ავტორი: ეთა სულუხია
ქართველი ახალგაზრდები გერმანიაში
საზაფხულო სტუდენტური დასაქმებები წლებია აქტუალობას არ კარგავს, განსაკუთრებით COVID 19-ის პანდემიის შემდეგ. საზაფხულო სამუშაოები საზღვარგარეთ ერთგვარი ფინანსური სტაბილურობის გარანტია სტუდენტებისთვის; გარდა ამისა, განვითარებისა და გამოცდილების მიღების საშუალებაცაა – უცხო ენობრივ და კულტურულ გარემოში თვითშემეცნების, პრაქტიკული უნარ–ჩვევების განვითარებისა და საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნების გზაა. ევროპაში ამ მიმართულებით ყველაზე მოთხოვნადი ქვეყანა არის გერმანია – ორგანიზებული ეკონომიკითა და ლეგალურად მუშაობის შესაძლებლობით.
გერმანიის შრომის ბაზარი, კონკრეტულად კი „Ferienbeschäftigung für ausländische Studierende“ პროგრამა, რომელიც ითარგმნება, როგორც “სეზონური დასაქმება უცხოელი სტუდენტებისთვის”, ყოველწლიურად, შესაძლებლობას აძლევს ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების სტუდენტებს, იმუშაონ დროებით (განსაკუთრებით სოფლის მეურნეობაში, წარმოებასა და ლოჯისტიკაში). ეს შესაძლებლობა სტუდენტებისთვის ნიშნავს ახალ სოციალურ გარემოში მუშაობას, შრომის დისციპლინის გამომუშავებას და, ხშირ შემთხვევაში, პირველ საერთაშორისო გამოცდილებას. გერმანიაში მუშაობის უპირატესობად ითვლება ისიც, რომ კარგად ენის ცოდნის აუცილებლობა არ არის. საკმარისია ინგლისური ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე და სასურველია გერმანული A1 დონეზე.
“Ferienbeschäftigung für ausländische Studierende” – ის პროგრამის ძირითადი პირობებია:
- მიზნობრივი ჯგუფი: 18–35 წლის სტუდენტები, რომლებიც სწავლობენ აკრედიტებულ უნივერსიტეტებში.
- დასაქმების ხანგრძლივობა: მაქსიმუმ 90 დღე 12 თვეში.
- დასაქმების პერიოდი: მხოლოდ სტუდენტის უნივერსიტეტის ოფიციალური არდადეგების პერიოდში.
- დასაქმების სფეროები: სოფლის მეურნეობა, ლოჯისტიკა, წარმოება, სარესტორნო და სასტუმრო ბიზნესი, დასუფთავება და სხვა.
ანაზღაურება: არანაკლებ გერმანიის მინიმალური ხელფასისა (2025 წლისთვის 12.41 ევრო/საათი).
ქართველი სტუდენტების მიერ გერმანიაში სამ თვიან საზაფხულო სამუშაოებზე რეგისტრაციის მაჩვენებელი სულ უფრო იზრდება. სოციალურ ქსელებშიც აქტიურად აქვეყნებენ იქ ყოფნის პერიოდიდან ფოტო–ვიდეო მასალებს, უზიარებენ სხვებს თავიანთ გამოცდილებას, თუმცა, ბევრისთვის მაინც ბუნდოვანია თუ როგორ შეიძლება წავიდეს გერმანიაში სამუშაოდ და ისარგებლოს ამ სტუდენტური შესაძლებლობით, რა ეტაპები უნდა გაიაროს და როგორია სამუშაო პირობები, რა გამოწვევების წინაშე შეიძლება დადგეს და რა უნდა იცოდნენ, ვიდრე განაცხადს შეავსებენ.
“საჭირო დოკუმენტაცია მოიცავდა უნივერსიტეტიდან გაცემულ ცნობას აქტიური სტუდენტის სტატუსისა და ზაფხულის არდადეგების ვადის შესახებ… დასაქმება მქონდა კლინიკაში, სანიტრის პოზიციაზე, რაც ჩემს სასწავლო პროფილთან, მედიცინასთან ახლოს იყო. სამსახურის პირობები და სამუშაო გარემო კი წინასწარ ვიცოდი. საერთო ჯამში, დაპირებებს არარეალური არ აღმოჩნდა, თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ მარტივი არ იყო…” – გვიყვება სოფიო ხაჭაპურიძე, სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი, რომელიც 2024წელს იმყოფებოდა საზაფხულო სამუშაოების პროგრამით გერმანიაში.
სამთვიანი დასაქმება გერმანიაში: საქმიანობები და ფინანსური სარგებელი
გერმანიაში ყველაზე გავრცელებულ და მოთხოვნად სამუშაოთა რიგშია: სოფლის მეურნეობა, ფაბრიკა-ქარხნები და საწყობები (Amazon, DHL), რესტორნები, რომელთა შორისაც ერთ-ერთი პოპულარული კომპანიაა Mc Donald’s, სასტუმროები და ჰოსტელები, ფოსტა.
