გრძნობების თავშესაფარი

ავტორი: ნინი შაორშაძე

სიცოცხლის ხალისი არ ბერდება

ერთ ჩვეულებრივ დღეს, მოხუცთა თავშესაფარ “ბეთელში” (საერთაშორისო ჰუმანიტარული ასოციაცია) დავინახეთ სურათი: ოთახი, სადაც არც სიჩუმეა და არც მარტოობა. მოხუცები ერთმანეთს ხელს ჰკიდებენ, ნაზად აყოლებენ მუსიკას ნაბიჯებს, მღერიან ისე, როგორც ახალგაზრდობაში, იცინიან და სიყვარულზე გვიყვებიან ისე, თითქოს ეს იყო გუშინდელი განცდა.

“მიყვარს”, “კარგად ვართ”, „ვოცნებობ“ — ეს ფრაზები მათ არ წარმოუთქვამთ ფორმალობისთვის. იქ, სადაც ბევრისთვის შესაძლოა სიბერე სიცარიელეს უკავშირდება, ამ ადამიანებმა მოახერხეს სითბოსა და მტკიცე კავშირის პოვნა. თავშესაფარი მათი სახლი გახდა, პერსონალი კი — ოჯახი.

მოხუცები გვიყვებიან თავიანთ ისტორიებს არა როგორც მოგონებებს, არამედ როგორც ცოცხალ გამოცდილებას, რომელიც დღესაც გრძელდება.

თავშესაფრის ბენეფიციარი, მზია გოგუაძე ღიმილით იხსენებს: „გული სულ აქა (ბეთელში) მრჩებოდა ხოლმე, როცა ერთი დღით ვსტუმრობდი და ისე მოხდა, რომ ბოლოს ოცნება ამიხდა.“ მისი თვალები ლაპარაკობს იმაზე, რაც სიტყვებით ძნელი გადმოსაცემია — შინაგანი მშვიდობა, კმაყოფილება და მადლიერება იმ ადგილისა და ადამიანების მიმართ, ვინც ამ საოცარი გარემოს ნაწილი გახდა.

ეს ვიდეოამბავი არის არა მხოლოდ იმის მოსმენა, რას ამბობენ მოხუცთა თავშესაფარში — არამედ შეგრძნება იმისა, რომ სიბერე არ ნიშნავს დასასრულს. და როცა უსმენ თუ როგორ გიყვებიან ერთმანეთზე, ხვდები, რომ შესაძლოა სხეული დაბერდეს, მაგრამ გული და სიცოცხლის ხალისი ნამდვილად არ ბერდება.