – ლიკა გვენეტაძე, აბიტურიენტი.
როგორც თამარ ცანავა ამბობს, მასწავლებლის ხელფასი თუ გაიზრდება, კლასში მოსწავლეების რაოდენობა შემცირდება, აღარ გახდება საჭირო დამატებითი მომზადება მოსწავლეებისთვის, არც მასწავლებლებს დასჭირდებათ კერძო გაკვეთილების ჩატარება და აბიტურიენტების აყვანა.