
ავტორი: მარიამ ჩალაური
ჯანდაცვის მოფლიო ორგანიზაციის განმარტებით, სიმსუქნე ქრონიკული დაავადებაა, რომელიც ორგანიზმში ცხიმის გადაჭარბებულ რაოდენობას ნიშნავს და საფრთხეს უქმნის ჯანმრთელობას; სიმსუქნის კლასიფიკაცია სხეულის მასის ინდექსის გამოთვლით დგინდება. თუ სიმაღლისა და წონის ფარდობისას მიღებული რიცხვი 30-ს აჭარბებს, დგება პირველი ხარისხის სიმსუქნე.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, საქათველო სიმსუქნის მაღალი გავრცელების მაჩვენებლის მქონე ქვეყნებს შორისაა. კერძოდ, 10 ზრდასრული ადამიანიდან 6-ზე მეტი ჭარბწონიანია, მათ შორის 3 მსუქანი. პრობლემურია ბავშვთა ჭარბწონიანობის საკითხიც. საქართველოში 7-9 წლის მოსწავლეების 27% ჭარბწონიანია, აქედან 11% მსუქანი.
სიმსუქის წინააღმდეგ ბრძოლა რთული, კომპლექსური საკითხია. ზოგი კალორიებს ითვლის,ზოგი სპორტდარბაზში გატარებულ საათებს. სხვები წონის დასაკლებ ფერად-ფერად ,,კოქტეილებს’’ სვამენ ან მკაცრი დიეტითა და საყვარელი საჭმლის აკრძალვით ცდილობენ ფორმაში ჩადგომას. ეს პროცესი ხშირად გაცილებით მეტია, ვიდრე მხოლოდ ფიზიკური შრომა — მას თან ახლავს ძლიერი ფსიქოლოგიური დაძაბულობა, თვითშეფასების კრიზისი თუ სოციალური ზეწოლა. პრობლემას სიმძაფრეს ჰმატებს თანამედროვე ტენდენციები, არარეალური სტანდარტები თუ სოციალური ქსელებიდან მომზირალი იდეალური სხეულები.
პროკრუსტეს სარეცელი დღესაც არსებობს. ერთი ფორმისა და ზომის ადამინებს რკინის საწოლის მაგივრად, ინსტაგრამის ფილტრები, ფოტოშოპი თუ სხვა თანამედროვე აპლიკაციები ქმნის. იდეალური ფორმების მიღწევა განსაკუთრებით სასურველია მაშინ, თუ პრობლემას ერთი პრეპარატი, ოფლის დაუღვრელად გადაჭრის. ბოლო წლებში ასეთი აქტუალურობა ანტიდიაბეტურმა პრეპრატ ,,ოზემპიკმა’’ შეიძინა. მედიკამენტის პოპულარობამ მსოფლიო მოიცვა. 2024 წელს ილონ მასკმა საკუთარ პლატფორმაზე სანტას ფორმაში გამოწყობილი ფოტოც გამოაქვეყნა, წარწერით – ,,ოზემპიკის სანტა’’. ,,იქსის’’ მფლობელი დაკლებულ კილოგრამებს მედიკამენტს უმადლის.
საქართველოში პრეპარატის ,,ბუმი’’ 2023 წელს დაიწყო, როცა ადამიანებმა სამედიცინო დანიშნულებისა და საჭიროების გარეშე, თვითნებურად დაიწყეს ინექციის გაკეთება.ხელოვნურად შექმნეს ,,ოზემპიკის’’ დეფიციტი იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ნამდვილად ესაჭიროებათ ანტიდიაბეტური საშუალება.
რა არის ოზემპიკი და რა კავშირი აქვს მას წონის კლებასთან?
სემაგლუტიდი (სავაჭრო სახელწოდება – ოზემპიკი) არის მეორე ტიპის დიაბეტის სამკურნალო საინექციო მედიკამენტი,რომელიც ფიზიკურ აქტივობასა და კვების სწორ რეჟიმთან ერთად სისხლში შაქრის დონეს არეგულირებს. სემაგლუტიდის განსაზღვრული დოზის მიღებისას ითრგუნება მადა და აღინიშნება დამატებითი ეფექტი წონის კლების კუთხით. სემაგლუტიდი თავის ტვინსა და ნაწლავებში არსებულ მადის ცენტრებზე მოქმედებს და დანაყრების შეგრძნებას აძლიერებს. ის ასევე , მოქმედებს კუჭქვეშა ჯირკვალზე, ხელს უწყობს ინსულინის ნორმალურ გამომუშავებას. ოზემპიკის მიღებას ისეთი გვერდითი მოვლენები ახასიათებს, როგორებიცაა :

