„განათლება მხოლოდ ინტელექტუალური პროცესი არ არის“ – თბილისის ვალდორფის სკოლის გამოცდილება გონებისა და სულის ზრდის შესახებ
„სკოლის მიზანია, აღზარდოს თავისუფალი პიროვნება, რომელსაც გაცნობიერებული აქვს ინდივიდუალური პასუხისმგებლობა და თავად საზღვრავს საკუთარ ადგილს თანამედროვე საზოგადოებაში“ – წერია თბილისის ვალდორფის თავისუფალი სკოლის მისიასა და ხედვაში. სკოლა სწავლებისა და შეფასების განსხვავებულ მეთოდებს იყენებს და მოზარდების აღზრდისას ინტელექტუალურთან ერთად მათ სულიერი განვითარებაზე მუშაობს.
როგორ სწავლობენ ვალდორფის სკოლაში, რა აქტივობები გამოარჩევს მას სხვა სკოლებისგან, როგორია შეფასების სისტემა და, ზოგადად, რას ეფუძნება ვალდორფის სკოლის ღირებულებები – ამ ყველაფრის შესახებ სასწავლო პროცესის კოორდინატორს, მანანა ჯავაშვილს გავესაუბრეთ.
„ვალდორფის სკოლები ანთროპოსოფიურ იდეას ეფუძნება, ეს ცნება ლათინური სიტყვიდან მომდინარეობს და პირდაპირ თარგმანში ადამიანმცოდნეობას ნიშნავს, ცოდნას ადამიანის შესახებ. მისი ძირითადი საფუძველი არის სულიერი კვლევები. პედაგოგიკის შემთხვევაში, ეს აისახება ასე: ყველა მოსწავლეს ვუყურებთ ისე, რომ ეს ერთჯერადად მოსული ადამიანი არ არის ამ ქვეყანაზე, განვითარების დიდი გზა უკვე გავლილი აქვს და კიდევ უფრო მეტი – გასავლელი. აქედან გამომდინარე, დიდი პატივისცემის განცდა გვაქვს ამ ადამიანების მიმართ. მე რომ უფროსი ვარ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე მასზე რამით მეტი ვარ“.
ვალდორფის პედაგოგიკა ასაკის შესაბამის განათლებას მოიაზრებს. სასკოლოზე მცირე ასაკის ბავშვების მიღება აქ დაუშვებელია, რადგან სჯერათ, სწავლება მაშინ იქნება ეფექტური, როცა ბავშვი ფიზიოლოგიურად და ფსიქოლოგიურად მზად იქნება სწავლის პროცესისთვის.
„6.5 წლის მაინც უნდა იყოს ბავშვი… ჩვენთვის გადამწყვეტად მნიშვნელოვანია, ისე ვასწავლოთ, რომ ეს მისთვის იყოს ასაკობრივად საინტერესო. იმიტომ კი არ უნდა სწავლობდეს, რომ ნიშანი მიიღოს, არამედ იმიტომ, რომ ეს მას აინტერესებს და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მისთვის საინტერესო მასალა მივაწოდოთ“.
