სქესობრივი განათლება სკოლებში – სწავლობენ მოზარდებიც და მშობლებიც

“სექსუალური განათლების სკოლებში სწავლების თემას დიდი ტაბუ ადევს, მე პირადად, ამ პრობლემასთან ბრძოლას დავიწყებდი იმით, რომ მშობლებს და თემის სპეციალისტებს ერთმანეთს შევახვედრებდი, ისინი ისაუბრებდნენ სექსუალური განათლების არსზე, მნიშვნელობასა და თემატიკაზე. მშობლებთან საუბარი დაამსხვრევდა სტერეოტიპებს და გააქარწყლებდა მათ შიშს.” – მაია ცირამუა, ფსიქოლოგი, ექსპერტი და ტრენერი ბავშვთა და მოზარდთა საკითხებში.

ფსიქოლოგის აზრით

ცირამუას აზრით, საზოგადოება არ ფლობს სწორ ინფორმაციას თუ რეალურად რას გულისხმობს სექსუალური განათლება და რატომ არის საჭირო სკოლებში მისი სწავლება. სექსუალური განათლება მოიცავს ისეთ თემებს, როგორიც არის რეპროდუქციული ჯანმრთელობა, ადამიანის სხეული და მისი განვითარება, ჰიგიენა, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების პრევენცია, რა არის საკუთარი სხეულის თვითაღქმა, სექსუალობა და უფლებები, კომუნიკაცია რომანტიული ურთიერთობების დროს, საპრევენციო კომუნიკაცია, რომელიც მნიშვნელოვანია სექსუალური შევიწროების თავიდან ასაცილებლად.

“სექსუალური განათლება გულისხმობს, რომ ბავშვს მის სქესთან და სექსუალობასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ მისი ასაკის შესაბამისი ინფორმაცია უნდა მიეწოდოს.” – ამბობს მაია ცირამუა. 

როგორც ფსიქოლოგი ამბობს, ბავშვთან საუბარი პუბერტატულ ანუ გარდატეხის ასაკში კი არ უნდა დავიწყოთ, არამედ -მანამდე. განსაზღვრული უნდა იყოს როგორ ვესაუბროთ 3,4,5 წლის ბავშვებს და ეს მათი განვითარების ნაწილი უნდა იყოს”.

“10 წლიდან ჰუბერტატის ასაკამდე ხდება ბავშვების დაყოფა ჰომოგენურ ჯგუფებად, ბიჭები ცალკე, გოგონები ცალკე, მათ შორის გარკვეული აგრესია და დაძაბულობა ჩნდება საპირისპირო სქესის მიმართ, 8,9,10 წლამე ბავშვებს უჩნდებათ ინტერესი სქესთაშორის ურთიერთობაზე, სწორედ ამ დროს არის მნიშვნელოვანი საუბარი, რომ გაიგონ რატომ არის მათთვის გამაღიზიანებელი თანატოლთან ურთიერთობა, რატომ მოდის წინა პლანზე მასკულინური და გენდერისთვის დამახასიათებელი ნიშნების ხაზგასმა” –  ამბობს მაია ცირამუა. 

მისი აზრით, სკოლა ბავშვებს საშუალებას უნდა აძლევდეს მიიღონ ასაკის შესაბამისი ინფორმაცია, რაც ბავშვებს ემოციების მართვაში დაეხმარება და ხელს შეუწყობს სასკოლო სივრცეში გენდერული ნიშნით ბულინგის პრევენციას. სხვა შემთხვევაში, ბავშვმა ინფორმაცია შესაძლოა სხვა წყაროებიდან მოიძიოს და ეს იყოს დამახინჯებული და არასწორი ინფორმაცია.

“გარდატეხის ასაკს ბევრი გამოწვევა ახლავს, მაგალითად გოგონები ამ ასაკში ძალიან მოწყვლადები არიან, მათ ეცვლებათ საკუთარ სხულთან დამოკიდებულება. როცა სხეულის ფორმები იცვლება, ხდება წონაში მატება ან სარძევე ჯირკვლების განვითარება, ეს ცვლილებები მათზე მძიმედ აისახება და მკაცრად იწყებენ საკუთარი გარეგნობის კონტროლს, ხშირად სწორედ ეს ხდება კვებითი აშლილობის წინაპირობა” – ამბობს ფსიქოლოგი მაია ცირამუა.