- გულისრევა
- ღებინება
- ფაღარათი და შეკრულობა.
- სხვადასხვა ინტენსივობის მუცლისა და თავის ტკივილი.
ენდოკრინოლოგ სალომე ჟვანიას განმარტებით, ოზემპიკის მიღების დროს, შესაძლებელია განვითარდეს პანკრეატიტი, რომელსაც სერიოზული გართულებები მოჰყვება, მათ შორის – პოსტპანკრეატიტული შაქრიანი დიაბეტი. ნაღვლის ბუშტის გაღიზიანება, განსაკუთრებით – კენჭოვანი დაავადების მქონე პაციენტებთან, თირკმლის მწვავე უკმარისობა და მწვავე ალერგიული რეაქცია. ,,სემაგლუტიდის ცხოველებზე ცდების ჩატრებისას ფარისებრი ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნე გამოიწვია, ამიტომ არამარტო ოზემპიკის, არამედ არანაირი მედიკამენტის გამოყენება თვითნებურად არ არის რეკომენდებული და მსგავსი ქმედება ჯანმრთელობასა და ხშირად პაციენტების სიცოცხლესაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის.’’, – განმარტავს ენდოკრინოლოგი.
ნინო ნაცვლიშვილმა ოზემპიკით მკურნალობა ენდოკრინოლოგის დანიშნულებით პრედიაბეტის სამკურნალოდ დაიწყო. მიუხედავად იმისა,რომ იგი ინექციას უკვე ერთი წელია იკეთებს, მისი თქმით პრეპარატს სრულაც არ ჰქონია გავლენა მადაზე და შესაბამისად არ დაუკლია წონაში.
ოზემპიკით მკურნალობის განსხვავებულ გამოცდილებას აზიარებს ლელა კიკნაველიძე. ,,მოხმარების პერიოდში მადა მიქვეითდებოდა, ბევრს ვერ ვჭამდი და ამის ხარჯზე ვიკლებდი. როგორც კი შევწყვეტდი პრეპარატის მოხმარებას ,დაახლოებით, 10-14 დღეში გაორმაგებული კვებთი აშლილობა მემართებოდა და კვლავ ვიმატებდი’’.

პრეპარატი განსაკუთრებით ეფექტურია, როცა სახეზე გვაქვს მისი აუცილებელი საჭიროება. შორენა ჩიბუხაია მედიკამენტის დადებით ჩვენებებზე საუბრობს და იხსენებს გრძელ გზას; უამრავ გამოცვლილ ექიმს, არასწორ მკურნალობას, რის შედეგადაც, ის წონაში მუდმივად იმატებდა. ,,რამდენიმე წლის წინ ძალიან მოვიმატე წონაში, რაც გამოწვეული იყო მენოპაუზიდან გამომდინარე ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებებით. მივმართე არაერთ ენდოკრინოლოგს და დავიწყე მტანჯველი დიეტებით, ვჭამდი ერთი კვირის მანძილზე ერთსა და იმავე საკვებს. ვიკლებდი 3-4 კგ-ს და ვიმატებდი 2-ჯერ მეტს. მოვიმატე 20 კილოგრამი და 97 კილოს მივუკაკუნე. მქონდა მაღალი ქოლესტერინი, ღვიძლის გაცხიმოვნება, გამუდმებით მტკიოდა მუხლები. გადავწყვიტე ბარიატრიის გაკეთება. ოპერაციამდე ჩემმა ქირურგმა მირჩია ხელახლა გამეკეთებინა ანალიზები. მომატებული მქონდა ჰომა ინდექსი. წავედი ენდოკრინოლოგთან, რომ დაენიშნა ოზემპიკი. რაზეც მან კატეგორიული უარი მითხრა. ბოლოს , ისევ ჩემი ქირურგის რჩევით დავიწყე ოზემპიკის გაკეთება. გავიკეთე 6 თვის განმავლობაში და დავიკელი თითქმის 20 კილომდე. ახლა ვარ 77 კილოგრამი. მე ოზემპიკმა სიცოცხლე გადამირჩინა”.
სოფო ჯაფარიძემ ოზემპიკით მკურნალობა თვითნებურად გადაწყვიტა. რის შედეგაც მისი მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა. ,, შეიძლება უხეში შედარებაა, მაგრამ როდესაც ადამიანს არ აქვს მაღალი წნევა, მაგრამ დალევს წნევის დამწევს, ის, რა თქმა უნდა, ცუდად გახდება. დაახლოებით იგივე დამემართა”. სოფოს თქმით, მის მეგობრებ , რომლებმაც ექიმის დანიშნულებით დაიწყეს პრეპარატით მკურნალობა, არ შეჰქმნიათ ჯანმრთელობის პრობლემები.
ოზემპიკი და ორსულობა
გინეკოლოგ ნათია შენგელიას თქმით, ოზემპიკის თვითნებური გამოყენება შეიძლება ზეგავლენას ახდენდეს როგორც დაორსულებაზე, ისე ნაყოფის ჯანმრთელობაზე. პრეპარატს ჰორმონებზე და მეტაბოლიზმზე აქვს მოქმედება, რამაც შეიძლება დაარღვიოს რეპროდუქციული სისტემა და ზიანი მიაყენოს ნაყოფს. პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს ორსულობადე ორი თვით ადრე. ,,თუ პაციენტს აქვს შაქრიანი დიაბეტი და არის ორსულად, ენდოკრინოლოგმა მას უნდა შესთავაზოს შემდეგი ალტერნატივები:

- ინსულინი — უსაფრთხოა ორსულობის დროს და ყველაზე ხშირად გამოიყენება.
- დიეტა და ფიზიკური აქტივობა — ძირითადი მეთოდებია გესტაციური დიაბეტის(დიაბეტი,რომელიც უვითარდებათ ქალებს ორსულობას) დროს’’.
როგორ მოვიქცეთ?
ოზემპიკი შესაძლოა იყოს კარგი გამოსავალი მათთვის, ვისაც ეს პრეპარატი სამედიცინო თვალსაზრისით ესაჭიროება, თუმცა მისი თვითნებური გამოყენება სერიოზულ საფრთხეს უქმნის ჯანმრთელობას. ყველა ადამიანის ორგანიზმი ინდივიდუალურია. თითოეულ ჩვენგანზე სხვადასხვა პრეპარატი სხვადასხვანაირად მოქმედებს. სჯობს მივყვეთ პროფესიონალების რჩევას, ვიდრე ჩავიტაროთ თვითნებური ,, მკურნალობა’’.