დამოუკიდებლობა დამოკიდებულებისგან

ავტორი: ნინი შაორშაძე

სხვადასხვა ადამიანი დამოკიდებულებას სხვადასხვაგვარად აღიქვამს. ზოგჯერ ის რწმენის დონემდე დაჰყავთ, თუმცა ეს მდგომარეობა გაცილებით რთულია, ვიდრე რწმენა და ხანმოკლე ფსიქოლოგიური პრობლემა. დამოკიდებულება პერმანენტულად წარსულში განხორციელებული ქცევის შედეგია და ხანგრძლივ მეხსიერებაში შენახული მყარი მდგომარეობა. მასთან გამკლავებას კი სჭირდება იმაზე მეტი დრო, ვიდრე დამოკიდებულების მოპოვებისთვის არის საჭირო, თუმცა გადაულახავი ნამდვილად არ არის. 

ნუკრი ნაცვლიშვილი

21 წლის სტუდენტი, ნუკრი ნაცვლიშვილი ერთ-ერთ იმ ახალგაზრდათაგანია, რომელმაც მარიხუნას მოხმარება 14 წლის ასაკიდან ინტერესის დასაკმაყოფილებლად დაიწყო. მალე მასზე დამოკიდებული გახდა. ამბობს, რომ ხშირი მოხმარების დაწყებიდან დიდი ხნის შემდეგ გააცნობიერა, რომ უკვე დამოკიდებული იყო. „ამას მხოლოდ მაშინ მივხვდი, როდესაც საქმე უკვე რთულად იყო. დამოკიდებულების მოსახსნელად საკმაოდ დიდი დრო დამჭირდა. აქ საუბარია თვეებზე და ძალიან რთულ პერიოდზე. მკურნალობის პროცესის დაწყებამდე მისვლაც კი გამჭირდა, რადგან მძიმე ნაბიჯია ცხოვრებაში, როცა აცნობიერებ, რომ სამკურნალო ხარ. ამ პროცესის შემდეგ გამოვიხედე და სამყაროს ახალი, ფხიზელი თვალით შევხედე; შევძელი მისი ძველებურად აღქმა“. – ამბობს ნუკრი.

ის ასახელებს ფსიქოლოგიურ პრობლემებს, რომლებიც ნარკოტიკების მოხმარებამ გამოიწვია და აღნიშნავს, რომ დამოკიდებულებისგან თავის დაღწევის ერთადერთ ხსნას ყველა საკუთარ თავში უნდა ხედავდეს: „შფოთვა, უძილო ღამეები, უმოქმედობა, დეპრესია უცხო არ იყო. საკუთარი თავის ფსიქოლოგი თვითონ გავხდი და საბოლოოდ არას თქმა შევძელი. ასე რომ, მგონია დამოკიდებულების მოსახსნელად მხოლოდ საკუთარი სურვილი შველის ადამიანს.“

შეკითხვაზე გაუსინჯავს თუ არა მას ე.წ „კლუბური ნარკოტიკი და თუ კი, რა სიხშირით, პასუხობს: „გამისინჯავს, თუმცა ხშირი მომხმარებელი არ ვიყავი; მხოლოდ მაშინ ვიღებდი, როდესაც გართობა მინდოდა და ყოველთვის მსუბუქ დოზას. ჯერ კიდევ ვაცნობიერებდი, რომ ზედოზირებით საკუთარი თავი საფრთხეში არ ჩამეგდო“.

ნუკრიმ შესაბამის ცენტრს დახმარებისთვის ნარკოტიკების მოხმარების დაწყებიდან, 7 წლის შემდეგ მიმართა. ფიქრობს, რომ ყოფილი ნარკომანები არსებობენ და სიტყვები “ყოფილი ნარკომანი არ არსებობს“ მისთვის სტერეოტიპია, რომელსაც “მხოლოდ ერთეულები ამსხვრევენ; ისინი, ვინც წლობის განმავლობაში ცდილობს თავი დააღწიოს და ახალ ცხოვრებას ეძებს“. 

თავის ტვინი დღენიადაგ არის არაშექცევადი პროცესების მომწყობი ორგანო. არათავსებად მდგომარეობაში არის ნებელობისა და ნებისყოფის მუდმივ ჭიდილში: „მე მინდა“-სა და „მე უნდა“-ს შორის. 

გური მენაბდიშვილი

ნარკოლოგ გური მენაბდიშვილს სწორედ ნებელობისა და ნებისყოფის ჭიდილის თვალსაჩინოებისთვის მოჰყავს მაგალითი, როცა ბავშვი უყურებს მულტფილმს, მაგრამ მოსამზადებელი აქვს გაკვეთილები სკოლისთვის – „მას უნდა მულტფილმის ყურება, ეს მისი სურვილია, მაგრამ უნდა მოამზადოს გაკვეთილები, ეს აუცილებლობაა. სწორედ დაბალი ასაკიდან იწყება ნებისყოფის ჩამოყალიბება. როცა მათ ქცევებს ეტაპობრივი შეზღუდვებით ვუპასუხებთ, ზრდასრულ ასაკში ინდივიდის ნებისყოფა გაცილებით უფრო მყარი იქნება. დამოკიდებულების დაძლევა კი მხოლოდ ნებისყოფის საფუძველზე ხდება“.

