ერაზმუსის გაცვლითი პროგრამები – გზა ევროპისკენ
„უცხოეთში სწავლის შემდეგ ვარ უფრო თავდაჯერებული. უფრო მარტივად ვიღებ რთულ საკითხებზე გადაწყვეტილებებს. ამ გამოცდილებამ მასწავლა, რომ მუდმივად უნდა ვიშრომო, რათა პროფესიულად განვვითარდე და შევეცადო გამოვიყენო ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი“, – გვითხრა ნინი კახაძემ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის მე-4 კურსის სტუდენტმა.
ნინი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის – Erasmus+ Peers international credit mobility-ის ფარგლებში – პორტუგალიის უმაღლეს სასწავლებელში University of Aveiro-ში ეკონომიკის სასწავლებლად გაემგზავრა და იქ 2021 წლის ოქტომბრიდან 2022 წლის თებერვლამდე იმყოფებოდა.
ერაზმუსის გაცვლითი პროგრამები საქართველოში 1995 წლიდან ფუნქციონირებს და ამ დროიდან მოყოლებული ჩვენი ქვეყანა ჩართულია ყველა მიმდინარე აქტივობაში.
„მსოფლიოს მასშტაბით ამ პროგრამაში სულ 141 ქვეყანა მონაწილეობს. უნდა აღინიშნოს, რომ მობილობის კუთხით საქართველო ლიდერების ათეულშია და მეექვსე ადგილს იკავებს “, გვითხრა თათა ლორთქიფანიძემ Erasmus+ პროექტების კოორდინატორმა საქართველოს უნივერსიტეტში და საქართველოში ერაზმუსის ეროვნული ოფისის ყოფილმა მენეჯერმა.
ერაზმუსს ორი დიდი მიმართულება აქვს, ესენია მოკლევადიანი გაცვლითი და სრული სამაგისტრო პროგრამები. მოკლევადიანი პროგრამები საზრღვარგარეთ პროფესიულ მივლინებას უფინანსებს სტუდენტებს ერთი სემესტრის განმავლობაში, ხოლო უმაღლესი სასწავლებლების პერსონალს – ხუთი დღიდან ორ თვემდე პერიოდში.
ერაზმუსის გაცვლითი პროგრამები საქართველოს 46 უნივერსიტეტში მოქმედებს. 2015-2021 წლების სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ამ მხრივ ყველაზე აქტიურია ივანე ჯავახიშვილის სახელობის და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტები.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ Erasmus+ Credit Mobility სულ 141 ქვეყანაში ფუნქციონირებს, საქართველო კი ამ სიაში მეექვსე ადგილზეა. ამ პროგრამის ფარგლებში 2015 წელს საქართველოდან სასწავლებლად 695 სტუდენტი გავიდა, ხოლო 190 შემოვიდა. ბოლო განახლებული მონაცემებით, 2020 წელს საქართველოდან გასული სტუდენტების რაოდენობა 1754 გახლდათ, შემოსული კი 1134.
ევროკავშირი საქართველოში ინსტიტუციური განვითარების პროექტებსაც ახორციელებს.
„რაც საქართველოში ევროკავშირის დაფინანსებული პროგრამები ამოქმედდა, განხორციელდა სისტემური ცვლილებები. უნივერსიტეტებში მოწესრიგდა და შეიქმნა ლაბორატორიები, ბიბლიოთეკები, შევიდა აღჭურვილობები. ამიტომ ეს უნიკალური შესაძლებლობაა, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ აუცილებლად უნდა გამოიყენოს ევროპული მომავლის შესაქმნელად“, – ამბობს თათა ლორთქიფანიძე.
აკადემიური პერსონალის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ისინი უცხოეთში მიღებულ ცოდნას და პრაქტიკულ გამოცდილებას საქართველოში ამკვიდრებენ და ზრდიან ახალ თაობებს.
უნდა აღინიშნოს ერაზმუსის სტუდენტური გაერთიანების როლიც. Erasmus+ შეიქმნა 1987 წელს, ხოლო ერაზმუსის სტუდენტთა ქსელი / ESN დაარსდა 1989 წელს. ერაზმუსის რამდენიმე კურსდამთავრებულმა გადაწყვიტა, რომ დაეარსებინა მოხალისეობრივი სტუდენტური ორგანიზაცია, რომელიც იმუშავებდა ახალ მონაწილეებთან და გააძლიერებდა მათ.
„ESN საქართველოში შეიქმნა 2011 წელს და ამჟამად აქვს ერთი სექცია, რომელიც თბილისში მდებარეობს. ჩვენი მთავარი პრინციპი და სლოგანია „სტუდენტები ეხმარებიან სტუდენტებს“. ეს დახმარება არ მოიცავს მხოლოდ გასართობი აქტივობების მოწყობას ან მხოლოდ გაცნობითი შეხვედრების ჩატარებას, ჩვენი მთავარი მიზანია განათლება და ადვოკატირება“, – განაცხადა ჩვენთან საუბრისას ESN Tbilisi-ს პრეზიდენტმა მარიამ დანგაძემ.
ორგანიზაცია ატარებს საინფორმაციო შეხვედრებს, სადაც მოსწავლეებს საერთაშორისო სტუდენტებიც ხვდებიან და უზიარებენ თავიანთ გამოცდილებას, რატომ გადაწყვიტეს საქართველოში ჩამოსვლა, როგორია მათი ქვეყანა და ა.შ.
