„სხვაგან ქრის მისი გონება“, ანუ განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვთა სასკოლო ცხოვრების თავისებურებები
გონებაგაფანტულობა, მოუსვენრობა, იმპულსურობა, პრობლემები სწავლასა და
თანატოლებთან ურთიერთობაში – ძირითად შემთხვევებში სწორედ ასე გამოიყურება
ADHD, ანუ ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი. სინდრომი,
რომელიც სკოლამდელ და სკოლის ასაკში იწყებს გამოვლენას და დიდ ყურადღებას,
განსხვავებულ მიდგომებს საჭიროებს.
როგორია სწავლა და სასკოლო ცხოვრება ADHD-სთან ერთად? მზადაა თუ არა სისტემა,
განათლება მისცეს ყველა ბავშვს, განურჩევლად მათი დიაგნოზისა? – ამ თემებზე
სასაუბროდ, პირველ რიგში, მას მივაკითხეთ, ვინც დიაგნოზთან დაკავშირებული
სირთულეები, მეთოდები და განათლების სისტემაში არსებული ხარვეზები მეტნაკლებად საკუთარ თავზე გამოსცადა. ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის მქონე ერთ-ერთი მოზარდის დედა საკუთარი ისტორიის მოყოლაზე ანონმირუობის გარანტიით დავითანხმეთ.
მის პირველ შვილს დიაგნოზი სწორედ დაწყებით კლასებში დაუსვეს. სიმპტომები
სტანდარტული გახლდათ: ყურადღების ნაკლებობა, მოუსვენრობა, პრობლემები
თანატოლებთან ურთიერთობაში, თუმცა მალე ყველაფერმა გაცილებით სერიოზული
სახე მიიღო.
“მინდა ავღნიშნო, რომ ADHD-ს შესახებ ინფორმირებულობის დონე ძალიან დაბალია
საზოგადოებაში. სკოლაში ბავშვებს კი არა, მასწავლებლებსაც უჭირთ გაითავისონ, რომ ასეთი ბავშვების მიმართ განსაკუთრებელი დამოკიდებულებაა საჭირო. ქცევის თავისებურებებია ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის მთავარი პრობლემა. გუნდური თანაარსებობის პრიციპი ასეთი ბაშვებისთვის სერიოზულ სირთულეს წარმოადგენს. მათთვის წესები და შეზღუდვები მიუღებელია, აკრძალვებს არ აღიარებენ, მეტიც, მომენტალურად გადადიან თავდაცვის აგრესიულ პოზაში. ზუსტად ასე ხდებოდა ჩვენს შემთხვევაშიც”. – ე.ბ, ADHD-ს დიაგნოზის მქონე შვილის დედა.
ქცევით პრობლემებს თან სწავლის სირთულეებიც ახლდა. დაწყებით კლასებში, როდესაც ბავშვი ჯერ კიდევ შეუჩვეველია სასწავლო პროცესს, ყურადღების კონცენტრაციის ნაკლებობა სერიოზული დაბრკოლება გახლავთ. რაც ყველაზე სამწუხაროა, ADHD გავლენას ხშირად არა მხოლოდ დიაგნოზის მქონე მოსწავლეზე, არამედ მის თანატოლებზეც ახდენს. მასწავლებლისთვის რთულია ყურადღების თანაბრად გადანაწილება, რთულ შემთხვევებში კი ბავშვი, შესაძლოა, ხელსაც უშლიდეს სასწავლო პროცესის მიმდინარეობას, რაც სინდრომის არმქონე ბავშვების მშობლების გაღიზიანებასაც იწვევს. ასეთ შემთხვევებში მასწავლებელზე ბევრი რამაა დამოკიდებული, მის პროფესიონალიზმს აქ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
როგორც რესპონდენტი იხსენებს, არაერთხელ ჰქონია საუბარი სკოლის ადმინისტრაციასა და პედაგოგებთან. რეაგირება, მისი თქმით, არაერთგგვაროვანი იყო და ამას დიაგნოზის შესახებ დაბალ ინფორმირებულობას მიაწერს. თუმცა, საბედნიეროდ, დიალოგი სკოლის მასწავლებლებთან და ადმინისტრაციასთან რიგ შემთხვევებში მეტად სასარგებლო აღმოჩნდა:
“ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი ნამდვილად ქმნის აკადემიური მოსწრების პრობლემას. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ დიაგნოზის ბავშვს არ შეუძლია სწავლა, ან გონებრივად ჩამოჩენილია. მას აქვს თავისი განსხვავებული დასწავლის მეთოდი. როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, ამ ბაშვებს დავალებები უნდა მისცე მცირე დოზით, ასე ვთქვათ „ულუფებად“ და აკონტროლო, რომ შეასრულოს, რადგან მათ აქვთ რუტინული გონებრივი სამუშაოს გაკეთების პრობლება და გონება ხშირად ეფანტებათ. ასევე კარგი მეთოდია თავად წაუკითხო დავალება, ან ხმამაღლა წააკითხო თავად. ეს კონცენტრაციაში ეხმარებათ”.
