ფსიქოლოგის საჭიროება სკოლაში: გამოწვევები, ვითარება, საჭიროება
რა სჭირდება სკოლას ეფექტური, ჯანსაღი ფუნქციონირებისა და განვითარებისთვის?
კვალიფიციური მასწალებლები, დახვეწილი მეთოდები, მუდმივი კომუნიკაცია მშობლებთან და კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც ჯანსაღი გარემოს არსებობას განაპირობებს, სკოლაში ფსიქოლოგის კაბინეტის არსებობაა. ფსიქოლოგის, რომელიც ბავშვისა თუ მოზარდის სწორ ფსიქიკურ განვითარებას დააკვირდება, მუდმივ მზადყოფნაში იქნება ასაკთან დაკავშირებული პრობლემების განსაზღვრისა და მოგვარების საკითხში, იქნება კონტაქტზე მშობელსა და მასწავლებელთან.
საქართველოში სკოლის ფსიქოლოგების საჭიროების შესახებ საქართველოს განათლების ფსიქოლოგთა ასოციაციის თავმჯდომარეს, პროფესორ ნატა ასათიანს ვესაუბრეთ, მან საკითხის ირგვლივ არსებული საგულისხმო დეტალები, ძირითადი პრობლემები გაგვაცნო:
“წინა წლებთან შედარებით სკოლებში ფსიქოლოგის საჭიროებასთან დაკავშირებით დამოკიდებულება არის შეცვლილი. კერძოდ, მოიტანა საჭიროება და რეალურად სკოლის ადმინისტრაციებიც აცნობიერებენ სკოლაში ფსიქოლოგის არსებობის მნიშვნელობას საჭიროებას და მიმართვიანობაც გაიზარდ, აქედან გამომდინარე. ცნობიერების ამაღლებას ხელი შეუწყო როგორც მედიამ, ისე – სახელმწიფო უწყებებმა. გამომდინარე იქიდან, რომ აქტუალურია ბოლო პერიოდში ფსიქოლოგების მხარდამჭერ მექანიზმებზე საუბარი. მიმართვიანობა არის გაზრდილი და უკეთესობაა, ვიდრე წინა წლებში. თუმცა, საქართველოში თუ საჯარო სკოლებს შევეხებით, ვერანაირ გამოწვევას ვერ პასუხობს მათი მდგომარეობა. ძალიან იშვიათ შემთხვევებში აქვთ სკოლაში ფუფუნება, რომ ჰყავდეთ ფსიქოლოგი”. – ამბობს ნატა ასათიანი.
ნატა ასათიანი საჯარო სკოლებში ფსიქოლოგების სიმცირის მიზეზად ანაზღაურებას ასახელებს:
“სკოლებს აქვთ მწირი დაფინანსება და არასაკმარისი ბიუჯეტი, რომ ჰყავდეთ კვალიფიციური ფსიქოლოგი მათ შტატში დასაქმებული. ცხადია, მანდატურის სამსახურთან არსებული ფსიქოლოგირი ცენტრი ძალიან ღირებულია და მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. სკოლებში უნდა იყვნენ ფსიქოლოგები, თუ ჩვენ გვინდა რეალურ მხარდაჭერაზე ვიფიქროთ და ვილაპარაკოთ”.
წინ გადადგმულ ნაბიჯებთან ერთად გაზრდილია იმ პრობლემების სპექტრი, რომელიც ბავშვებსა და მოზარდებს სკოლის ასაკში აწუხებთ.
“ტექნოლოგიების განვითარება, სოციალური მედიის ხანაში ცხოვრება, რა თქმა უნდა, დიდი უპირატესობაც არის ჩვენთვის, ისევე როგორც – გამოწვევა. უპირველეს ყოვლისა, გამოწვევად ინტერნეტიზაციას, ტექნოლოგიების ხშირ გამოყენებას ასახელებენ განვითარების ფსიქოლოგები. სოციალური უნარების განვითარების კონტექსტში ბავშვებს ხშირ შემთხვევაში ექმნებათ პრობლემა, როცა ჭარბი რაოდენობით იყენებენ ყოველდღიურად გაჯეტებს. ამას ემატება ისიც, რომ სოციალური ქსელი ძალიან კარგი ნიადაგია აგრესიის გამოვლენის, ბულინგის ფაქტების და ცხადია, რომ ამ თვალსაზრისით რამდენადაც ბევრი პლუსი აქვს ტექნოლოგიების განვითარებას და გამოყენებას, მით მეტი სიფრთხილე გვმართებს”– აღნიშნავს ნატა ასათიანი.