ფსიქოლოგი აღნიშნავს იმასაც, რომ სექსუალური განათლების ერთ-ერთი მიზანია, ბავშვმა იცოდეს, რამდენად დამაზიანებელი შეიძლება იყოს მისთვის ნაადრევი ფეხმძიმობა, როგორც ფიზიკურად ისე – ემოციურად. 

როგორც ფსიქოლოგი მაია ცირამუა ამბობს, საზოგადოების და მათ შორის მშობლების, ძირითადი შიში არის ის, რომ თუ ბავშვებს ფიზიკურ კონტაქტზე ვესაუბრებით, მათში ეს ინტერესს აღძრავს, რაც არ არის სწორი. თუ ბავშვების ინტერესებს მშბელი და სკოლა არ დააკმაყოფილებს, ეს შესაძლოა სექსუალურმა მოძალადემ გააკეთოს. გავრცელებული პრაქტიკის მიხედვით ერთ-ერთი ხერხი, რასაც სექსუალური მოძალადეები იყენებენ არასრულწლოვნებში სექსუალური ცხოვრების მიმართ აღძრული ინტერესია.

“მშობლემა უნდა იცოდნენ როგორც ბავშვის, ასევე  მოძალადის, რომელიც ხშირად ბავშვის წრიდან არის, რა ტიპის ქცევებებს უნდა მიაქციონ ყურადღება. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი მშობლებთან შეხვედრა და ამ თემაზე მათთან კომუნიკაცია. ეს იქნება პირველი ნაბიჯი, რომ შეგვემუშავებინა კურიკულუმი, რომელიც შესაძლოა გამხდარიყო სასკოლო ნაწილი, როგორც სკოლის მოსწავლეებისთვის, ასევე მშობლებისთვის. საჭირო და მნიშვნელოვანია ამ ნაბიჯის პილოტირება” – ამბობს მაია ცირამუა. 

ცირამუას აზრით, სექსუალური განათლების სკოლებში სწავლება კომბინირებული უნდა იყოს, რაც გულისხმობს როგორც ცალ-ცალკე (გოგოებთან ცალკე, ბიჭებთან – ცალკე), ასევე ერთობლივ სესიებს.

“მაგალითად ბიჭებმა უნდა იცოდნენ რა არის მენსტრუაცია, როგორი სენსიტიურია ეს გოგონებისთვის, რომ ეს არ უნდა იყოს ზიზღის და აგრესიის გამომწვევი. ასევე, გოგოებმა ალბათ უნდა იცოდნენ რა არის პოლუცია და რა გამოწვევების წინაშე არიან ბიჭები გარდატეხის პერიოდიში. მთავარია რომ სწავლების ნება გაჩნდეს, შემდეგ კი, ყველაფერი უკვე მოქნილობაზეა დამოკიდებული” – აღნიშნავს მაია ცირამუა.

მშობელთა და სახელმწიფოს თავშეკავების გარდა, კიდევ ერთი უმთავრესი პრობლემა, რაც სკოლებში სქესობრივი განათლების შეტანას აფერხებს, პედაგოგთა დეფიციტია.

“ფიზიკურად არ გვყავს იმდენი სპეციალისტი, რამდენი სკოლაც არის საქართველოში, ამიტომ უფრო რეალური ვარიანტია, მოხდეს ბიოლოგიის ან სამოქალაქო განათლების მასწავლებლების გადამზადება. ყველა სკოლაში უნდა არსებობდეს მინიმუმ ერთი ასეთი პედაგოგი”. – მიაჩნია ცირამუას.

რას ამბობს სტატისტიკა და სხვა ქვეყნების გამოცდილება

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2015 – 2021 წლებში აბორტების (მათ შორის არასრულწლოვანთა) სტატისტიკა ასეთია:

წყარო: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას  (WHO – World Health Organization) და BZgA -ს (The Federal Centre for Health Education) შემუშავებული აქვს სასწავლო გეგმა ევროპაში სექსუალური განათლების სკოლებში სწავლებისთვის, სადაც ასაკის მიხედვით არის განსაზღვრული თუ სექსუალური განათლების რომელ თემაზე ვესაუბროთ კონკრეტული ასაკის ბავშვებს.