სამუშაო საათების ხანგრძლივობა დამოკიდებულია სამუშაო ადგილზე, უმეტესწილად, დღეში 6-8საათი, კვირაში 5 ან 6 დღე. ოფიციალური მონაცემებით, 2025 წლისთვის მინიმალური სამუშაო ანაზღაურება შეადგენს საათში 12,41ევროს. საშუალო თვიური ანაზღაურება, გადასახადების გარეშე, დაახლოებით -1200-1600 ევროა.
სტუდენტების თქმით, ეს თანხა ჰყოფნით, როგორც ბინის ქირის გადასახდელად და პროდუქტების საყიდლად, ისე მიმდებარე ქალაქებში სამოგზაუროდ და თანხის დასაგროვებლად. უნდა აღინიშნოს, რომ ზოგიერთი დამსაქმებელი საცხოვრებელს უზრუნველყოფს და დასაქმებულისთვის ბინის ძებნა აღარ არის საჭირო.
“გერმანიის სოფელ ასბახში ვცხოვრობდით. სახლიდან, ჩვენი სამუშაო სივრცე 20-30 წუთის გზაზე იყო. ქარხანაში დავსაქმდით, როგორც შოკოლადის მწარმოებლებად. ვმუშაობდით ნაწარმის შეფუთვაზე. გაგვიმართლა, რომ ბინის ქირას კომპანია უზრუნველყოფდა. მოვახერხეთ თანხის დაგროვება. ჩემი მთავარი მიზანი უნივერსიტეტში სწავლის საფასურის გადახდა იყო…” – გვიყვება ნათია მოლოდინი, საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტი, რომელიც მეორე კურსის ბოლოს იმყოფებოდა გერმანიაში, შოკოლადების ქარხანაში, სტუდენტურ სამუშაოზე.
როდის იწყება განაცხადის შევსება სტუდენტებისთვის საზაფხულო დასაქმების პროგრამით სარგებლობის მიზნით?
განაცხადის შევსება და საჭირო საბუთების შეგროვება იწყება წინა წლის დეკემბერში და გრძელდება მარტამდე. აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურ საიტებზე იდება, თუმცა ქართული შუამავალი კომპანიების ვებ-გვერდებზეც წააწყდებით განაცხადის შევსება/გაგზავნის შესახებ ინფორმაციას. გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, რომ რაც უფრო ადრე დარეგისტრირდება სტუდენტი, მით უფრო მაღალია შანსი მისთვის სასურველ პოზიციაზე მოხვედრის, რადგან ადგილები შეზღუდულია. სტუდენტს შეუძლია დამოუკიდებლად ან სააგენტოს დახმარებით გაიაროს რეგისტრაცია, რომლისთვისაც საჭიროა უნივერსიტეტში სწავლების დამადასტურებელი საბუთი, განაცხადის გაგზავნა ZAV-ისთვის (გერმანიის ფედერალური შრომის სააგენტოს განყოფილება, რომელიც პასუხისმგებელია უცხოელი მუშახელის მოზიდვაზე), შემდეგ უკვე გერმანიის საელჩოში გასაუბრება ვიზის მისაღებად. გამგზავრების პერიოდია მაისის ბოლოდან ივნისის ბოლომდე. ასევე გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ დამამთავრებელი კურსის სტუდენტები საზაფხულო გაცვლით პროგრამაში, გერმანიაში, ვერ მიიღებენ მონაწილეობას.
რისკები და საფთხეები

გერმანიაში საზაფხულო დასაქმება სტუდენტებისთვის მართლაც, რომ ერთი დიდი შესაძლებლობაა, საოცნებო მოგზაურობა და მუშაობა სურვილების ასახდენად, თუმცა პროგრამით სარგებლობისას სტუდენტმა კარგად უნდა გააცნობიეროს ყველა შესაძლო რისკი და საფრთხე. შუამავალი კომპანიის არჩევისას სიფრთხილეა საჭიროა, რადგან ბაზარზე მომრავლდა ორგანიზაციები, რომლებიც სტუდენტებს ატყუებენ, ფულს ახდევინებენ და არ ეხმარებიან რეგისტრირებაში, სამსახურის შერჩევასა და ბინის ქირის ძიების პროცესში.
“სტუდენტური დასაქმება გერმანიაში” არის Facebook ჯგუფი, სადაც ახალგაზრდები ცდილობენ მათთვის საჭირო ინფორმაციის მოძიებას. აქ შეხვდებით სტუდენტებსაც, რომლებიც მსგავსი თაღლითური სქემის მსხვერპლნი გახდნენ.