ერაზმუსის პროგრამით საზღვარგარეთ ნამყოფი ქართველი სტუდენტები საკუთარ გამოცდილებაზე საუბრისას აღნიშნავენ, რომ ამ გამოცდილებამ დადებითი როლი შეასრულა მათ პიროვნული და პროფესიული განვითარებისათვის. ის სირთულეებიც კი, რისი გადალხვაც სხვა ქვეყანაში ჩასულ სტუდენტებს მოუხდათ, საბოლოო ჯამში, სასიკეთო აღმოჩნდა.
ნინი კახიძე, რომლის ისტორიაც სტატიის დასაწყისში შემოგთავაზეთ, ამბობს, რომ არაერთ გამოწვევას გადააწყდა, მათ შორის იყო საგნების შეუსაბამობა მიმღებ უნივერსიტეტთან, ენობრივი ბარიერები, ადმინისტრაციული საკითხები საცხოვრებლის პოვნის, ბანკის ანგარიშის გახსნის, გადაადგილების საკითხები.
„ახალი წლის არდადეგებზე სხვა ქვეყანაში ვიმოგზაურე, როდესაც დავბრუნდი პორტუგალიაში, აღმოჩნდა რომ შაბათ-კვირას არანაირი ტრანსპორტი არ მიდიოდა აეროპორტიდან იმ ქალაქში, სადაც ვცხოვრობდი. გვიანი საღამო იყო, დასარჩენიც არ მქონდა. გამახსენდა აპლიკაცია BlaBlacar, სადაც უცხო ადმიანები წერენ თავიანთი მარშრუტის შესახებ და ეხმარებიან გადაადგილებაში. რა თქმა უნდა, ასეთი გამოცდილება ჩემთვის უცხო იყო, შევშინდი. თუმცა თავგადასავლების და სიახლის ძიებაში გავიცანი ძალიან კარგი ადამიანი, რომელმაც სახლამდე მიმიყვანა. ეს თავგადასავალი ყოველთვის განსაკუთრებულად მახსენდება“, – აღნიშნავს ნინი.
ვერიკო კუპრავა, ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ბაკალავრი, ბიზნესის ადმინისტრირება – მენეჯმენტი, იხსენებს იმ სირთულეებს, რასაც გერმანიაში გაცვლითი სემესტრით ყოფნისას წააყდა.
„გერმანია ცნობილია ბიუროკრატიით, ბევრი ქაღალდით, ბევრი დოკუმენტითა თუ საფოსტო წერილით. ჩემთვის ცოტა უცხო იყო ეს ყოველივე. თავიდან გამიჭირდა ალღოს აღება, თუმცა შემდეგ შევეჩვიე. ყველგან წინასწარ ვრეკავდი, წინასწარ ვჯავშნიდი, ვაგროვებდი წერილებს და გულდასმით ვკითხულობდი. რაღაცნაირად ავეწყვე გერმანულ რითმს“.
ვერიკო გაცვლითი პროგრამით 2020 წლის სექტემბერში გერმანიაში, კერძოდ, კობლენცის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტში იმყოფებოდა, სადაც მეოთხე კურსის პირველი სემესტრი გაიარა.
„ცოტა უცნაური ისტორია გამახსენდა. მე, ჩემი ბრაზილიელი, აზერბაიჯანელი და ალბანელი მეგობრები შევიკრიბეთ ერთ საღამოს. ვსაუბრობდით და უცებ რაღაც ითქვა, რაზეც გავიხუმრე და ხეზე დავაკაკუნე. მერე კი ახსნა მინდოდა, ეს ცრურწმენა საქართველოში რას ნიშნავს, მაგრამ თავად მითხრეს, რომ მათ კულტურაშიც არის ასეთი რამ. სასიამოვნოა, როცა ერთობას და მსგავსებას გრძნობ უცხო ადამიანებთან. ხვდები, რომ დიდი და მრავალფეროვანი, თუმცა საერთოა ჩვენი დედამიწა“, – იხსენებს ვერიკო.
სტუდენტი გაცვლით პროგრამებში მონაწილეობით იღებს არა მხოლოდ ცოდნას, არამედ აგროვებს პიროვნულ გამოცდილებას, იწყებს დამოუკიდებელ ცხოვრებას, ეზიარება ახალ კულტურას, ეჩვევა უცხო გარემოს. ერაზმუსის სლოგანია „Opening Mind”, რაც გულისხმობს თვალსაწიერის გაფართოებას და მსოფლმხედველობის გამრავალფეროვნებას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ერაზმუსის გაცვლითი პროგრამები ადამიანების პროფესიულ განვითარების მიზანზე უფრო დიდ მიზანს ემსახურება.
ასეთი სტუდენტების ერთობლიობა, თავის მხრივ, ზრდის საზოგადოებაში განათლების დონეს, სამოქალაქო თვითშეგნებას, სოციალურ პასუხისმგებლობას და ქვეყანა იწყებს განვითარებას კულტურულ დონეზე. ეს ჯაჭვური პროცესია, რომელიც წლების განმავლობაში იხვეწება და აისახება საზოგადოების ცხოვრებაზე.