მაგალითად,ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გაწერილ სასწავლო გეგმაში 4-6 და 6-9 წლამდე ბავშვებს უნდა ვესაუბროთ თემებზე: ადამიანის სხეულის აგებულება და განვითარება, სხეულის ჰიგიენა, ემოციები,უფლებები, რეპროდუქცია, სექსუალობა. რა თქმა უნდა, როგორც სასწავლო გეგმაში ჩანს, ინფორმაცია, რომელსაც ზემოთ ჩამოთვლილი თემებზე გავცემთ, მით უფრო სიღრმისეული ხდება, რაც უფრო იმატებს ბავშვის ასაკი.

სასწავლო გეგმა უფრო დეტალურად შეგიძლიათ იხილოთ ლინკზე: https://www.bzga-whocc.de/en/publications/standards-for-sexuality-education/ (გვერდი: 39 … 52)

ქართული რეალობა

ამჟამად არსებულ საქართველოს ეროვნულ სასწავლო გეგმაში, სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის, ასევე ჯანსაღი ცხოვრების თემები ისწავლება რამდენიმე საგნის ფარგლებში, ესენია:

  • ბუნებისმეტყველება (1 და მე-4 კლასი)
  • მე და საზოგადოება (მე-3-მე-4 კლასი)
  • ჩემი საქართველო (მე-5-მე-6 კლასი)
  • ბიოლოგია (მე-7,მე-8,მე-9 კლასი)
  • მოქალაქეობა (მე-7,მე-8,მე-9 კლასი)
  • ფიზიკური აქტივობა და სპორტი (1-6 კლასები)

“წიგნში შეიძლება ზოგი საკითხი ჩაშლილად და ვრცლად არ წერია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მასწავლებელმა, მოსწავლის ინტერესის შემთხვევაში, არ უნდა აუხსნას და არ გასცეს მეტ ინფორმაცია ამ თემებზე,მე მაგალითად ასე ვაკეთებ.”- ამბობს ხათუნა გოგალაძე, ასოციაცია “ბიოს” დამფუძნებელი, რომელიც 17 წელია ბიოლოგიის მასწავლებელია.

როგორც ხათუნა გოგოლაძე ამბობს, ბავშვები მასთან თამამად სვამენ კითხვებს და ისიც, მასწავლებლის კომპეტენციის ფარგლებში, მათ კითხვებს პასუხობს ისე, რომ თავისი აზრი არ მოახვიოს მოსწავლეებს.

“მყოლია კლასი, რომელთანაც სიღრმისეულად განმიხილავს კონკრეტული თემა, თუმცა მყოლია კლასი, რომელთაც სურვილი არ ჰქონიათ და ეს ინფორმაცია მათში გაღიზიანებას იწვევდა, ამიტომ უნდა იცოდე როგორ ესაუბრო მათ”.

ხათუნა გოგოლაძე იხსენებს შემთხვევებს, როდესაც მე-6 და მე-7 კლასელებთან “შავი ყუთის” პრინციპი გამოიყენა.

“იშვიათ შემთხვევაში, თუმცა, მქონია შემთხვევა, როდესაც მოსწავლეები ვერ ბედავდნენ კითხვების დასმას, ამიტომ ამ დროს ვიყენებ “შავ ყუთს”, სადაც მოსწავლეები ფურცელზე დაწერილ კითხვებს ყრიან და შემდგომ მე ვპასუხობ”.

როგორც ხათუნა ამბობს, “სამოქალაქო განათლებაში” ან “მე და საზოგადოებაში” რაც ისწავლება, კარგად არის განაწილებული და სხვა დამატებითი თემების შესახებ ინფორმაცია მოსწავლეებმა მასწავლებლისგან უნდა მოისმინონ და არა სხვა გარეშე პირისგან.

“არ ვარ დარწმუნებული რომ სხვა (მაგალითად არასამთავრობო ორგანიზაცია) მოსწავლეებს სწორად და კარგად მიაწვდის ინფორმაციას, ამიტომ მოსწავლეებმა სექსუალური განათლების თემები საგნის ფარგლებში, სპეციალისტი პედაგოგებისგან უნდა ისწავლონ”.