თუ რა კონკრეტული პრობლემები ვლინდება სასკოლო ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში, ამასთან დაკავშირებით ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგს, რუსუდან სტურუას გავესაუბრეთ. ჩვენთან საუბარში მან ყურადღება გაამახვილა მომართვიანობის დონესა და სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიების მოზარდების პრობლემებზე.
“დაწყებით კლასებში ძირითადად არის ხოლმე ხან სწავლის სირთულეები, ხან კონცენტრაციის პრობლემები, ჰიპერაქტიურობა – ეს ძალიან ხშირია ხოლმე. არის,ასევე,ბულინგის შემთხვევები და ქცევის პრობლემები. მოზარდების ასაკიდან პრობლემების სპექტრი უფრო ფართოა. აქაც არის ხოლმე ბულინგის თემები, ისევე, როგორც კონცეტრაციის, მაგრამ ამ შემთხვევაში, მოტივაციას უფრო ეხება საკითხები, სხვა თემები არის წამყვანი, პიროვნული თემები, რაც მერე გავლენას ახდენს აკადემიურ ნაწილზეც”. – აღნიშნავს რუსუდან სტურუა.
როგორც ფსიქოლოგთან საუბრიდან ვიგებთ, მოზარდების შემთხვევაში, ვითარება ბევრად უფრო ჩახლართულია. გარდატეხის ასაკი ბავშვის ფსიქო-ემოციური ზრდის გამო შექმნილი პრობლემები კომპლექსურ სახეს იღებს:
“ხანდახან შეიძლება აკადემიური ჩივილით მოვიდეს მშობელი, რომ არ სწავლობს, რომ არაფრის გაკეთება არ უნდა, რომ არ აქვს მოტივაცია, მაგრამ მერე რომ ჩავეძიებით და შევდივართ პროცესში, აღმოჩნდება ბევრი სხვა, ვთქვათ, ოჯახური თუ ურთიერთობის, თანატოლებთან თუ სახლში არსებული პრობლემები, რომელშიც ჩართულია სკოლის გარემოც. რეალურად, არ არსებობს სკოლის გარემო ცალკე და ეს – ცალკე. თითქმის ყოველთვის დაკავშირებულია ხოლმე. მაგ., თუკი ბავშვს დეპრესიული განწყობა აქვს, ემოციური ფონი აქვს მომატებული ან სტრესი აქვს ძლიერი, ეს მის ქცევაზეც მოქმედებს, მის მოტივაციაზეც და შესაბამისად, ეს მერე დროთა განმავლობაში აკადემიურ ნაწილზეც აისახება”. – ამბობს რუსუდან სტურუა.
საინტერესოა, რა როლი აქვს სკოლის ფსიქოლოგს ამ პრობლემების მოგვარებაში. როგორია მისი მუშაობის პრინციპი და, ზოგადად, რა ევალება სკოლის ფსიქოლოგს:
“სკოლის ფსიქოლოგის მოვალეობა არის ისეთი სასკოლო გარემოს შექმნა, რომელიც ბავშივსთვის იქნება წამახალისებელი, განმავითარებელი და ამაში ჩართული იქნება ყველა ბავშვი. ის წარმოადგენს ემოციურ მხარდამჭერს. მუშაობს როგორც ბავშვებთან, ისე მასწავლებლებთანაც, ანუ მასწავლებლის გაძლიერების კუთხითაც შეუძლია სკოლის ფსიქოლოგს იმუშავოს. რგოლებივითაა გადაჯაჭვული ერთმანეთზე. მაგალითად, სკოლის ფსიქოლოგთან მიდის მასწავლებელი, როდესაც ის თვლის, რომ რაღაცა ბავშვთან დაკავშირებით, როგორც აკადემიურ ნაწილში, ისე – თანატოლებთან ურთიერთობაში სირთულეებია. დავუშვათ, ხედავს, რომ არ გადის შესვენებაზე, უჭირს ურთიერთობა, მოწყენილი ზის გაკვეთილზე, ან აქვს კონცენტრაციის პრობლემა. ნებისმიერ შემთხვევაშსი მასწავლებელი მიმართავს ფსიქოლოგს. ფსიქოლოგი ცდილობს ბავშვთანა კონსულტირებას და ასევე მშობელთან. ერთმანეთთან ცვლიან მოსაზრებებს”.
