
ავტორი: მარიამ ეგაძე
თბილისი, ქალაქი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ბუნებასა და არქიტექტურას შორის ბალანსს ინარჩუნებდა, დღეს უმოწყალო მშენებლობის ტალღის ქვეშაა მოქცეული. კორპუსები ერთი მეორის მიყოლებით შენდება მწვანე ზონების, ტყეების, ბაღებისა და იმ სივრცეების განადგურების ხარჯზე, რომლებიც ჰაერის სისუფთავეს, ნიადაგის სტაბილურობასა და მიკროკლიმატს უზრუნველყოფენ. ურბანული გაფართოება ეკოლოგიურ კრიზისად იქცა: მცირდება ჟანგბადის ბუნებრივი წყაროები, იზრდება მტვრისა და გამონაბოლქვის დონე.
ეს არ არის მხოლოდ არქიტექტურული ან ინფრასტრუქტურული ცვლილება, ეს არის ბრძოლა ეკოსისტემასთან, რომელიც ჩრდილში რჩება მშენებლობის, ხმაურისა და ფინანსური მოგების ინტერესების ფონზე.
როგორ ანადგურებს უკონტროლო მშენებლობა თბილისის ბუნებრივ გარემოს და რატომა არის აუცილებელი რეაგირება?
შენება, რომელიც ანგრევს

თბილისში მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობა გასაოცარი სისწრაფით მიმდინარეობს. ურბანიზაცია ბუნებრივი გარემოს ხარჯზე ვითარდება. გარემოსდამცველები წლებია აფრთხილებენ საზოგადოებას, რომ მშენებლობის ასეთმა ტემპმა შეიძლება ქალაქის ეკოსისტემის სრული რღვევა გამოიწვიოს. ხეები, ბუჩქები, ბუნებრივი საფარი, ყველაფერი, რაც ქალაქს სუნთქვის საშუალებას აძლევს, ბეტონის ქვეშ ექცევა.
ფართომაშტაბიანმა მშენებლობამ ტყის გაჩეხვა და მწვანე სივრცეების შემცირება გამოიწვია. ეს პირდაპირ აისახება მოსახლეობის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობაზე: ალერგიები, სუნთქვის გაძნელება და სტრესი ქალაქის ცხოვრების ნაწილად იქცა.
ეკოლოგიურ საფრთხეებთან ერთად, შენება ხშირად ნიშნავს გეოლოგიური სტაბილურობის დარღვევასაც. ბევრი კორპუსი შენდება მეწყრულ და ღვარცოფულ ზონებზე, რაც ბუნებრივ კატასტროფებს კიდევ უფრო ამძაფრებს.
მაგრამ ეს მხოლოდ გარემოს არ ეხება, შენება ანგრევს ქალაქის იდენტობასაც. ძველი უბნები, რომლებიც თბილისს უნიკალურ ხასიათს ანიჭებდა, ახალი, უსახო და მონოტონური კორპუსებით იცვლება. არქიტექტურა, რომელიც ქალაქის ისტორიას ყვებოდა, გზას უთმობს სწრაფად აგებულ, უხარისხო შენობებს.
ამ ყველაფერს ემატება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, არაორგანიზებული ინფრასტრუქტურა. ახალი კორპუსები ჩნდება იქ, სადაც არ არის სათანადო გზები, საბავშვო ბაღები, სკვერები ან ავტოსადგომები. შედეგად, იქმნება გადატვირთული, არაკომფორტული საცხოვრებელი სივრცეები.
ეკოლოგიური საფრთხეები თბილისში განაშენიანების პროცესში: ურბანული კვლევების ცენტრის ხედვა

ნანო ზაზანაშვილი, ურბანული კვლევების ცენტრის პროექტის ხელმძღვანელი, აღნიშნავს, რომ საქართველოში ეკოლოგიური ზეგავლენის საკითხზე საკმარისი კვლევები არ არსებობს, რაც ართულებს ურბანული განვითარების ეკოლოგიური რისკების სრულფასოვან ანალიზს. მიუხედავად ამისა, თბილისის მაგალითზე შესაძლებელია რამდენიმე ძირითადი საფრთხის გამოკვეთა:
1.სარეკრეაციო ზონების შემცირება და განაშენიანება
სარეკრეაციო სივრცეების სამშენებლო ზონებად გადაქცევა სისტემურ ხასიათს ატარებს, რასაც ადასტურებს მტკვრის მარჯვენა სანაპიროს განაშენიანების პროცესი და კონკრეტული მაგალითები, როგორიცაა ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორია და იპოდრომის ტყე. აღნიშნული ტენდენცია ზრდის ეკოლოგიურ რისკებს, ამწვავებს ქალაქის გათბობის ეფექტს („თბური კუნძულების“ წარმოქმნა) და უარყოფითად მოქმედებს ჯანმრთელობაზე და გარემოზე.
