ქართველ ახალგაზრდებში დაბანდებული ევროპული ინვესტიცია
რა უნდა გავითვალისწინოთ, თუკი ევროპის უნივერსიტეტებში სამაგისტრო პროგრამების გავლა გვსურს
“თუ საქართველოში გავდივართ საგანს – “განწყობის ფსიქოლოგია” და გვყავს ერთი ლექტორი, გვაქვს სემინარი და გამოცდები, აქ, ვალენსიის უნივერსიტეტში, ერთი საგანი რამდენიმე ნაწილად არის დაყოფილი და მას სხვადასხვა ლექტორები გვიკითხავენ, რომლებიც სათითაოდ გაძლევენ მინიმუმ 3000 სიტყვიან ესეს დასაწერად, ამას დამატებული პრეზენტაციები და ჯგუფური პროექტები. თავიდან ძალიან რთული იყო, მაგრამ შემდეგ უკვე Skim reading გიმუშავდება – არ წაიკითხო ყველაფერი, არამედ ძირითად დეტალებზე კონცენტრირდე. ჩვენმა დეკანმა პირველივე დღეს გვითხრა, რომ მათი მიზანია მოკლე დროში ეფექტურად მუშაობა გვასწავლონ, არავინ გვთხოვს ვიყოთ იდეალურები, მთავარია კონკრეტულ დროში გავაკეთოთ ჩვენი მაქსიმუმი”, – ასე აღწერს მარიამ პოპიაშვილი ეპანეთის ვალენსისს უნივერსიტეტში სწავლას, სადაც 2022 წელს, ერაზმუს მუნდუსის პროგრამით, შრომის ორგანიზაციის და პერსონალის ფსიქოლოგიის მიმართულებაზე ჩაირიცხა. ეს მისთვის რიგით მეორე მაგისტრატურაა.
მარიამმა ბაკალავრიატი 2018 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაამთავრა ფსიქოლოგიის მიმართულებით, ხოლო მაგისტრატურა ამავე უნივერსიტეტში 2021 წელს, შრომის ორგანიზაციის და პერსონალის ფსიქოლოგიის განხრით.
ერასმუს მუნდუსი, სადაც მარიამი ამჟამად არის ჩართული, ერთობლივი სრული სამაგისტრო პროგრამაა (EMJM – Erasmus Mundus Joint Master), რომელიც ბაკალავრის ხარისხის მქონე სტუდენტებს საშულებას აძლევს ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტში სრული დაფინანსებით ისწავლონ სამაგისტრო პროგრამებზე. პროგრამაში მონაწილეობისთვის ასაკობრივი შეზღუდვა არ არსებობს, არ გჭირდება სტუდენტის აქტიური სტატუსი, და მათ შორის, დაბრკოლებას არ წარმოადგენს თუკი ოდესმე Erasmus+ სტიპენდიით სარგებლობდი.
სამაგისტრო პროგრამების სია, რომელსაც ერაზმუს მუნდუსი გვთავაზობს, ყოველწლიურად შემოდგომაზე ახლდება. სასწავლო პროცესი მიმდინარეობს სამაგისტრო პროგრამაში მონაწილე სულ მცირე ორ ევროპულ უნივერსიტეტში, რის შედეგადაც, გაიცემა ან ერთობლივი (Joint Degree), ან მრავლობითი (Multiple Degree) აკადემიური ხარისხი.
ვალენსიის უნივერისტეტი, რომელიც ესპანეთში მდებარეობს, მარიამ პოპიაშვილის გაცვლითი პროგრამის უნივერსიტეტია, თუმცა ამჟამად მარიამი თავის მეორე სემესტრს პორტუგალიაში, კოიმბრას უნივერსიტეტში ატარებს. ამდენად, ის ორ, ვალენსიისა და კოიმბრას უნივერისტეტების დიპლომს აიღებს.
“ჩემი მეგობარი, რომელიც ინდონეზიიდან არის, თითო სემესტრს სხვადასხვა უნივერისტეტში ატარებს. პირველ სემესტრში იყო კორდობას უნივერისტეტში, ახლა ლისაბონშია, ხოლო მესამე სემესტრს სტამბოლში გაატარებს და აიღებს სამივე უნივერისტეტის დიპლომს.
მე როგორც კი პროგრამაში მიმიღეს, მომწერეს თუ სად მინდოდა ჩემი შიდა გაცვლითი სემესტრის გატარება. იყო ორი ვარიანტი შემოთავაზებული – კოიმბრა ან ჩესნია”.