“ხშირად ერევათ ხოლმე: სკოლის ფსიქოლოგი არ ატარებს თერაპიებს, სკოლაში თერაპიის ადგილი არ არის, მხოლოდ კონსულტირება ხდება და პატარ-პატარა პრობლემების პრევენცია. თერაპიის დროს, ბავშებთან მუდმივად არის ღია საუბრები, თამაშები, ან ჯგუფური აქტივობები, რომლებიც მიზნად ისახავს ბულინგისა და მსგავსი თემების შესახებ ცნობიერების ამაღლებას”. – გვიყვება რუსუდან სტურუა.
ფსიქოლოგის სკოლაში არსებობის კიდევ ერთი მიზანი ბავშვის თვითშეცნობის პროცესის ხელშეწყობაა. ეს ბავშვებს საშუალებას მისცემს, უფრო გახსნილები იყვნენ, უფრო მეტად შეძლონ საკუთარ თავზე დაკვირვება.
“მე, მაგალითად, ბავშვებთან ხშირად ვმუშაობ არტ-თერაპიით, რაც გულისხმობს ხელოვნების მასალების გამოყენებას თერაპიის პროცესში, ვთქვათ, ძერწვა, ხატვა, სხვადასხვა მასალებით, ქვიშით თერაპია და ა.შ. არტ-თერაპია მუდმივ დაკვირვებას, ჩართულობას, მონააწილეობას მოითხოვს, “აქ და ახლა” ცნების შეგრძნებას, რაც ყველაზე მეტად აკლიათ დღეს ბავშვებს, რომლებიც სულ მუდმივ გადარბენაში არიან, ან სწავლობენ, ან ძალიან ბევრ წრეზე დადიან, ან დიდ დროს ატარებენ ეკრანთან. ის მომენტი, რომ თავისუფლად ხარ, არაფერზე არ ფიქრობ და რასაც გინდა გააკეთებ, გინდა დახატავ, გინდა უბრალოდ ფერებს აურევ, ექსპერიმენტს ჩაატარებ, პროცესში არსად არ გეჩქარება და შენით რაღაცეებს აღმოაჩენ – ესაა სწორედ განვითარებისთვის მნიშვნელოვანი. ეს ათავისუფლებს კიდეც, საკუთარი თავის, ჰობის, სასიამოვნო საქმის აღქმა ძალიან მნიშვნელოვანია და ეს ყველაფერი თვითდაკვირვების პროცესიდან მოდის. ამ პროცესიდან მოდის ემოციების აღქმა, გარკვევა და გამოხატვაც, იმიტომ, რომ თუ გამოხატული არ არის, დათრგუნულია და შეკავებული ეს ემოციები, მერე იწყება სწორედ სხვადასხვა სირთულეები”. – ამბობს რუსუდან სტურუა, ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგი.
ამ სირთულეებისთვის თავის არიდების გზა, რესპონდენტის აზრით, ფსიქოლოგიური დახმარების ნორმალიზებაა ბავშვობის ასაკიდანვე , განსაკუთრებით კი, საქართველოში – ქვეყანაში, სადაც იშვიათად ვსაუბრობთ პრობლემებზე, იშვიათად ვითხოვთ დახმარებას და ხელს ვუწყობთ ამ კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხების ტაბუირებას.
ავტორი: ლიკა ბახუტაშვილი