“ჩემი შვილის შემთხვევაში, პედაგოგი აქტიურად იყო ჩართული ამ პროცესში. არ ავალდებულებდა მთელი გაკვეთილის განმავლობაში სკამზე ჯდომას. რასაკვირველია, სთხოვდა გაკვეთილის ჩაბარებას და წერას, თუმცა როდესაც ბავშვი არ იყო განწყობაზე, არ აძალებდა. შემოვიღეთ დაჯილდოების მეთოდი, თუ დავალებას ჩააბარებდა მასწავლებელს, ტკბილეულს იღებდა ან სათამაშოს. პედაგოგთან ერთად „ჩასაფრებულის“ პოზიციაში ვიყავით, რომ საჭირო მომენტში, როცა ეს შესაძლებელი იყო, მის გონებაში ერთი სასარგებლო დეტალი მაინც ჩაგვედო. ყოველი ასეთი წარმატებული მცდელობა მის აკადემიურ შეფასებებზე ისახებოდა. ბავშვი დაინტერესდა მიღებული შეფასებით და მისი მხრიდან გაიზარდა სურვილი ესწავლა გაკვეთილი, რათა მიეღო კარგი ნიშანი. ეს ფაქტი დადებითად აისახა მის გონებრივ განვითარებაზე“. – გვიყვება ADHD-ს დიაგნოზის მქონე შვილის დედა.
საუბრის დასასრულს ვინტერესდებით, მშობლის გადმოსახედიდან, შვილის დიაგნოზთან ერთად ცხოვრების რთული, ხანგრძლივი გამოცდილების პარალელურად, რა ძირითად გამოწვევებს გადააწყდა სკოლაში და, მისი აზრით, თანაბარია თუ არა განათლების გაცემა, განურჩევლად განვითარების დარღვევისა:
“დღევანდელ სასწავლო გეგმაში პოსტსაბჭოთა ეპოქის ბევრი გამოუსადეგარი და თანამედროვე ბავშვებისთვის არასასარგებლო ელემენტია შემორჩენილი. ის უმეტეს შემთხვევაში გათვლილია და წინ აყენებს განვითარების დარღვევების არმქონე ბავშვებს და ნაკლებ დროს და შრომას უთმობს განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვთა განათლებას. ზოგადად, თანდათან გაიზარდა ასეთი ადამიანების რაოდენობა. ზოგ მათგანს ის ჰიპერაქტივობით აქვს გამოხატული, ზოგს – ყურადღების დეფიციტით, ზოგიერთ კი – ორივე ერთად. ამასთან ერთად გაიზარდა სხვადასხვა მენტალური, ემოციური თუ გონებრივი სირთულეების მქონე ბავშვთა რიცხვიც, რაც,
რასაკვირველია, მოითხოვს მათ მიმართ მიდგომების გადახედვას, პირველ რიგში, განათლების მეთოდების კუთხით”.
ამ ეტაპზე არის სკოლებში ინკლუზიური განათლების კლასები, თუმცა არასაკმარისია და დაუხვეწავი. მე, როგორც ერთ-ერთი ასეთი ბავშვის მშობელი, ვფიქრობ, რომ საჭიროა სპეციალისტების მიერ (ფსიქოლოგები, პედაგოგები, პედიატრები,) შემუშავდეს სპეციალიზებული სასწავლო გეგმა, სადაც სატანადოდ იქნება გათვლილი ბავშვების საჭიროებები. ამასთან ერთად პერიოდულად უნდა ჩატარდეს საინფორმაციო ლექციები პედაგოგების, მშობლებისა და ბავშვებისთვის განვითარების დარღვევების შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით”. – ამბობს მშობელი.
სამივე რგოლის – მშობლის, მასწავლებლისა და ფსიქოლოგის ჩართულობაზე საუბრობს
ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგი, რუსუდან სტურუაც.
“მშობელი თავის მხრივ მუშაობს ბავშვთან სახლში, მეცადინეობის პროცესში, აქტივობების დაგეგმვის პროცესში. მხოლოდ სწავლას არ ეხება ეს: ADHD -ს მქონე ბავშვს ძალიან უჭირს ელემენტარული რუტინის შესრულება: დილით ადგა, გაემზადა – რაღაც გამოტოვა. ვთქვათ, ჩაიცვა – რაღაც შეიძლება უკუღმა მოირგო. ვთქვათ, ჩანთა ჩაალაგა – რაღაც აუცილებლად ავიწყდება. მუდმივად სჭირდება მიყოლა, მშობელი ამაში ეხმარება – მიჰყვება, რომ ნაწილ-ნაწილ შეასრულოს ეს მარტივი რუტინა, რომ ეს იმპულსურობა ცოტა შენელდეს”. – ამბობს ფსიქოლოგი.
საკლასო ოთახში, საგაკვეთილო პროცესის დროს ბავშვთან უკვე მასწავლებელი მუშაობს. რუსუდან სტურუა იმ მეთოდებზე გვესაუბრება, რომლებსაც მასწავლებელი ADHD-ს მქონე ბავშვებთან იყენებენ:
“ADHD-ს მქონე ბავშვები, რეალურად, ისეთ აქტივობებში მშვენივრად ერთვებიან, რაც აინტერესებთ, რაზეც მოახდენენ კონცენტრაციას. ამ მხრივ, მასწავლებელი ყურადღებას აქცევს ასეთ ბავშვს, ან ახლოს ჰყავს, წინ სვამს, რომ მასთან ხშირი კონტაქტი ჰქონდეს და როდესაც ატყობს, რომ მოუსვენრადაა, ვეღარ ინტერესდება, უნდა მოახერხოს, რომ შეუცვალოს აქტივობა: დაავალოს რაიმე მარტივი, ვთქვათ, გავიდეს, რაღაც ნივთი მოიტანოს, დაფა წაშალოს. ასეთ დროს ბავშვს ასევე ახლო კონტაქტი ეხმარება, ვთქვათ თვალით კონტაქტი, რომ ისევ მოახდინოს ყურადღების მოკრება“.
“ხშირი კონტაქტია მნიშვნელოვანი და კიდევ ამ სასწავლო მასალის დაცალკევება, ნაწილ-ნაწილ მიცემა ისე, რომ მან ამ შუალედებში შესვენება მოახერხოს, რომ ეს არ იყოს მისთვის ძალიან დამღლელი პროცესი. თუ ვთქვათ კიდევ ცალკე სპეციალისტთან გადამისამართდება, ის ცალკე მუშაობს ბავშვთან კონცენტრაციის სავარჯიშოები. “უნდა გვახსოვდეს, რომ მთავარი არის მშობელს, ფსიქოლოგსა და მასწავლებელს შორის მჭიდრო კომუნიკაცაა. ეს ერთიანი პროცესია და სწორი მიდგომით შედეგიც ბევრად ეფექტური აღმოჩნდება”. – აღნიშნავს რუსუდან სტურუა.
საქართველოში ADHD-ს დიაგნოზის მქონე ბავშვთა და მოზარდთა აღრიცხვა არ არსებობს. გლობალური სტატისტიკის თანახმად კი წლიდან წლამდე იზრდება ADHD-ს შემთხვევების რიცხვი, რასაც სპეციალისტები გარემო-ფაქტორებს მიაწერენ. სამეცნიერო პლატფორმა BioMed Central-ის ცნობით, საშუალოდ, 3-12 წლამდე ასაკის ბავშვებში ADHD-ს დიაგნოზი დაუდგინდა საერთო რაოდენობის 7.6%-ს, ხოლო 12-დან 18 წლამდე ასაკის მოზარდებში კი – 5.6%-ს უდგინდება.
ავტორი: ლიკა ბახუტაშვილი