2015-2021 წლის მონაცემებით, საქართველოში ერაზმუს მუნდუსის პროგრამის 169 კურსდამთავრებული გვყავს.
ერაზმუს მუნდუსის ერთობლივ სამაგისტრო პროგრამას გააჩნია ზოგადი მოთხოვნები, პირველი ეს არის ბაკალავრის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომი, ან თუ სტუდენტი ბაკალავრის მეოთხე კურსზე სწავლობს, დამამთავრებელ კურსზე ყოფნის ცნობა მშობლიური უნივერსიტეტიდან. მარიამ პაპოშვილი ამბობს, რომ დიდი მნიშვნელობა ექცევა იმას, თუ როგორ სწავლობდი უნივერსიტეტში.
“შერჩევის პროცესში მნიშვნელობა ენიჭება GPA-ს(Grade Point Average – ნიშნების საშუალო ქულა), როგორც მახსოვს, 4-იდან 3.5 მაინც უნდა ჰქონდეს აპლიკანტს აკადემიური მოსწრება. მე, მაგალითად, გასაუბრებაზე ისიც მკითხეს თუ რა საგნები მქონდა გავლილი ჩემი პროგრამის მიმართულებით. ჩემს შემთხვევაში, ჩემთვის ეს მეორე მაგისტრატურა უნდა ყოფილიყო, ეს შეიძლება ერთგვარი მინუსიც იყოს, რადგან უკვე გაქვს მაგისტრის ხარისხი, მაგრამ ამ შემთხვევაში, იმას უნდა გაუსვა ხაზი თუ რატომ და რისთვის გინდა მეორე მაგისტრატურა”.
ერზმუს მუნდუსის პროგრამაში მონაწილეობისათვის მეორე, აუცილებელი პირობაა ინგლისური ენის ფლობის საერთაშორისო სერტიფიკატი B2 დონეზე, ეს უნდა იყოს IELTS ან – TOEFL. თუმცა, მარიამს უკვე ჰქონდა კემბრიჯის სერტიფიკატი, ამიტომ მხოლოდ ინგლისური ენის გასაუბრება ჩაუტარდა.
“ეს იყო 5-10 წუთიანი გასაუბრება იმისთვის, რომ შეემოწმებინათ მეტყველება. ეს გასაუბრება არ იყო ისეთივე სიღრმისეული, როგორიც შემდგომ პროფესიული გასაუბრება. თუმცა, ყველა შერჩევის ეტაპი ერთნაირი არ არის, ზოგს მხოლოდ პროფესიული გასაუბრება აქვს და ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი არ სჭირდება”.
პროგრამაში მოსახვედრად, გარდა სერტიფიკატისა, საჭიროა CV (სასურველია Europass ფორმატი) და სამოტივაციო წერილი.
“სივი-ში ჩემი მიმართულებით რა გამოცდილებაც მქონდა, ის მეწერა, დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ იმას, გაქვს თუ არა მოხალისეობრივი გამოცდილება, მე, მაგალითად, სკაუტებში ვიყავი, რამაც ძალიან დააინტერესათ.
რაც შეეხება სამოტივაციო წერილს, იმით დავიწყე თუ რატომ უნდა ავერჩიეთ სწორედაც რომ მე, რა ბენეფიტს მაძლევდა ეს პროგრამა, რას მივიღებდი ამით. ვახსენე ისიც, რომ საქართველო განვითარებადი ქვეყანაა და ჩვენი ორგანიზაციები ახლა იკიდებენ ფეხს საერთაშორისო ბაზარზე, ამიტომ საჭიროა საზღვარგარეთ მიღებული საერთაშორისო გამოცდილება. კურსზე ვართ დაახლოებით 8 სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტები, აფრიკიდანაც მყავს კურსელი, ასევე – კოლუმბიიდან, გერმანიიდან, ინდოეთიდან, ინდონეზიიდან – ასეთ მრავალფეროვნებას სხვაგან ვერ ნახავ”, – ამბობს მარიამ პოპიაშვილი.
ერაზმუს მუნდუსის პროგრამის ბოლო მოთხოვნა სარეკომენდაციო წერილებია. მარიამი ამბობს, რომ მას ორი რეკომენდატორი ჰყავდა – დამსაქმებელი და პროფესორი.