მისი თქმით, ერთი ჯადოსნური სიტყვა არსებობს: სურვილი. დამოკიდებულის სურვილის გარეშე, ყველა სხვა ზომის მიღება, აზრს მოკლებულია. ყველა დამოკიდებულის ოჯახის წევრი კი თანადამოკიდებულია. ქართული ზემზრუნველობის ფონზე, მათ გადადებული აქვთ საკუთარი ცხოვრება და ცხოვრობენ დამოკიდებული პირის ცხოვრებით: დღეს როგორ გრძნობს თავს, როგორ გამოიყურება და ა.შ.  ამ უკიდურესობამ შესაძლოა ხელიც შეუშალოს სასურველი შედეგის დადგომას. „თუ გადავხედავთ დასავლურ პრაქტიკას, მშობლები ხშირად საავადმყოფომდეც კი არ აცილებენ შვილებს, როდესაც ისინი მკურნალობის გადაწყვეტილებას იღებენ. ისინი ელოდებიან დროს თუ როდის გაუჩნდება ადამიანს სურვილი და როდის გადაწყვეტს ნივთიერებებზე თავის დანებებას. სურვილი არა იმიტომ, რომ ეს დედას და მამას უნდა, არამედ იმიტომ, რომ ეს მყარ ნებისყოფაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებაა.“ გური მენაბდიშვილის თქმით, თუკი ბავშვობაში არ არის ჩადებული ინდივიდში შესაბამისი შრომა, მშობლის, პედაგოგის, სკოლის მხრიდან, სამწუხაროდ „მე უნდა“, „მე მინდა“-ს ქცევას შეზღუდავს.

როგორ მივიდეთ მყარ სურვილამდე?

ზოგისთვის სიცოცხლე მთავრდება, როცა გული ჩერდება, ზოგისთვის კი მკვდარია ადამიანი – დარჩენილი ტვინის ჯანსაღი ფუნქციონირების გარეშე, რომელსაც შეგრძნებები აღარ აქვს. ბევრი ახალგაზრდა გვყავს მარიხუანას მომხმარებელი, რომლებიც ფსიქიატრულ კლინიკაში არიან მოთავსებული.

ოჯახისა და პროფესიონალების სწორი ჩართულობით, პროცესის შემობრუნება შესაძლებელია და ამას არაერთი კვლევა ადასტურებს. ნივთიერებებზე დამოკიდებულება თანდათან პროგრესირებს. რაც იმას ნიშნავს, რომ მისი ზემოქმედება თავის ტვინზე გარკვეული პერიოდის შემდეგ ძლიერდება. იცვლება ტვინის რეაქცა სტრესული მდგომარეობის მიმართ. უარესდება მეხსიერება და სწავლის პროცესი. ადრეული ჩარევა და მკურნალობა ხელს უწყობს ამ პროცესების შეჩერებას. მკურალობის გარეშე პაციენტი ისეთი პრობლემების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს, როგორებიცაა: ზედოზირება, ღვიძლის ან გულის დაავადებები, მენტალური ჯანმრთელობის გაუარესება და სხვა. ამიტომ, დროულად ითხოვეთ დახმარება. ასეთ დროს მკურნალობის წარმატებით დასრულების ალბათობა იზრდება. 

გური მენაბდიშვილი მარიხუანას მოხმარების შედეგებზეც გვესაუბრება და აღნიშნავს, რომ ცხოვრების სხვა ეტაპზე ვართ გადასული. მარიხუანას მოხმარების შედეგად გამოწვეული ფსიქოზი აქამდე მედიკოსებს თითზე ჩამოსათვლელად ჰქონდათ ნანახი. „დღეს არის ჰიბრიდული ჯიშები და აბსოლუტურად განსხვავევული. გაეროს კონვენციის შესაბამისად, 10% ტეტრაჰიდროკანაბინოლის შემცველობა უნდა ყოფილიყო მცენარეში, რომ მარიხუანად ჩათვლილიყო. დღეს კი ვხვდებით  მარიხუანას, რომლის თითო ფოთოლში ამ ნივთიერების შემადგენლობა 60%-მდე აღწევს. ამიტომ 2 ან 3 მოხმარება ზოგჯერ საკმარისია იმისთვის, რომ ფსიქოზი გამოვიწვიოთ“.