რეკომენდაცია: აუცილებელია სარეკრეაციო ზონების სამშენებლო ზონებად გადაკეთების პრაქტიკის შეწყვეტა.
2. სუბურბანული განაშენიანების სწრაფი ზრდა
ქალაქის შემოგარენში დაბალი ინტენსივობის საცხოვრებელი სახლების მშენებლობა იწვევს ენერგიის მოხმარების ზრდას, ავტომობილებზე დამოკიდებულების გაძლიერებასა და ჰაერის დაბინძურებას.
რეკომენდაცია: თბილისის გენერალური გეგმის მკაცრი დაცვა და განაშენიანების პროცესის წარმართვა არსებული განაშენიანების კონტურის ფარგლებში; საჭიროების შემთხვევაში ინტეგრირებული დაგეგმვის დოკუმენტების შემუშავება გარემოსდაცვითი რისკების სათანადო შეფასებით.
3. გარემოსდაცვითი რისკების არასათანადო შეფასება
არსებული პრაქტიკა აჩვენებს, რომ ზოგიერთ შემთხვევაში (მაგალითად, ლაგუნა ვერეს პროექტი) გარემოს რისკები სათანადოდ არ არის შეფასებული, რაც მნიშვნელოვნად ზრდის მოსახლეობის უსაფრთხოების რისკებს ბუნებრივი საფრთხეების და კლიმატური ცვლილებების ფონზე.
რეკომენდაცია: საჭიროა რისკების სრული და ადეკვატური შეფასება თითოეული პროექტის განხორციელებამდე და გადაწყვეტილებების მიღება სწორედ ამ მონაცემების საფუძველზე.
ფაქტები, რომლებსაც ვეღარ გაექცევი
2025 წლის თებერვალში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 1.7 პროცენტით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ინდექსი გაიზარდა 4.9 პროცენტით.
ხეები იჭრება-ეკოლოგია ნადგურდება
1.წელს საქართველოს მასშტაბით დაფიქსირდა 1,105 შემთხვევა უკანონო ტყის ჭრისა და ხის მასალის ტრანსპორტირების, რომელთა შედეგად ამოღებულ იქნა დაახლოებით 1,500 კუბური მეტრი ხის მასალა . გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 2023 წელს მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოავლინა 12,772 გარემოსდაცვითი სამართალდარღვევა, მათ შორის 833 შემთხვევა თბილისში .
2.წელს საქართველოში გაცემულ იქნა 12,080 მშენებლობის ნებართვა, რაც 7.1%-ით მეტია წინა წელთან შედარებით. ამ ნებართვებიდან 46.8% მოდის თბილისზე, რაც მიუთითებს დედაქალაქში მშენებლობის მაღალი ინტენსივობისა და შესაბამისად, პოტენციური ზემოქმედების შესახებ მწვანე საფარზე .
მიუხედავად იმისა, რომ ზუსტი მონაცემები თბილისის მასშტაბით ხეების ჭრის შესახებ არ არის ხელმისაწვდომი, აღნიშნული ინფორმაცია მიუთითებს გარემოსდაცვითი გამოწვევების სერიოზულობაზე. მთავრობა ახორციელებს რეფორმებს ტყის სექტორში, მათ შორის ტყის კოდექსის მიღებასა და ტყის აღდგენის ღონისძიებებს, რაც მიზნად ისახავს მდგრადი ტყის მართვის უზრუნველყოფას . წყარო მივუთითო 2024 ავწიო მაღლა და მერე 2023.
კიდევ რა პრობლემები არსებობს? გეოლოგის დასკვნა -ლაშა სუხიშვილი
„საქართველოში დღემდე გამოიყენება 2009 წლამდე არსებული სეისმური რუკა“

თბილისის ურბანული პეიზაჟი ყოველდღიურად იცვლება. ქალაქი მაღლდება, ფართოვდება და ახალ-ახალი კორპუსებით იფარება. თუმცა რაც სიმაღლეში იზრდება, ხანდახან ფესვებიდან იცლება. „თბილისის ნიადაგი სხვადასხვაა: ზოგან მყარი, ზოგან კი ფერდობიანი და გეოლოგიურად არამდგრადი. სწორედ ამ უკანასკნელ ადგილებშია მეწყრული პროცესების განვითარების მაღალი რისკი,” — გვიხსნის გეოლოგი, რომელიც წლებია ქალაქის მიწისქვეშა სირთულეებზე მუშაობს.
სამწუხაროდ, რეალობა ხშირად ეწინააღმდეგება წესებს. „გეოტექნიკური კვლევა კანონით სავალდებულოა, მაგრამ პრაქტიკაში ბევრი მათგანი მხოლოდ ფურცელზე არსებობს,” – ამბობს ექსპერტი. მისი თქმით, ხშირია შემთხვევები, როდესაც დოკუმენტაცია ფორმალურად მზადდება, მაგრამ კვლევის ფაქტობრივი ნაწილი ან საერთოდ არ სრულდება, ან არასრულფასოვნად ტარდება. “დასკვნები იწერება,მონაცემების გადამოწმება კი თითქმის შეუძლებელია,” — ამბობს იგი.
