
ავტორი: მარიამ მხეიძე
დროსთან ერთად რეგიონები უფრო და უფრო ცარიელდება. ახალგაზრდები ტოვებენ სოფლებს და ცდილობენ საცხოვრებლად და სამუშაოდ თბილისში ან სხვა დიდ ქალაქებში გადაინაცვლონ. ეს არ არის ყოველთვის მათი არჩევანი, არამედ, აუცილებლობაა თავის გადასარჩენად.
რეგიონში ვაკანსიების სიმცირე, დაბალი ხელფასები და პროფესიული განვითარების შეზღუდული შესაძლებლობები უბიძგებს ადამიანებს დედაქალაქში წასვლისკენ.
დასაქმება საქართველოში ერთ-ერთი პრობლემური საკითხია, რომელიც ადამიანის სოციალურ კეთილდღეობასთან ერთად, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასაც განსაზღვრავს. ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას რეგიონებში მცხოვრებთათვის, სადაც არ ფუნქციონირებს მსხვილი კომპანიები ან ფართო დამსაქმებელი ქსელები, რაც, თავის მხრივ, ვაკანსიების დეფიციტს იწვევს.
“სამი შვილის მშობელი ვარ, აქედან ორი სტუდენტია და მომიწია მათთან ერთად გადმოსვლა თბილისში. უმცროსი შვილიც აქ გადმოვიყვანე სკოლაში, რადგან ფიზიკურად ვერ შევძლებდი ჩემი ხელფასით მათ რჩენას. საცხობში ვმუშაობდი, სადაც ჩემი ანაზღაურება დღეში 20 ლარი იყო. ჩემი მეუღლე სახლს ვერ ტოვებს და თვითდასაქმებულია. მხოლოდ დღესასწაულებზე ვახერხებთ ერთმანეთის ნახვას, მაგრამ რას იზამ, შვილების კეთილდღეობისთვის ასე იყო საჭირო” – ამბობს ეკა კოვზირიძე სამტრედიიდან.
დედაქალაქში გადმოსვლა მოქალაქეებისთვის კომპრომისებზე წასვლას მოითხოვს. ადამიანებს უწევთ დატოვონ საკუთარი ბავშვობის მოგონებები და ადგილი, სადაც გაიზარდნენ. ასობით კილომეტრის მოშორებით იწყებენ ცხოვრებას, უცხო გარემოში, სადაც სხვა საყოფაცხოვრებო ხარჯებთან ერთად, უწევთ საცხოვრებლის ქირის გადახდა, რაც მნიშვნელოვნად ზრდის დანახარჯებს.
ადგილობრივი ეკონომიკა ვერ ქმნის საკმარისი რაოდენობის სამუშაო ადგილს, ხოლო არსებული პოზიციები, ხშირ შემთხვევაში, ან სეზონურია, ან არაფორმალურ სექტორშია განთავსებული – გარანტიების, სტაბილურობისა და სოციალური დაცვის გარეშე. ხაზგასასმელია ახალგაზრდების მდგომარეობა. ისინი ხშირად იღებენ უმაღლეს ან პროფესიულ განათლებას, თუმცა მათი კვალიფიკაცია არ ემთხვევა ადგილობრივ ბაზარზე არსებულ მოთხოვნებს, რის გამოც იძულებულნი არიან ან უარი თქვან პროფესიულ განვითარებაზე, ან დატოვონ რეგიონი.

“უკვე 19 წელია, რაც ტყიბულიდან თბილისში გადმოვედით. იქ არ იყო არანაირი პერსპექტივა. მამა თბილისში მუშაობდა და გადაწყვიტა მთელი ოჯახი წამოვსულიყავით. სამწუხაროდ, ტყიბულში ბებია-ბაბუა დავტოვეთ. მიუხედავად დედაქალაქში ამდენწლიანი ცხოვრებისა, მაინც ქირას ვიხდით, რადგან ორ შვილს ბევრი რამ სჭირდება და ჩემმა მშობლებმა ვერ მოახერხეს ბინის შეძენა. რაც შეეხება ჩემს პროფესიას, დავამთავრე ჟურნალისტიკა, თუმცა ვერ ვახერხებ პროფესიით დასაქმებას და მიწევს სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობა დაბალი ანაზღაურებით” – ნინი ქათამაძე ტყიბულიდან.
თბილისში მიგრაციის ძირითადი მიზეზი სწორედ ეკონომიკური და პროფესიული პრობლემებია. რეგიონიდან წამოსული ადამიანების დიდ ნაწილს სჯერა, რომ დედაქალაქში მეტი შესაძლებლობაა, მეტი სამუშაო და მეტი პერსპექტივა. თუმცა ხშირ შემთხვევაში, რეალობა – სხვაა. დედაქალაქში გადასულ ადამიანს პირველივე თვეში ხვდება დიდი ხარჯები – საცხოვრებელი ბინის ქირა, რომელიც საშუალოდ 700–1000 ლარის ფარგლებში მერყეობს, ამას დამატებული კომუნალური გადასახადები და ყოველდღიური ხარჯები. თუ რეგიონში მიღებული ანაზღაურება ხშირად 600–800 ლარს არ აღემატება, თბილისში დასაქმებულიც მხოლოდ გადარჩენისთვის შრომობს, არა – ცხოვრების გასაუმჯობესებლად.