“პროფესიულ გასაუბრებაზე მკითხეს, მაგალითად, რას მოვუყვებოდი ადამიანს, რომელმაც არაფერი იცის ერაზმუს მუნდუსის პროგრამის შესახებ, ამიტომ საჭიროა ყველაფერი კარგად შეისწავლო ამ პროგრამის შესახებ. პასუხები დაახლოებით ერთი თვის შემდეგ მივიღე. ვიყავი “ფეისბუქ” ჯგუფშიც, რომელშიც გაწევრიანებული იყო ყველა, ვინც გასაუბრებაში იღებდა მონაწილეობას. პირველ ეტაპზე ზოგმა უარი მიიღო, მე კი – რამდენიმე დღის შემდეგ, დადებითი პასუხის წერილი მივიღე”.
ერაზმუს მუნდუსის კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში სტუდენტი იღებს სტიპენდიას, რომელშიც ასევე იგულისხმება მგზავრობის ხარჯები (მაქს. 1400 ევრო). სტიპენდიის რაოდენობა განისაზღვრება იმით თუ რამდენად “ძვირ” ქვეყანაში მოგიწევს ცხოვრება. პროგრამა ასევე ფარავს სწავლის საფასურს, ვიზის და დაზღვევის ხარჯებს.
“პროგრამა ფარავს ყველაფერს, მაგრამ პირველ ეტაპზე, როდესაც პასუხს მიიღებ, რომ ჩაირიცხე და მიიღე გრანტი, თავიდანვე თანხას არავინ გაძლევს. პირველ ეტაპზე, რომ აიღო ვიზა და ჩახვიდე ქვეყანაში, მოგიწევთ ამის საკუთარი ხარჯით დაფარვა, მაგრამ ჩასვლის შემდეგ, ამ ყველაფერს გინაზღაურებენ, პლიუს თვიური სტიდეპენდია, რომელიც მე 1000 ევრო მაქვს. ეს 1000 ევრო ფარავს ბინის ქირას, კვებას, ტრანსპორტირებას, გარდა ამისა,ეს თანხა სრულებით საკამრისია იმისთვის, რომ კარგად იცხოვროთ, გაერთოთ და იმოგზაუროთ. ”
“ჩემს პროგრამაზე მაქსიმალური თანხა, რომელსაც ორი წლის განმავლობაში იღებ 49 000 ევროა. აქედან 18 000 არის სწავლის, დანარჩენი არის სტიპენდია, რომელიც სხვადასხვა კატეგორიებად არის დაყოფილი. ასევე, გადაადგილების თანხა განისაზღვრება იმით, თუ რამდენად შორს არის შენი ქვეყანა, მე მაგალითად წლის დასაწყისში 2000 ევრო დამირიცხეს. – გვიყვება მარიამ პოპიაშვილი.
საქართველოში ესპანეთის საელჩო არ არის, ამდენად მარიამს ვიზის ასაღებად სტამბოლში ჩასვლა მოუხდა, სადაც ვიზის თანხა არ გადაახდევინეს და პროცესი მარტივად გაიარა.
“ესპანეთში რომ ჩავედი, განაცხადი შევიტანე სტუდენურ ბინადრობაზე და მივიღე საბუთი, სადაც წერია, რომ 2 წლის განმავლობაში ვიზა არ დამჭირდება. წერია, რომ ესპანეთის დროებითი სტუდენტი ვარ და ჩვეულებრივ შემიძლია სხვა ქვეყნებში წასვლა. ამიტომ არც პორტუგალიაში დამჭირდა ვიზის გაკეთება. სანამ ესპანეთში წავიდოდი, დავიწყე ბინის ძებნა. რთული პროცესია, არის სანდო საიტები, მაგალითად Spotahome, HousingAnywhere, Uniplaces, არის ფეისბუქ ჯგუფი, “იდეალისტა”, სადაც შენი ნაქირავები ბინიდან ერთი ოთახი შეგიძლია გააქირავო. მე გამიმართლა იმაში, რომ ოჯახის ახლობელი იყო ესპანეთში, პირველი პერიოდი მასთან გავჩერდი და უკვე ფიზიკურად ვათვალიერებდი ბინებს. ასევე ესპანეთიდან პორტუგალიაში ჩამოსვლამდე, მე და ჩემმა ორმა მეგობარმა ერთად დავჯავშნეთ ვიზიტები სახლებში და ერთად ვიქირავეთ. 1-2 დღე სასტუმროში ვიყავით და მერე ვიქირავეთ ბინა. ახლა სამი კურსელი ვცხოვრობთ ერთად.”
ვინაიდან კოემბრა პატარა ქალაქია, მარიამი საზოგადოებრივი ტრანსპორტით არ სარგებლობს.
