დამოუკიდებლობის 107 წელი

ავტორი: მარიამ ეგაძე

1918 წლის 26 მაისს ეროვნულმა საბჭომ თბილისში დამოუკიდებლობის აქტი გამოაცხადა. ამ დღის შედეგად დაფუძნდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა, პირველი დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფო რუსეთის იმპერიის დაშლის შემდეგ.

ნოე ჟორდანია

საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას პრეზიდენტი არ ჰყავდა. ქვეყნის მმართველობას მთავრობის თავმჯდომარე, ნოე ჟორდანია ხელმძღვანელობდა.

საბჭოთა პერიოდში, დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა აკრძალული იყო. მიუხედავად ამისა, ბევრ ქართულ ოჯახში, ეს თარიღი მახსოვრობაში რჩებოდა, როგორც დაკარგული თავისუფლების დღე და პირად წრეში, ფარულად, პატრიოტული ხასიათით აღინიშნებოდა.
მაგალითად, 1980-იან წლებში, დისიდენტები და ეროვნული მოძრაობის წევრები ცდილობდნენ, შეეხსენებინათ ხალხისთვის თარიღის ისტორიული მნიშვნელობა, თუმცა, ხშირად პროცესს თან ახლდა სახელმწიფოს მხრიდან დევნა.

1991 წელს, როდესაც საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა საბჭოთა კავშირისგან, 26-მა მაისმა აღდგენილი მნიშვნელობა შეიძინა.

90-იანი წლები მძიმე იყო ქვეყნისთვის. პოლიტიკურმა არასტაბილურობამ და ომებმა იმოქმედა ხალხის განწყობაზე, თუმცა, ამ დღემ მაინც შეინარჩუნა სიმბოლური დატვირთვა. ხალხი შეკრებას იწყებდა საჯარო ადგილებში, ეროვნული დროშებითა და სიმღერებით.

უკანასკნელ ათწლეულში 26 მაისი გადაიქცა მასშტაბურ დღესასწაულად. თბილისში და ქვეყნის სხვა დიდ ქალაქებში იმართება კონცერტები, ღია სივრცეების გამოფენები, სამხედრო ტექნიკის ჩვენება და კულტურული ღონისძიებები.
რუსთაველის გამზირი განსაკუთრებული სივრცე ხდება, სადაც სხვადასხვა პროფესიის, ასაკისა და შეხედულების ხალხი იყრის თავს.

მიუხედავად ოფიციალური ზეიმისა და მასშტაბური ღონისძიებებისა, საზოგადოების ნაწილისთვის დამოუკიდებლობის დღე არ არის მხოლოდ აღსანიშნავი დღე, არამედ – დაკვირვებისა და კრიტიკულად ფიქრის დრო. 

საზოგადოების ნაწილი თვლის, რომ საქართველოს წინაშე დღესაც მრავალი მნიშვნელოვანი გამოწვევა არსებობს: ეკონომიკური სირთულეები, პოლიტიკური პოლარიზაცია და ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი.