ავტორი: ლუკა ამბალია
ევროკავშირი საქართველოს განვითარებისთვის
საქართველო და ევროკავშირი ათწლეულზე მეტია რაც მჭიდროდ თანამშრომლობენ. ევროკავშირი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი პოლიტიკური და ეკონომიკური პარტნიორია. თუმცა ამ თანამშრომლობას ყველაზე მკაფიოდ ჩვეულებრივი ადამიანების ცხოვრებაში და განსაკუთრებით მეწარმეთა ყოველდღიურობაში აქვს რეალური გამოძახილი.
EU-ს მხარდაჭერით საქართველოში უკვე ათასობით მცირე და საშუალო მეწარმემ მიიღო დაფინანსება, ტრენინგი, ცოდნა, საერთაშორისო კონტაქტები, რითაც ხელი მიუწვდებათ ევროპის ბაზრებზე. ეს ყველაფერი კი უკვე აქ, საქართველოში ქმნის ახალ პროდუქტებს, ახალ სამუშაო ადგილებს და რაც მთავარია, ახალ შესაძლებლობებს.
საქართველოში ევროკავშირის დაფინანსების უმთავრესი ნაწილი ისეთ მიზნებზეა ორიენტირებული, როგორიცაა დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების მხარდაჭერა, ინფრასტრუქტურის განვითარება, ევროკავშირთან ვაჭრობის ხელშეწყობა, ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოება და ზოგადად, საქართველოს ევროპეიზაცია.
საქართველოში ევროკავშირის დაფინანსება მნიშვნელოვან როლს ასრულებს შემდეგ მიმართულებებში:
- სოციალური და ეკონომიკური განვითარება
ადგილობრივი ბიზნესის მხარდაჭერა: მცირე და საშუალო საწარმოების დაფინანსება, მათი კონკურენტუნარიანობის გაზრდისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნისთვის.
ინოვაციები და ტექნოლოგიები: სტარტაპების ხელშეწყობა და ინოვაციური ეკოსისტემის განვითარება.
- განათლება და ახალგაზრდობა
Erasmus+ პროგრამა: სტუდენტებისთვის და აკადემიური პერსონალისთვის გაცვლითი პროგრამები.
ახალგაზრდული პროექტები: არაფორმალური განათლების, მოხალისეობის და ახალგაზრდული ორგანიზაციების მხარდაჭერა.
- სოციალური ინკლუზია
ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვა: ქალთა გაძლიერება, ოჯახური ძალადობის პრევენცია და ბავშვთა დაცვის სერვისები.
ხანდაზმულთა და შშმ პირთა მხარდაჭერა: ინკლუზიური პოლიტიკებისა და სერვისების განვითარება.
- რეგიონული განვითარება
სოფლის მეურნეობა: ფერმერებისთვის ტრენინგებისა და დაფინანსების უზრუნველყოფა.
ინფრასტრუქტურული პროექტები: გზების, წყლის მომარაგებისა და ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება.
- დემოკრატია და ადამიანის უფლებები
სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა: არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება და მოქალაქეების ჩართულობის წახალისება.
სასამართლო სისტემის რეფორმა: სამართლებრივი ინსტიტუტების გაძლიერება და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა.
- გარემოს დაცვა და კლიმატის ცვლილება
ენერგეტიკის სექტორის რეფორმა: მწვანე ენერგიის გამოყენების წახალისება.
ნარჩენების მართვა: ეკოლოგიური პროექტები, რომლებიც ნარჩენების გადამუშავებისა და ეკოსისტემის დაცვას ემსახურება.
გარდა ამისა, ევროკავშირის დახმარება ასოცირებულია ისეთ წარმატებულ პროექტებთან, როგორებიცაა:
- ენგურჰესის რეაბილიტაცია;
- სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალის მშენებლობა;
- ევროპული სკოლის დაარსება თბილისში;
- 2008 წლის რუსეთის აგრესიის შემდგომ 500 მილიონი ევროს ღირებულების დახმარება, რომლის დიდი ნაწილი იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებლების მშენებლობაზე დაიხარჯა;
- 2015 წლის წყალდიდობის შემდგომ 50 მილიონ ევრომდე დახმარება წყალდიდობის შედეგების აღმოსაფხვრელად;
- კოვიდ-პანდემიის პერიოდში 300 მილიონ ევრომდე ფინანსური დახმარების გამოყოფა, მათ შორის აღჭურვილობის გადმოცემა ჩვენი ჯანდაცვის სისტემისათვის და მედიკოსთა გადამზადება;
- განათლების მხარდაჭერა (Erasmus+), მათ შორის 6000-ზე მეტი სტუდენტის სწავლების დაფინანსება ევროპულ უნივერსიტეტებში;
- ქართველ მეცნიერთა და კულტურის მოღვაწეთა მობილობების მხარდაჭერა და სხვა.
