სკოლამდელი აღზრდის მიღმა დარჩენილი ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ბავშვები – როგორ ეხმრება მათ სახელმწიფო?
საქართველოში მაცხოვრებელი ბავშვების 6.2%, სხვადასხვა ხელისშემშლელი პირობების გამო ვერ დადის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში -ასეთია 2023 წელს გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ საქართველოში ბავშვთა კეთილდღეობის შესახებ ჩატარებული კვლევის ერთ-
ერთი მთავარი მიგნება.
სკოლამდელი განათლების მიღების უფლება კონსტიტუციით არის გათვალისწინებული. კანონი სკოლამდელი აღზრდის ხელმისაწვდომობაზე 2016 წელს დამტკიცდა და კანონში განმარტებულია, რომ სკოლანდელი განათლება უნდა იყოს საყოველთაო.
2022 წლის მონაცემებით, საქართველოში 20-ით გაიზარდა და სულ ფუნქციონირებდა 1 668 ადრეული და სკოლამდელი განათლების დაწესებულება, სადაც სულ 148 658 აღსაზრდელი ირიცხებოდა, მიუხედავად ამისა, როგორც სახალხო დამცველის ბოლო 2022 წლის ანგარიშშია
წარმოდგენილი, იკვეთება, როგორც ინფრასტრუქტურულ-ფიზიკური, ისე გეოგრაფიული მისაწვდომობის პრობლემებიც. კვლავ დგას ადამიანური რესურსების გაძლიერების საჭიროება.
ხარისხიანი ადრეული და სკოლამდელი განათლების მიღებასთან დაკავშირებული გამოწვევები, ტერიტორიული მისაწვდომობა, ბილინგვური განათლების სიმცირე და შესაბამისი კადრების ნაკლებობა განსაკუთრებით საყურადღებოა ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელი ბავშვებისთვის.
საქსტატის 2022-2023 წლის მონაცემებით ბოლნისის მუნიციპალიტეტში სულ 18 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება ფუნქციონირებს, რომელშიც 1244 აღსაზრდელი ირიცხება, ხოლო 114 პედაგოგ-აღმზრდელი და მათი დამხმარეა დასაქმებული. როგორც ლელა გოგმაჩიძემ, ბოლნისის სკოლამდელი აღზრდისა და მეთოდური კოორდინაციის დაწესებულების ხელმძღვანელმა
ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, ბოლნისში მდებარე არცერთ აზერბაიჯანულ სოფელში არ არის საბავშვო ბაღი:
”დაინტერესება და მოთხოვნა აზერბაიჯანელი მოსახლეობის მხრიდან, რა თქმა უნდა არის. ისეთი სოფლებიდან, რომელიც ახლოს მდებარეობს იმ რაიონებთან, სადაც ბაღებია, ხდება ბავშვების ტრანსპორტირება, მაგრამ არის სოფლები ,რომლებიც ძალიანაა დაშორებული და ვერ ხერხდება ბავშების მოყვანა. ტრანსპორტი ემსახურება მხოლოდ ერთ აზერბაიჯანულ სოფელს, ვანათს, საიდანაც მუნიციპალური ტრანსპორტით მოჰყავთ ბავშვები.” – ამბობს ლელა გოგმაჩიძე.
ბოლნისში გარდა ბაღების რაოდენობის სიმცირისა, ბილინგვური განათლებაც დიდი პრობლემაა. იმ ბაღებში, სადაც აზერბაიჯანელი ბავშვები დადიან, არ ჰყავთ არცერთი აზერბაიჯანულად მოსაუბრე აღმზრდელი, სწავლებაც მთლიანად ქართულ ენაზე მიმდინარეობს, რაც საწყის ეტაპზე სტრესულია ბავშვისთვის.
ბაღების სიმცირისა და აღსაზრდელების სიმრავლიდან გამომდინარე, ბოლნისში რამდენიმე სოფელში სასკოლო მზაობის ჯგუფები სკოლის შენობაშია გახსნილი, ანუ 5-6 წლის ბავშვები გადიან 3 საათიან სასკოლო მზაობის პროგრამას:
”იმ ჯგუფებში, რომლებიც სკოლებში გვაქვს გახსნილი, სასკოლო მზაობისთვის ვცდილობთ ძიძა მაინც გვყავდეს აზერბაიჯანელი, ან ენა მაინც იცოდეს, რომ კომუნიკაცია ელემენტარულ დონეზე შესაძლებელი იყოს”, – ამბობს ლელა გოგმაჩიძე.
ბოლნსის მუნიციპალიტეტის განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების უფროსმა, გიორგი საცკოვმა გვაცნობა, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს 5 დღის ცენტრი, რომელიც მდებარეობს დაბა კაზრეთში, სოფელ ქვემო ბოლნისში, სოფელ ნახიდურში, სოფელ ტალავერში და სოფელ დარბაზში, რომელიც ეხმარება აღსაზრდელებს სკოლამდელი განათლების მიღებაში. ასევე, მომართვიანობის არსებობის შემთხვევაში განიხილება იმ ლოკაციებზე მსგავსი დღის ცენტრების გახსნა, სადაც ამის საჭიროება დადგება.