საინტერესოა, რას ფიქრობენ თავად მშობლები, როგორც ჩემმა გამოკითხვებმა აჩვენა, მშობლების იმ ნაწილს, რომელიც წინააღმდეგია სკოლებში სექსუალური განთლების დანერგვის, ძირითადად ერთი სახის შეხედულებები აქვთ. მაგალითად “სექსუალური განათლების სკოლებში სწავლება რელიგიას ეწინააღმდეგება”, “სექსუალური განათლება ნიშნავს “სექს პოზების” სწავლას”, “ყველა საჭირო ინფორმაციას თავად გაიგებს ადამიანი, როცა გაიზრდება” და ა.შ

რა თქმა უნდა, არიან მშობლები, რომლებიც მიესალმებიან მსგავს ინიციატივას. რამდენიმე მოზარდის მშობლის აზრიც, მათი ვინაობის გაუმხელელობის პირობით, მოვიპოვეთ.

“ძმა მყავს სკოლის მოსწავლე, თუმცა, როგორც მომავალი მშობელი ვისურვებდი, რომ სქესობრივი განათლება სკოლებში ისწავლებოდეს. ვფიქრობ ამ თემაზე საუბარი გარდატეხის პერიოდიდან უნდა იწყებოდეს, რადგან ამ დროს უფრო შემზადებულია ბავშვის ფსიქიკა. ვამჯობინებ, რომ მასწავლებლის მაგივრად ამ თემაზე ბავშვებს ექიმი ესაუბროს, რომელსაც ფსიქოლოგიის კვალიფიკაციაც ექნება, ეს დაეხმარება ბავშვებს მათთვის უფრო მარტივად მიაწოდოს ინფორმაცია. გარდა ამისა, სასურველია რომ გოგოებს და ბიჭებს არა ცალ-ცალკე, არამედ ერთად ესაუბრონ ამ თემაზე, რათა ტაბუ აღარ ედოს ამ საკითხს“ – თ.ხ, 27 წლის.

“ჩემი გოგო მე-6 კლასშია, ბიჭი მე-3, კიდევ მყავს პატარა, რომელიც 5 წლის არის. ყველა მათგანს შესაბამისად ვესაუბრები, მაგალითად, ხელის მოკიდება სხვისგან არ შეიძლება, სხეულის ნაწილების ჩვენება, ვუხსნი მიზეზს და იმას, რომ თუ მსგავსი რამ ჩემთან უნდა მოვიდნენ შიშის გარეშე. ასაკის შესაბამისად შეიძლება მინიმალური ინფორმაციის მიწოდება. სწორედ, ასეთ პატრა ასაკში არიან ძირითადად ბავშვები ძალადობის მსხვერპლნი, ისე რომ , ვერ იგებენ და ვერ ხვდებიან, თან ყოველთვის ან უმეტესად ოჯახის წევრების ან მეზობლებისგან. აუცილებელია თავად მასწავლებელი იყოს მცოდნე და თავად იაზრებდეს რას ასწავლის. სწავლება, შესაძლოა, სულაც არ იყოს ცალკე საგანი, არამედ ჰქონდეს ყოველკვირეული საინფორმაციო შეხვედრის ხასიათი.“ – ქ.უ, 28 წლის.

“წესით, სექსუალური განათლება ადრეული ბავშვობიდან ოჯახიდან უნდა მომდინარეობდეს, ასაკის შესაბამისად. პირველი შეკითხვა, რასაც ბავშვები სვამენ, სწორედ ისაა, თუ როგორ ჩნდებიან ბავშვები, რაზეც ბევრმა მშობელმა არ იცის, რა უპასუხოს და ბავშვს უწყრება და უხეშად პასუხობს, რაც ბავშვისათვის სტრესულია. იგი ხომ ვერ აცნობიერებს, რა დააშავა და ასეთი ცუდი რა იკითხა. მშობლების უმრავლესობას თავად არ აქვს სექსუალური განათლება და სექსი სამარცხვინო და გარყვნილი ქმედება ჰგონია, ამიტომ სასურველია, სკოლებში დაინერგოს სექსუალური განათლება რასაკვირველია, ასაკის შესაბამისად.” – ნ.ა, 33 წლის.

საბოლოო ჯამში, როგორც ფსიქოლოგები და სექსოლოგები თანხმდებიან, სქესობრივი განათლება არის გზა თავიდან ავიცილოთ და შევამციროთ სექსუალური ძალადობის შემთხვევები, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები, ნაადრევი ქორწინება და აბორტი არასრულწლოვნებში.

ავტორი: მარიამ მერლანი

Similar Posts