
ავტორი: გიორგი ერაძე
საზოგადოებაში დიდი ხნის განმავლობაში არსებობდა სტერეოტიპული მოსაზრება, რომ ავიაცია, თუ ბორტგამცილებლებს არ ჩავთვლით, კაცების საქმე იყო. დღეს კი, არსებობენ ქალები, რომლებიც თავიანთ პროფესიულ ცხოვრებას სამოქალაქო ავიაციას უკავშირებენ და სტერეოტიპებსაც ამსხვრევენ. ისტორიულად, ქალები ავიაციაში ბევრად უფრო მცირე ნაწილს იკავებდნენ, თუმცა, მათი შრომისა და გაბედული ნაბიჯების შედეგად, დღესდღეობით, სხვადასხვა საავიაციო მიმართულების წარმატებული წარმომადგენლები არიან.
მიუხედავად გამოწვევებისა, რომლებსაც ბევრი ქალი აწყდება, ისინი ამ ინდუსტრიაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ არა მხოლოდ პილოტების რანგში, არამედ ინჟინრების, მენეჯერებისა და ლიდერების პოზიციაზე. ისინი აგრძელებენ ამ დარგის განვითარებას და მრავალფეროვნების შენარჩუნებას, რაც ავიაციის სფეროს კიდევ უფრო აძლიერებს.
საქართველოში 123 ქალს აქვს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გაცემული მოქმედი ავიაციის სპეციალისტის სერთიფიკატი. სააგენტოს მონაცემებით, მათ შორის არიან: 8 ქალი პილოტი, 10 ფრენის დამკვირვებელი, 102 ბორტგამცილებელი, 2 ავიამეთვალყურე (ფრენის მხარდაჭერის სპეციალისტი) და 1 თვითმფრინავის ტექნიკოსი.
აღსანიშნავია, რომ ქალები ამჟამად, ჭარბად მხოლოდ ბორტგამცილებელთა პოზიციებზე გვხვდებიან და ისინი ამ სამსახურის მთლიანი პერსონალის 71%-ს შეადგენენ. ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ქართულ ავიაციაში ქალების რაოდენობა 66%-ით გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებში 8 ლიცენზირებული ქალი პილოტია დაფიქსირებული, ამ დროისთვის, ქართულ ავიაციას ერთადერთი ქალი პილოტი ჰყავს.

მაგდა ქააძე საქართველოში მოღვაწე ერთადერთი ქალი მფრინავია, რომელიც „ჯორჯიან ეარვეისის“ ბორტზე საქმიანობს. ის 2015 წელს გახდა ლიცენზირებული პილოტი, თუმცა სამოქალაქო ავიაციაში ბოინგ 737-ზე ფრენა 2018 წლიდან დაიწყო და ჯამში 3800 საათი აქვს ჰაერში გატარებული. „როდესაც პილოტი ხდები, სქესს მნიშვნელობა არ აქვს. ყველას უნდა ესმოდეს, სად მიდის და რა პასუხისმგებლობა ეკისრება” – ამბობს მაგდა.
მფრინავის პროფესიის დაუფლებას თან სდევს მრავალი სირთულე. თეორიული მასალის შესწავლა უნივერსიტეტში არ სრულდება. სწავლა პილოტისთვის აკადემიური განათლების მიღების შემდეგაც გრძელდება.
ამ პროფესიის არჩევისას, ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ცხოვრებასა და კარიერას შორის ბალანსის პოვნა რჩება, რადგან პილოტობა საპასუხისმგებლო, დამღლელი და არასტანდარტული გრაფიკის მქონე სამსახურია. ხანგრძლივი ფრენები, რთული მეტეოროლოგიური პირობები, მგზავრთა უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფა ცხოვრებას კიდევ უფრო ქაოსურს ხდის. ქართველი პილოტისთვის კი, ბალანსის პოვნა რთული არ აღმოჩნდა.
რაც უფრო მეტად გაიზარდა ქალების რაოდენობა ავიაციის სფეროში, მით უფრო მეტი გამოწვევა ხვდებათ პროფესიულ გზაზე. ხშირად, ეს გამოწვევები ეხება სოციალურ სტერეოტიპებს, მამაკაცების დომინირებას, პროფესიული წინსვლაში ბარიერებს და სხვა ფაქტორებს. თუმცა, როგორც მაგდა აღნიშნავს, მას მსგავსი სირთულეები ნაკლებად შეხვდა. მხარდაჭერა ოჯახის მხრიდანაც ჰქონდა. „მიმაჩნია, რომ მთავარია პროფესიონალიზმი და არა – სქესი” – ამბობს მაგდა.
იხსენებს, რომ პირველი ფრენისას ჰქონდა გარკვეული შეცდომები, თუმცა მაშინ ეგონა, რომ ყველაფერს იდეალურად ასრულდება. მოგვიანებით, როდესაც პროფესიულად გაიზარდა და გამოცდილება დააგროვა, მიხვდა, რომ მისი პირველი ფრენა სულაც არ ყოფილა იდეალური. მიუხედავად ამისა, ის ცხოვრების ამ ეპიზოდს სიამოვნებით იხსენებს. მაგდას თქმით, როდესაც მფრინავი ხარ, ყველაფრისთვის მზად უნდა იყო.
პილოტმა წარჩინებით დაამთავრა საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი, საფრენოსნო ფაკულტეტი. როგორც აღნიშნავს, პროფესიის არჩევისას ბევრი არ უფიქრია და საკუთარი თავი ავიაციას დაუკავშირა. „ამ პროფესიაზე ბავშვობიდან არ მიოცნებია. საფრენოსნო ფაკულტეტზე ჩაბარება სკოლის ბოლო წლებში გადავწყვიტე. სხვა არაფერი მაინტერესებდა”.
უნივერსიტეტში გატარებულ წლებს მაგდა სასიამოვნოდ იხსენებს. იგი ყოველდღე რწმუნდებობდა, რომ სწორი არჩევანი გააკეთა. პროცესი რთული იყო, დიდ მოთმინებასა და მონდომებას მოითხოვდა, თუმცა, მიღებული ცოდნა დაეხმარა პროფესიონალად ჩამოყალიბებაში.
ვინც აბარებს საავიაციო უნივერსიტეტში და აპირებს, რომ მფრინავის პროფესიას დაეუფლოს, მაგდა ურჩევს, რომ მაქსიმალურად კარგად ისწავლოს და დაუღალავად იშრომოს, რათა თავი დაიმკვიდროს. „დღესდღობით ბევრი გოგო სწავლობს საავიაციო უნივერსიტეტში, და ძალიან მიხარია, რომ მომავალში ქალი მფრინავების რაოდენობა გაიზრდება” – ამბობს მაგდა.
საერთაშორისო ორგანიზაცია International Air Transport Association (IATA) მუშაობს ქალების უფლებებისა და შესაძლებლობების გაძლიერებაზე ავიაციის სფეროში, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მათ წინსვლასა და წარმატებას.
ქალების როლი ავიაციაში უფრო და უფრო ძლიერდება. მათ მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ აღნიშნული ინდუსტრიის გამრავალფეროვნებასა და განვითარებაში.