“ მე და ჩემი მეუღლე ჩამოვედით თურქეთიდან საქართველოში, ვინაიდან არ გვქონდა სამუშაო ვიზა და მოგვიწია უნებურად ქვეყნის დატოვება. სენაკში, ვაკანტური სამუშაო ადგილების 6 თვიანი ძებნის შემდეგ, როგორც იქნა, მოვახერხე სუპერმარკეტში დასაქმება. გვეგონა, რომ გაგვიმარტივდებოდა ჩვენს ქვეყანაში ადაპტაცია, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა. იქ საკმაოდ კარგ ანაზღაურებაზე ვმუშაობდით, აქ კი, 600-700 ლარით თავი ძლივს გაგვაქვს. ვფიქრობთ დედაქალაქში წასვლაზე, თუმცა ქირის ფასები მოგეხსენებათ. ერთადერთი გზა გვრჩება, საბუთები მოვაწესრიგოთ და დავტოვოთ ჩვენი ქვეყანა” – გიორგი ხუნწელია სენაკიდან.
როდესაც რეგიონებში მცხოვრები ადამიანი იძულებულია დატოვოს თავისი კუთხე, ეს იწვევს დემოგრაფიულ დაცლას, სოფლების დაცარიელებას, ადგილობრივი ეკონომიკის გაქრობის რისკს და რეგიონულად არათანაბარ განვითარებას.
ამ პროცესებს ზეგავლენა აქვს თავად დედაქალაქზეც. თბილისი ვერ უმკლავდება მოსახლეობის მზარდ ნაკადს. იზრდება საცხოვრებლის მოთხოვნა, საცობების რაოდენობა, იჭედება საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ზედმეტად იტვირთება ჯანდაცვისა და განათლების სისტემები. ეკონომიკური ცენტრის გადატვირთვა საფრთხეს უქმნის ურბანულ ეკოსისტემას და არაჯანსაღ მიგრაციას უწყობს ხელს.
“2025 წლის I კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.7 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 14.7 პროცენტი შეადგინა.” – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური.
საქსტატის ანგარიშის თანახმად, მიმდინარე წლის დასაწყისში, დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობამ 958.3 ათასს მიაღწია, რაც 2024 წლის პირველ კვარტალთან შედარებით 5.3 ათასი ადამიანით (0.6%) მეტია. პარალელურად, თვითდასაქმებულთა რაოდენობა 13.5 ათასით (3.0%) შემცირდა და 434.7 ათასი შეადგინა. შედეგად, უმუშევართა რიცხვი 10.8 ათასით გაიზარდა, რაც 4.7%-იან მატებას ნიშნავს და საერთო მაჩვენებელმა 239.4 ათასს მიაღწია.
საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის პირველ კვარტალშიც შენარჩუნდა ტენდენცია, რომლის მიხედვითაც, უმუშევრობის მაჩვენებელი მამაკაცებში, ქალებთან შედარებით, კვლავ უფრო მაღალია.
2024 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ქალების დასაქმების დონე 0.8 პროცენტული პუნქტით შემცირდა, მაშინ, როდესაც კაცებში ეს კლება 0.4 პროცენტი იყო.
დასაქმების ხელშეწყობა უნდა იყოს ადგილობრივი თვითმმართველობების პრიორიტეტი – მაგალითად, მცირე და საშუალო ბიზნესის სტიმულირებით, ადგილობრივი პროდუქციის პოპულარიზაციითა და ბაზრების შექმნით. ასევე, მნიშვნელოვანია ციფრული ინფრასტრუქტურის განვითარება – რეგიონიდან დისტანციური მუშაობა შეიძლება გახდეს მილიონობით ადამიანის ახალი შესაძლებლობა, თუ შესაბამისი ტექნიკური და საგანმანათლებლო ბაზა შეიქმნება.
დასაქმების პრობლემების მოგვარება არა მხოლოდ სოციალურ, არამედ ეკონომიკურ გარდატეხას გამოიწვევს. როდესაც ადამიანს აქვს შესაძლებლობა, იცხოვროს, იმუშაოს და განვითარდეს თავის რეგიონში, მას არ მოუწევს წასასვლელი გზის ძიება. პირიქით, ეცდება განავითაროს ის სივრცე, სადაც დაიბადა და გაიზარდა.
თბილისი კვლავ რჩება მიგრაციის მთავარი მიზნობრივი წერტილი, რაც იმის მანიშნებელია, რომ დასაქმებისა და განვითარების შესაძლებლობები ძირითადად დედაქალაქშია თავმოყრილი.