არაერთხელ ყოფილა შემთხვევა, როდესაც აშკარად სახიფათო დასკვნაც კი უგულებელყოფილა. „მშენებლობის ნებართვა ხშირად გაიცემა მაშინაც კი, როცა დასკვნაში მითითებულია რისკები. ნეგატიური დასკვნები უბრალოდ იგნორირდება,” — გვიყვება გეოლოგი.ამ ყველაფერს ემატება კიდევ ერთი საგანგაშო გარემოება, რაც უკვე წლების წინ ვადაგასული დოკუმენტია. ამ რუკებზე დაყრდნობით კი კეთდება უსაფრთხოების გათვლები თანამედროვე კორპუსებისთვის. თბილისის არაერთი უბანი დღესაც საფრთხის ზონაშია. „ფერდობები, რომლებიც გარეგნულად სტაბილურად გამოიყურება, რეალურად შეიძლება პირველი დაინგრეს მიწისძვრის ან სხვა კრიტიკულ სიტუაციაში,” — გვაფრთხილებს გეოლოგი.
რამ შეიძლება შეცვალოს ეს სურათი? „ცნობიერების ამაღლება არ უნდა იწყებოდეს ტრაგედიის შემდეგ,” — ამბობს სპეციალისტი. მისი აზრით, უსაფრთხოება უნდა გახდეს ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი როგორც დეველოპერებისთვის, ისე მაცხოვრებლებისთვის. „ხშირად ადამიანები ბინას ირჩევენ ფასის, ხედის ან დიზაინის მიხედვით. უსაფრთხოებაზე კი არ ფიქრობენ.”
გადაწყვეტილება კომპლექსურ ძალისხმევაშია. სახელმწიფო, მერია, დამოუკიდებელი ექსპერტები და თავად საზოგადოება ერთად უნდა დაეხმაროს თბილისს, რომ დაიცვას თავი მომავალი საფრთხეებისგან. მშენებლობაზე ნებართვების გაცემა უნდა დაეფუძნოს რეალურ კვლევებს და არა მხოლოდ ფორმალურ დოკუმენტებზე. და რაც მთავარია, უსაფრთხოებაზე ზრუნვა სკოლიდანვე უნდა დაიწყოს — იმაზე პასუხისმგებლობით, თუ სად და როგორ ვცხოვრობთ.
ცხოვრება ჩრდილში
მოსახლეობას ხშირად აღარ რჩება არჩევანი. ისინი იძულებულები ხდებიან იცხოვრონ იმ გარემოში, სადაც მზის შუქს ჩრდილავს ახალი კორპუსი.
ამ ჩრდილში იზრდება ახალი თაობაც. იზრდება სითბოს, სუფთა ჰაერისა და მწვანე სივრცის გარეშე. მშენებარე კორპუსების გარშემო არ არსებობს სუფთა სკვერები, უსაფრთხო სათამაშო მოედნები, რომლებიც ბავშვებს ბუნებასთან დაახლოების საშუალებას მისცემს.
რას ფიქრობს მოსახლეობა?

„კორპუსები ყოველ დღე მატულობს, მწვანე სივრცე კი იკლებს. ქალაქი თითქოს ვეღარ იტევს ამდენ შენობას — სუნთქვაც კი გვიჭირს, განსაკუთრებით ზაფხულში. ეს უკვე ეკოლოგიური კატასტროფისკენ მიმავალ გზას ჰგავს,“ — ამბობს ბესო ქებაძე, ვაზისუბნის მაცხოვრებელი.
„ძველი დიღომი რომ მახსოვს, სუფთა ჰაერი და სიმწვანე იყო მთავარი ღირსება. ახლა კი ყველგან ბეტონია. დილაობით ჰაერი მტვრით არის სავსე და ვეღარ ვცოცხლობთ. ეს აღარ არის დასასვენებელი ადგილი, ეს არის გიგანტური სამშენებლო მოედანი,“ — ამბობს მაია სამადაშვილი, დიღმის მაცხოვრებელი.
დასასრული თუ დასაწყისი?
მშენებლობები გარდაუვალია, ქალაქი ვითარდება, მაგრამ განვითარება, რომელიც მხოლოდ სიმაღლეზეა ორიენტირებული და არა სიღრმეზე, შესაძლოა, წარსულისგან დათმობილი მომავლის ფასი გახდეს. კითხვა: ვისთვის ვაშენებთ ქალაქს და რას ვანგრევთ ამ პროცესში? კვლავ პასუხგაუცემელია. როცა ურბანული ზრდა უგულებელყოფს ბუნებრივ ეკოსისტემას, საბოლოო ზარალს ვიღებთ ყველანი, არა მხოლოდ ბუნება, არამედ ადამიანები, რომლებიც ამ სივრცეში ცხოვრობენ.