გარდა ამისა გიორგი საცკოვმა აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ინიციირებული და დამტკიცებულია სამთავრობო პროგრამა, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციას ითვალისწინებს.
„მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების აშენებისა და უკვე არსებულის რეაბილიტაციის გეგმა ჯერ კიდევ გასდული წლის აგვისტოში შემუშავდა. პროგრამის შესახებ გაჟღერდა თუ არა ინფორმაცია, ცენტრალურ მთავრობასთან კომუნიკაციის შედეგად დაზუსტდა იმ დასახლებების ჩამონათვალი, სადაც ახალი ბაღები აშენდება და უკვე არსებული შენობების თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი რეაბილიტაცია განხორციელდება. ბოლნისის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამა მთელი ქვეყნის მასშტაბით 2023 წლის 1 იანვრიდან იწყება. პროექტი სამ ეტაპად განხორციელდება და მისი ღირებულება 1 მილიარდ 300 მილიონი ლარი იქნება.“ – გიორგი საცკოვი.
გარდა ზემოთ აღნიშნული საკითხებისა, გიორგი საცკოვმ ასევე გვითხრა რომ ბოლნისის საბავშო ბაგა ბაღებში სწავლის პროცესი ქართულ ენაზე მიმდინარეობს და ყველა საჭირო მასალა აღსაზრდელებს მიეწოდება ქართულ ენაზე. ისეთ საკითხებზე საუბრისას, რომლებიც ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი აღსაზრდელების პრობლემებს შეეხება, გიორგი საცკოვმა კომენტარი არ გააკეთა.
როგორც სკოლამდელის აღზრდის ექსპერტი ოლგა მუსხელიშვილი აღნიშნავს, სკოლამდელი განათლების მიღება ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელებისთვის განსაკუთრებით საჭიროა, რადგან ადამიანის ყველა უნარს აქვს განვითარების სენსიტიური პერიოდი. მაგალითად, ისეთ უნარს, როგორიც მეტყველებაა, ბავშვი 6 წლამდე ასაკში ინვითარებს.
“როცა დადგება უნარის განვითარების სენსიტიური პერიოდი, ჩვენ თუ ბავშვს არ მივეცით ამ უნარის განვითარების საშუალება, შეიძლება ეს უნარი საერთოდ აღარ განვითარდეს. იქ, სადაც არაქართულეროვანი მოსახლეობაა, ხალხმა არ იცის ქართული, სწორედ ბაღში სწავლებას მივყავართ იმ პერიოდამდე, რასაც მეტყველების განვითარების სენსიტიური პერიოდი ჰქვია”. – ოლღა მუსხელიშვილი.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტიც მსგავსი პრობლემების წინაშე დგას . საქსტატის 2022-2023 წლის მონაცემებით მუნიციპალიტეტში სულ 12 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაა, რომელშიც 854 აღსაზრდელი ირიცხება და დასაქმებულია 99 აღმზრდელ-პედაგოგი (დამხამრეების ჩათვლით).
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში სკოლამდელი განათლების დაწესებულებები, მხოლოდ 10 დასახლებაშია, დანარჩენ 21 დასახლებაში კი გართულებულია წვდომა სკოლამდელ განათლებაზე. როგორც ტიგრან ტარზიანმა, გაერთიანება “ახალგაზრდები დემოკრატიული საქართველოსთვის” დამფუძნებელმა და ნინოწმინდის მოსახლემ აღნიშნა, მიუხედავად ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში არსებული ბაღების რაოდენობის სიმცირისა, აქ მთავარ პრობლემას მაინც კვალიფიციური კადრების სიმცირე და ბავშვთა ტრანსპორტირება წარმოადგენს.
“ნინოწმინდის მუნიციპილატეტში 10 სასოფლო თემია და ყველა თემში 1 ან 2 საბავშვო ბაღია. ტრანსპორტირებას ბაღში უზრუნველყოფენ მათი მშობლები. ყველა სოფლიდან არ დადინ ბავშვები ბაღში, რადგან ყველა მშობელი არ აქვს იმდენი საშუალება, რათა გზის ხარჯები დაფაროს ან პირადი მანქანი ჰყავდეს.” – ტიგრან ტარზიანი.
ბოლნისისაგან განსხვავებით ნინოწმინდაში სწავლება ქართული ენის ნაცვლად სომხურ ენაზე მიმდინარეობს. მიუხედავად იმისა, რომ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ბაღებში წელს ქართული ენის შესწავლა დაამატეს, როგორც ტიგრან ტარზიანი აღნიშნავს ,ამის შედეგს ჯერჯერობით ვერ ხედავს, რადგან სახელმწიფოს არ ესმის ბილინგვური სწავლის მნიშვნელობა.
“ბოლო წელს დაამატეს ქართული, სადაც ბილინგვური ენის მასწავლებლები მუშაობენ, მაგრამ აქაც გვაქვს პრობლემა ალბათ სახელმწიფოს არ ესმის ბილინგვური სწავლის მნიშვნელობა და დატრენინგებული მასწავლებლები დაასაქმა საპილოტე წესით ბაღებში, შედეგი ჯერჯერობით არაა.” – ტიგრან ტარზიანი
ავტორი: სალომე კაიშაური