“თიხა ძალიან გულწრფელი მასალაა” – თეა ჯიჯავაძე

ავტორი: ლუკა ამბალია

თბილისის ერთ-ერთ მშვიდ უბანში, ვიწრო ეზოს მიღმა, ხმაურიანი სამყაროსგან მოწყვეტილი სივრცე იმალება. „კერამისია“, კერამიკის სკოლა-სახელოსნო, სადაც თიხა სიჩუმეში ლაპარაკობს და ხელოვნება ყოველდღიური რუტინის ნაწილად იქცევა.

თეა ჯიჯავაძე – კერამიკოსი და სახელოსნოს დამფუძნებელი, უკვე წლებია თიხასთან მუშაობს. იგი ყოველდღიურად ქმნის უნიკალურ ნივთებს და სივრცეს, სადაც ადამიანები თიხის დახმარებით თავიანთ თავებსაც პოულობენ.

„თიხა ძალიან გულწრფელი მასალაა, თუ ვერ დაიჭირე რიტმი, თუ გონება სხვაგან გაგექცა, მაშინვე გატყობინებს,“ – ამბობს თეა.

„კერამისია“ მხოლოდ სახელოსნო არ არის, ეს არის შეხვედრის ადგილი სხვადასხვა ასაკისა და ინტერესის მქონე ადამიანებისთვის. აქ მოსწავლეები ნებისმიერი ასაკიდან მოდიან. ზოგი ხელობას ეუფლება, ზოგისთვის კი, ეს თერაპიაა; სტრესისგან განტვირთვისა და შინაგანი წონასწორობის ძიების გზა.

პატარები ქმნიან ფიგურებს, ორნამენტებს. ისინი სწავლობენ თუ როგორ იმუშაონ მასალაზე. ეს ადგილი ბავშვებისთვის ხელოვნების გარდა, ემოციური უსაფრთხოების ზონაც არის, სადაც ისინი თავდაჯერებულობას იძენენ.

სახელოსნოში ადამიანები ხშირად ისეთ ასაკში მოდიან, როცა თვითგამოხატვა რთულია. მათ თიხა ეხმარება გადმოსცენ ემოციები არა სიტყვით, არამედ ფორმით. ფორმები არ არის მხოლოდ დეკორატიული, ისინი ჰყვებიან ისტორიებს.

ზრდასრულებისთვის კი „კერამისია“ ხშირად მეორე სუნთქვაა. ვინც სტრესული ყოველდღიურობისგან დროის პოვნას ახერხებს, აქ მოდის იმის გასახსენებლად თუ როგორია დროის „სხვენი“, როცა არსად გეჩქარება და მხოლოდ საკუთარ ხელებს აკვირდები.

თეა ჯიჯავაძის მიზანია „კერამისია“ იყოს არა მხოლოდ სახელოსნო, არამედ კულტურული სივრცე, სადაც ხელოვნება ხელმისაწვდომია ყველასთვის, განურჩევლად ასაკისა ან პროფესიისა.

ვრცლად იხილეთ ვიდეოში