ისევე როგორც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, საქართველოშიც ნარკომომხმარებლების მხრიდან სიახლის გაცნობა და მისადმი სწრაფვა, (ნარკოტიკული საშუალებები, ფსიქოაქტიური და გამაბრუებელი საშუალებები) მზარდია. ამას ადასტურებს გური მენაბდიშვილი და ამბობს, რომ საკმარისია ვინმემ ერთხელ გასინჯოს ახალი ნივთიერება და ძალიან მალე ვრცელდება. ამიტომ, საშიშ ზღვარზე ვართ.  ერთი მოხმარება იწვევს შეუქცევად პრობლემებს. 

კვლევებით დასტურდება, რომ ოპიოიდებზე დამოკიდებულების დასამარცხებლად ყველაზე გამართლებული მედიკამენტური და ქცევითი თერაპიის კომბინაციაა. ის ადამიანებს დეტოქსიკაციაში ეხმარება. 

ზაზა ჩიქოვანი

ნარკოდამოკიდებულების სამედიცინო ასპექტებზე გვესაუბრა ზაზა ჩიქოვანი, კლინიკა „ნიშატის“ დირექტორი. მისი თქმით, საშუალოდ, ყოველწლიურად 10 ახალი ნივთიერება გამოდის შავ ბაზარზე. ამბობს, რომ მედიცინას გარკვეული დრო სჭირდება დაადგინოს რითია ადამიანი  მოწამლული, რადგან ცხადია,  პაციენტს არ მოაქვს ნივთიერება, „გამისინჯეთ, აბა რა მაქვს მიღებულიო“. შეიძლება თავადაც არ იცოდეს და სანაცნობო წრეს ენდობოდეს.

„საერთოდ, ასეთი მდგომრეობაა მთელს მსოფლიოში, 1 მომხმარებელი პირამიდაში ჩაითრევს ათს. როცა დაგროვდება გარკვეული კლინიკური შემთხვევები, ახალი ნივთიერების მოხმარებისა, ის მოხვდება ლაბორატორიაში, რადგან სისხლში ამის დადგენა რთულია. ახალი ნივთიერების ბოლომდე იდენტიფიცირებას სჭირდება თანმიმდევრული მეცნიერული კვლევა.” – ამბობს ზაზა ჩიქოვანი.

რაც შეეხება პაციენტის სიმპტომების მართვას, ექიმი ამბობს, რომ სიმპტომოკომპლექსი ერთნაირია და რეანიმატოლოგებმა და ტოქსიკოლოგებმა იციან თუ როგორ მართონ. ზაზა ჩიქოვანი განმარტავს, რომ აქამდე არსებული მკურნალობის გზები შეიძლება შველოდეს უცნობ ნარკოტიკსაც, თუ მედიკოსები დროულად ჩაერევიან. 

მან ხაზი გაუსვა ბოლო წლების პრაქტიკას და ტერმინ „კლუბური ნარკოტიკების“ ასპარეზზე გამოჩენას. „სწორედ კლუბური ნარკოტიკებია ის ნარკოტიკები, რომლებშიც აქამდე ნაგულისხმევი სიახლეები იჩენენ ხოლმე თავს. ჩატარებული გამოკითხვების შედეგად, გამოკითხულთა 2/3-ს, ვინც კლუბურ ცხოვრების წესს მისდევს, ბოლო 30 დღეში ერთხელ მაინც ჰქონდა მოხმარებული. უმრავლესობას – ორჯერ ან მეტჯერ, რაც ძალიან სამწუხარო რეალობაა. პირველ რიგში, ესენი არიან ფსიქოტროპულები და ანგრევენ ფსიქიკას“.

მაღალგანვითარებულ ქვეყნებში ნარკოდამოკიდებულთა რაოდენობა მცირდება. მაშინ როდესაც საქართველოში 2024 წლის გამოკვლევებით, (გლობალური ფონდი, ალტერნატივა – საქართველო, ზიანის შემცირების ინსტიტუტი, გლობალური ფსიქიატრიული ასოციაცია, ნარკოტიკის მომხმარებელთა საქართველოს ქსელი) 49000-54000 ნარკომომხმარებელია 18-დან 64 წლამდე მოსახლეობაში. მათგან 27000-ზე მეტი თბილისში. ამ მხრივ გამოირჩევა ბათუმი, ზუგდიდი, ქუთაისი, ქობულეთი და აფხაზეთიც.

შესაძლებელია თუ არა დამოკიდებულების წარმატებით დაძლევა? კითხვას ამერიკის ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტი  კვლევებზე დაყრდნობით პასუხობს. როგორც მეცნიერები ამბობენ, ნარკოდამოკიდებულ ადამიანებს, სპეციალისტების დახმარებით შეუძლიათ პრობლემას გაუმკლავდნენ და ცხოვრების ხარისხი გაიუმჯობესონ, რაც პრაქტიკულად გამოჯანმრთელებად ითვლება. დამოკიდებულების მართვის პროცესში მნიშვნელოვანია, რომ მათ სჯეროდეთ საკუთარი თავის, რაც მეტ საშუალებას აძლევს, რომ გამოასწორონ ქცევა და დაუბრუნდნენ ცხოვრების ჯანსაღ წესს.