“კოემბრაში საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა ევროზე ნაკლები არ ღირს, ჩვენ ძირითადად ტაქსით ვსარგებლობთ, რადგან სამი ადამიანი ვიყოფთ და ბევრი არ გვიჯდება. რაც შეეხება ესპანეთს, სტუდნეტებისთვის შეღავათები არ არის, ახლახანს იყო აქცია, რის შედეგადაც, ვალენსიაში 30 წლამდე ახალგაზრდებისთვის ყველანაირი ტრანსპორტი უფასოა (მეტრო, ავტობუსი). მე ვიზით მივედი მეტროში და მომცეს ბარათი და ტრანსპორტში ფული არ მეხარჯება”.
მარიამი გვიყვება ე.წ მენტორინგის პროგრამაზეც, რაც გულისხმობს პირველკურსელთა დახმარებას, მაგალითად შენობის, აუდიტორიის პოვნაში, რომელი კაფეა კარგი, რომ სამეცადინო სივრცედ გამოიყენო, სად ღირს წასვლა და გართობა.
“მენტორინგის პროგრამაზე მეორეკურსელები ხდებიან პირველკურსელების მენტორები. ეს მოხალისეობრივი საქმიანობაა. მენტორის ძირითადი მიზანი მაინც ემოციური მხარდაჭერაა, მე, მაგალითად, ძალიან დამეხმარა ჩემი მენტორი, როცა ვწერდი, რომ მოწყენილი ვიყავი, სახლი მენატრებოდა და სხვა, გამოდიოდა და ერთად ვატარებდით დროს”.
“აქ ასევე არის ESN, ერასმუსის სტუდენტური გაერთიანება, რომელიც ხშირად გეგმავს აქტივობებს სტუდენტებისთვის. ერთხელ იყო შემთხვევა, როდესაც უნივერისტეტიდან წავედით მუზეუმში. როგორც ამბობენ, კოვიდ პანდემიამდე უფრო ხშირად იმართებოდა ერთობლივი ექსკურსიები”.
მარიამი გვიზიარებს თავის შთაბეჭდილებებს ესპანეთსა და პორტუგალიაზე. როგორც ის ამბობს, ესპანეთი განსაკუთრებით შოკისმომგვრელია რამდენიმე ფაქტის გამო.
“ესპანეთში ბანკი დღის 2 საათზე წყვეტს მუშაობას, რამაც ყველაზე მეტად გამაოცა. მქონდა შემთხვევა, როდესაც დოკუმენტების გასაკეთებლად ბანკში მივედი, რამდენიმე დღის შემდეგ მივაკითხე და მითხრეს, კადრი შვებულებაშიაო გასული. როგორც წესი, ამ დროს მას სხვა ვინმე ანაცვლებს, მაგრამ ესპანეთის შემთხვევაში ეს ასე არ ხდება.
“კვირა დღეს ყველაფერი დაკეტილია, მათ შორის დიდი მაღაზიები, მაგალითად მერკადონა. ამ დღეს მხოლოდ პატარა მაღაზიებია ღია, სადაც პროდუქტს სამმაგ ფასად ყიდიან. ზოგადად ესპანელები არიან ზარმაცები, უყვართ დალევა, დილიდან იწყებენ სმას, უყვართ კაფეებში ჯდომა, ლანჩი ყოველთვის გარეთ აქვთ, ეს მათი კულტურის ნაწილია.
“თითქოს ჰგვანან ესპანელები და პორტუგალიელები, მაგრამ პორტუგალილები ჩემთვის უფრო მეგობრულები არიან. კოიმბრა უფრო მიყვარს, რადგან სტუდენტური ქალაქია, არიან ერაზმუს პლიუსის პროგრამიდან ქართველებიც. სხვათაშორის, აქ არ აღიქმება ე.წ პორტუგალიური კულტურა, იმიტომ რომ მულტიკულტურული გარემოა.” – ამობს მარიამ პოპიაშვილი.
მარიამი, პორტუგალიაში მეორე სემსტრის დასრულების შემდეგ, ისევ ესპანეთში, ვალენსიის უნივერსიტეტში განაგრძობს სწავლას.
ავტორისგან: როდესაც მარიამს Zoom-ში ვესაუბრებოდი, ოთახში თავისი კურსელი გოგო შემოვიდა, რომელიც ინდონეზიიდან არის და ერაზმუს მუნდუსის პროგრამაში მხოლოდ მეხუთე ცდაზე, 35 წლის ასაკში, ჩაირიცხა. მე და მარიამი მაშინვე შევთანხმდით რომ ეს არის მაგალითი იმის, რომ მიზნის მიღწევას ცდა და შრომა არ უნდა დავაკლოთ.
ავტორი: მარიამ მერლანი