ევროკომისიის მონაცემების ბოლო ანალიზის საფუძველზე, 2019-2024 წლებში საქართველოს სამინისტროებისა და სხვა სახელმწიფო ინსტიტუტების მიერ მიღებული ევროკავშირის დაფინანსება 517 მილიონ ევროს შეადგენდა.
დაფინანსების ერთი მესამედი განკუთვნილი იყო სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის, რომლებიც მონიტორინგს ახორციელებდნენ, ხელს უწყობდნენ და თანამშრომლობდნენ სამთავრობო უწყებებთან ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: ადამიანის უფლებები, ევროკავშირის სტანდარტების მიღება, გენდერული თანასწორობა და დეცენტრალიზაცია.
ამასთან, 2019-2024 წლებში ევროკავშირისგან მიღებული 46.1 მილიონი ევროს ორ მესამედზე მეტი განკუთვნილი იყო სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებითვის საქართველოს მოსახლეობის დასახმარებლად და სერვისების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად ისეთ სფეროებში, როგორიცაა: მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერა, პროფესიული განათლება, მეწარმეობა, სოციალური სერვისები, ახალგაზრდების ჩართულობა და თემის განვითარება, კულტურის სფერო, გარემოს დაცვის ღონისძიებების გატარება.
კვლევის წყარო: https://eu4georgia.eu/ka/evrokavshiris-mkhardachera-sakartveloshi/?mibextid=xfxF2i
ევროკავშირთან თანამშრომლობის ერთ-ერთ უმთავრეს, ხელშესახებ სარგებელს, რომელიც ევროკავშირთან არის ასოცირებული, შენგენის სივრცეში უვიზოდ მიმოსვლა წარმოადგენს. უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ საქართველოს არცერთი მეზობელი ქვეყნის მოქალაქეს არ აქვს შენგენის სივრცეში უვიზოდ მიმოსვლის საშუალება. ვიზალიბერალიზაციას საქართველოსთვის უდიდესი პოლიტიკური და პრაქტიკული მნიშვნელობა გააჩნია.
საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელმოწერიდან დღემდე, ევროკავშირში ექსპორტი 20%-ით გაიზარდა, ხოლო ევროკავშირი საქართველოს უმთავრესი სავაჭრო პარტნიორია. ევროპული ბაზრის გახსნამ მნიშვნელოვნად გაზარდა ქართული ღვინის და თხილის, როგორც ხარისხი, ასევე, საექსპორტო მოცულობები. საქართველომ დაიწყო ისეთი პროდუქტების ექსპორტი ევროკავშირში, როგორებიცაა: ქართული კივი, ლურჯი მოცვი, ნატურალური ჯემები, წვენები, მწვანილი, ხილის ჩირი, ასევე ცხოველური წარმოშობის პროდუქტებიდან, შესამჩნევად გაიზარდა ქართული თაფლის ხარისხი, რომელიც ბოლო რამდენიმე წელია, წარმატებით იყიდება ევროკავშირის ბაზარზე.
საქართველოს გარდა, არცერთ მეზობელ ქვეყანას არ გააჩნია თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ევროკავშირთან, რაც ჩვენს ქვეყანას, უცხოური პირდაპირი ინვესტიციებისთვის მიმზიდველ ადგილად აქცევს. კერძოდ, საქართველოში ინვესტირების და ადგილობრივი ნედლეულის ბაზაზე პროდუქციის წარმოების შემთხვევაში, ინვესტორს ეძლევა საშუალება, რომ ნულოვანი საბაჟო ტარიფით გაიტანოს პროდუქცია ევროკავშირის მილიონიან ბაზარზე.
საქართველოსთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო ევროკომისიამ. კერძოდ, ქვეყანაში მოქმედი კომპანიებისთვის გაიხსნა ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის სახელმწიფო შესყიდვების ბაზარი, რაც გულისხმობს, რომ საქართველოში მოქმედ კომპანიებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში გამოცხადებულ ტენდერებში და შესთავაზონ საკუთარი პროდუქცია უმსხვილეს ბაზარს. იქიდან გამომდინარე, რომ ევროპაში ყოველწლიურად დაახლოებით 250 ათასი შემსყიდველი ორგანიზაცია ყიდულობს საქონელსა და მომსახურებას დაახლოებით 2 ტრილიონი ევროს ჯამური თანხის ოდენობით, საქართველოსთვის საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში, ეს უდიდესი ეკონომიკური სარგებლის მომტანი იქნება.
2009 წლიდან, ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას EU4Business პროგრამის მეშვეობით. ამჟამად ქვეყანაში მოქმედებს 50-მდე სხვადასხვა პროექტი, რომელთა საერთო ბიუჯეტი 320 მილიონ ევროს აღემატება.
აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში მხოლოდ 2019 წელს, საქართველოში 36 000-ზე მეტი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა განხორციელდა, რის შედეგადაც 30 000 ახალი სამუშაო ადგილი და 400 მილიონ ევრომდე დამატებითი შემოსავალი შეიქმნა.
მხოლოდ EU4Business პროგრამის ფარგლებში, 2020-2023 წლებში, საქართველოს მასშტაბით მხარდაჭერილია 2200-ზე მეტი მცირე და საშუალო მეწარმე, მათ შორის ქალები, ახალგაზრდა მეწარმეები და რეგიონული ინიციატივები. წყარო: EU4Business Annual Report 2023
ევროკავშირის მხარდაჭერა მეწარმეებისთვის – შესაძლებლობებიდან წარმატებამდე (ბულეთი)
ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოში მეწარმეობის განვითარებაში გადამწყვეტ როლს ასრულებს. ათასობით ბენეფიციარმა უკვე შეძლო საკუთარი ბიზნესის წამოწყება ან გაფართოება; შექმნეს უნიკალური, ხელნაკეთი პროდუქტები, მოიპოვეს ცოდნა, ტექნიკური მხარდაჭერა და ახალი ბაზრებზე წვდომა.
ამ გზით ისინი არა მხოლოდ საკუთარი ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას ახერხებენ, არამედ სხვებსაც უნაწილებენ გამოცდილებას და ქმნიან ახალ სამუშაო ადგილებს.
ვიდეოში წარმოდგენილი რესპონდენტები ამ ისტორიების მატარებელია. თითოეული მათგანი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტების შედეგად გაჩენილი შესაძლებლობის რეალური გამოძახილია.
ევროკავშირი აქტიურად უჭერს მხარს საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებებისა და შესაძლებლობების გაფართოებას. ევროკავშირის დახმარებით ხორციელდება არაერთი პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს შშმ პირების სოციალური ჩართულობის გაზრდას, მათი უფლებების დაცვას, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებასა და ინკლუზიური გარემოს შექმნას.
ევროკავშირი მნიშვნელოვან ფინანსურ მხარდაჭერას უწევს ისეთ ორგანიზაციებს, როგორებიცაა: კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის, რომლებიც მუშაობენ შშმ პირების ინტერესების დასაცავად. დაფინანსების ფარგლებში ხორციელდება ინიციატივები, რომლებიც მოიცავს ფიზიკური და ინფორმაციული გარემოს ადაპტირებას, განათლებისა და დასაქმების ხელშეწყობას, ადვოკატირებას.
ვრცლად იხილეთ ვიდეოში
ევროპა საქართველოსთვის მხოლოდ გეოგრაფიული მიზანი არ არის. ევროპა ღირებულებებია, დემოკრატია, ადამიანის უფლებები, თავისუფალი მეწარმეობა, განათლების ხელმისაწვდომობა და სოლიდარობა.
პარტნიორობა კი განსაკუთრებით კარგად ჩანს მაშინ, როცა ვუყურებთ რეალურ ისტორიებს; ადამიანებს, რომლებმაც ევროკავშირის მხარდაჭერით დაიწყეს საქმე, შეიძინეს ცოდნა, შექმნეს პროდუქტები, მოიპოვეს ადგილი ბაზარზე და ააშენეს უკეთესი მომავალი.
სწორედ ამიტომ, ვეკითხებით საქართველოს მე-5 პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს – „რატომ ევროპა?“
დღეს, საქართველო დგას არჩევანის წინაშე: ევროპული გზა არ არის მხოლოდ საგარეო კურსი, ეს არის ღირებულებითი არჩევანი, რომელიც განსაზღვრავს ქვეყნის მომავლის ხარისხს, სამართლებრივი სახელმწიფოს სიმტკიცეს, განათლებისა და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობას, ეკონომიკურ შანსებსა და მოქალაქეთა უფლებების დაცვას.
EU არ ცვლის საქართველოს, ის აძლიერებს იმ პოტენციალს, რაც ქვეყანას უკვე გააჩნია. ეს არის თანაბარი პარტნიორობა, სადაც მთავარ როლს მოქალაქეები ასრულებენ, მათი იდეები, შრომა და გაბედული ნაბიჯები.
როცა ვსვამთ კითხვას: „რატომ ევროპა?“ პასუხი ჩანს სწორედ ამ ადამიანების ისტორიებში: ევროპა ნიშნავს შესაძლებლობებს, მხარდაჭერას, სტაბილურობას და თავისუფლებას.
და სწორედ ამიტომ, ევროპა – ეს არის საქართველოს მომავალი.