“2023წელს, პირველ კურსზე ვიყავი, როცა შემთხვევით გავიგე გერმანიაში საზაფხულო სამუშაოებზე. ხელფასმა და პირობებმა მომხიბლა და გადავწყვიტე ბედი მეცადა. ერთ-ერთ კომპანიას დავუკავშირდი, გადავიხადე მომსახურეობის საფასური და დავიწყე გერმანულის სწავლა იმ იმედით, რომ გერმანიაში წავიდოდი ზაფხულში. თაღლითები აღმოჩნდნენ, ფული აიღეს და საბუთები არც კი გაგზავნეს. თანხის უკან დაბრუნებაც ვერ მოვახერხე და ვერც გერმანიაში წავედი იმ წელს…”- გვიყვება მესამე კურსის სტუდენტი, გიორგი ჩიმაკაძე.
❗️ფრთხილად იყავი შუამავალი კომპანიის არჩევისას, გაიზიარე სხვების გამოცდილება და გადაამოწმე კომპანიის სტატუსი!
სალომე ბლიაძე კიდევ ერთი სტუდენტია, რომელსაც გერმანიაში საზაფხულო დასაქმების პროგრამით წასვლის არასასურველი გამოცდილება ჰქონდა. ამის მიზეზად, სწორი ინფორმაციის არქონას ასახელებს, რამაც მოლოდინისა და რეალობის რადიკალური სხვაობა მისცა. “უკავშირდები აგენტს, გაწვდის საბუთების ჩამონათვალს, რაც უნდა შეაგროვო და აგზავნი. მას შემდეგ, რაც ჩამოგივა მოწვევა, აგენტს უხდი თანხას. ზოგიერთი აგენტი საბუთების გაგზავნის პერიოდში იღებს თანხის ნაწილს, ზოგი – შენს გერმანიაში გაფრენამდე. მე არ მაქვს კარგი გამოცდილება და ყველას ვურჩევ, რომ სანდო აგენტი შეარჩიონ. ხარჯი არც ისე ცოტაა. ხელფასები ცოტა გვიან ირიცხება და კაცმა არ იცის, სად და როგორ განაწილებენ. მგონი ისე გამომივიდა, რომ აღარ მოუნდეს ადამიანს წასვლა, მაგრამ ჩემს შემთხვევაში არ გაამართლა, ჩემს მეგობრებს პირიქით გაუმართლათ და ასე.“- გვიყვება სალომე.
❗️გარდა ამისა, მნიშვნელოვანია წინასწარ იცოდე ინფორმაცია საცხოვრებელზე, მოიძიე ყველა დეტალი.
❗️მნიშვნელოვანია, გაეცნო სახელფასო სისტემას, სამუშაო საათებს. მოიძიო ინფორმაცია იმ დამსაქმებელსა და სამუშაოზე, რომელიც აარჩიე.
❗️ ჯანმრთელობის დაზღვევა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია საბუთებისა. აუცილებლად გააკეთე ჯანმრთელობის დაზღვევა შესაძლო ტრავმების ან ჯანმრთელობის სხვა პრობლემების შემთხვევაში ეს დაგჭირდება. მაგალითად, შეგიძლია შეიძინო მოკლევადიანი გერმანული ჯანმრთელობის დაზღვევა (z. B. Mawista, HanseMerkur).
საზაფხულო სამუშაოები გერმანიაში შესაძლოა იყოს სასარგებლო და წარმატებული გამოცდილება, თუმცა საჭიროა წინასწარ განსაზღვრო საფრთხეები და რისკები, რათა უფრო დაცული იყო.
“ მომავალ სტუდენტებს, ვისაც ამ პროგრამაში მონაწილეობა სურთ, ვურჩევდი, კარგად გადააფასონ საკუთარი შესაძლებლობები, სამუშაო გრაფიკი ხშირად საკმაოდ დატვირთულია და სირთულეებსაც შეიძლება შეხვდეთ. თუმცა თუ მზად ხართ გამოწვევებისთვის გამოცდილება ნამდვილად ღირებული და სასარგებლოა”– სტუდენტი, სოფიო ხაჭაპურიძე.

ადამიანები, რომლებმაც გერმანული გამოცდილება მიიღეს, ამბობენ, რომ საზაფხულო დასაქმება გერმანიაში სტუდენტებისთვის არის როგორც ფინანსური კეთილდღეობის, ისე დიდი გამოცდილების მომტანი. ევროპული დასაქმების სისტემის შეცნობა, ახალი გამოწვევები, საკუთარი შესაძლებლობების გაცნობიერების, ბარიერებისა და სირთულეების გადალახვის საშუალებაა. სირთულეების მიუხედავად, როგორიცაა ენის ბარიერი, შრომის ინტენსიურობა, გარემოსთან ადაპტაციის პერიოდი, მოგზაურობისა და მუშაობის 3თვე დაუვიწყარ ემოციებსა და ისტორიებს მოიცავს.
ეს გერმანიაში მუშაობის მხოლოდ სამი თვე არ არის – ესაა გამოცდილება, რომელიც ცხოვრების ბოლომდე გემახსოვრება. ცოდნა, ურთიერთობები, დამოუკიდებლობა, გამოწვევები საქართველოში დაბრუნებულ სტუდენტს ორმაგი ენთუზიაზმით ანდომებს განვითარებისთვის ბრძოლას.