მასალის მიწოდების მეთოდებითა და ზოგადად, საგნებით ვალდორფის სკოლა ნამდვილად არ ჰგავს საქართველოში არსებული არც ერთი სკოლის პედაგოგიკას. აქ სტანდარტულ საგნებს არასტანდარტული, ე.წ. ეპოქალური სწავლების მეთოდით გადიან:
„აკადემიური საგნები შედის ეპოქებად: ერთი კვირა ქართული, ერთი თვე მათემატიკის და ა.შ. ჩვენ, სიტყვაზე, გვაქვს ოთხი კვირა მათემატიკა, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველ დღე 09:00-დან 10:45-მდე მიდის მხოლოდ მათემატიკის გაკვეთილი, პაუზის გარეშე. წყვეტა არ არის გაკვეთილის: მათემატიკა დღესაც ორი საათი, ხვალაც, ოთხი კვირის განმავლობაში. თუმცა მათემატიკის შემდეგ არ მოდის, ვთქვათ, ქართული, ან ქიმია, მხოლოდ არააკადემიური საგნები: სპორტი, ხელგარჯილობა, მუსიკა, ევრითმია.. საბუნებისმეტყველო საგნების შემთხვევაში, ვცდილობთ, რომ ამ ერთი ეპოქის განმავლობაში გავიაროთ ის გზა, რომელიც კაცობრიობამ ამ საბუნებისმეტყველო მეცნიერების თვალსაზრისით გაიარა. ამ პროცესს ეტაპობრივად მიჰყვებით, იმ ყველაფერს, რასაც კაცობრიობა აკეთებდა ამ პერიოდის მანძილზე. ისინი ამ გზას თავის თავში გაივლიან, განიცდიან და მივლენ დღევანდელი ადამიანის მდგომარეობამდე, რომელიც უკვე მომხმარებლის პოზიციაშია. ჩვენ გვინდა, მათ იცოდნენ, რაღაცას რომ იყენებენ, ის რას ეფუძნება, საიდან მოდის“.
გამორჩეულია შეფასების სისტემაც, რომელსაც, ვალდორფის პედაგოგიკიდან გამომდინარე, თავს მაქსიმალურად არიდებენ.
„ვცდილობთ, რომ თავიდანვე ეს იყოს მათთვის სრულიად უმტკივნეულო. არც კი ჰქონდეთ იმის განცდა, რომ მათ ვიღაც აფასებს. ვაკეთებთ მათთის ჩვეულ სავარჯიშოებს, ჩვეული ფორმით ვაკეთებთ შემაჯამებლებს იმისთვის, რომ ისინი არ დაიძაბონ და არ ჰქონდეთ იმის განცდა, რომ ვიღაც აფასებს. მშობლებთან ვალდებულება გვაქვს, რომ ეს ნიშნები ვაცნობოთ, თუმცა ბავშვებთან ვცდილობთ, რომ ყურადღება დიდად არ გავამახვილოთ“.
მართალია, შეფასებებსა და აკადემიურ მოსწრება დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებენ, თუმცა, სამაგიეროდ, სოციალურ უნარებს, ემოციურ განვითარებას დიდ ყურადღებას უთმობენ. სოციალური პრაქტიკები, რომელიც სწავლების პარალელურად მიმდინარეობს, სწორედ ამ მიზანს ემსახურება – მათ ადამიანებად ჩამოყალიბებას, ემოციურ, ფსიქოსოციალურ განვითარებას:
„მაღალ კლასებში გვაქვს ძალიან სერიოზული პრაქტიკები. მაგალითად, მე-9 კლასში გვაქვს სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკა 2 კვირით, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეები კონკრტულ მოხუცებულების ოჯახებში იმუშავებენ და მათ დაეხმარებიან . მეათე კლასში გვაქვს ხოლმე ეკოლოგიური პრაქტიკა – ნაკრძალებში მიდიან, ასუფთავებენ, ხიდიც კი გაუდიათ ბორჯომ-ხარაგაულის პარკში, ბილიკები… მე-11 კლასში სოციალური პრაქტიკა აქვთ, რომელზეც ხშრად ვამბობ, რომ ეს გვირგვინია ვალდორფის სკოლის. მიდიან გარკვეული განვითაების შეფერხების მქონე ადამიანთა დაწესებულებებში.. ეხმარებიან ყველანაირად, ყველაფერში, რაც მათ ცხოვრებას ეხება, საჭმლის მომზადებიდან დაწყებული , დაბანით დამთავრებული, როცა ამის საჭიროება არსებობს. მინდა გითხრათ, რომ მოსწავლეები იქიდან ძალიან გაზრდილები ბრუნდებიან“.
კიდევ ერთი მახასიათებელი, რომლითაც ვალდორფის სკოლის მოსწავლეებს ამოიცნობთ, ხელოვნებასა და ბუნებასთან გამორჩეული კავშირია. ამის შესახებ უფრო ვრცლად კი ჩვენი მომზადებული სიუჟეტიდან შეიტყობთ.