დამოკიდებულება რეცეპტის გარეშე

ავტორი: გიორგი ერაძე

თითო აბი – თავიდან თითქოს გამოსავალია. ტკივილი ქრება, შფოთვა იხსნება. გარკვეული დროის შემდეგ კი, ორგანიზმი მედიკამენტებზე დამოკიდებული ხდება. პრობლემა, რომელიც ყოველწლიურად არაერთი ადამიანის სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს, ან აზიანებს მის ჯანმრთელობას – მედიკამენტებზე დამოკიდებულებაა. 

პრეპარატებზე ფსიქოლოგიური მიჯაჭვულობა ემოციური და მენტალური მდგომარეობაა, რომლის დროსაც ადამიანებს აქვთ განცდა, რომ კონკრეტული მედიკამენტის მიღების გარეშე ვერ შეძლებენ დაძინებას, ვერ გაუმკლავდებიან პრობლემებს ან შეწყვეტენ ფუნქციონირებას. ადამიანი შვებას ეძებს და დროებით სტრესს ამცირებს.

როგორც სპეციალისტები ამბობენ, პრეპარატებზე ფსიქოლოგიური მიჯაჭვულობის გამომწვევი მიზეზებია:

  • შფოთვა
  • ქრონიკული სტრესი
  • გადაღლა
  • ბავშვობის დაუმუშავებელი შიშები 
  • თავდაჯერების ნაკლებობა
  • თვითმკურნალობისკენ მიდრეკილება

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, მედიკამენტებზე დამოკიდებულება ყოველწლიურად მილიონობით ადამიანს აზიანებს, ხოლო არასწორი მოხმარება ზოგჯერ ფატალურად მთავრდება. პრობლემა აქტუალურია საქართველოშიც, სადაც ფსიქოტროპული პრეპარატები ადვილად ხელმისაწვდომია და საზოგადოების ცნობიერება – დაბალი.

42 წლის ხატია კობახიძე გარკვეული ტიპის მედიკამენტებზეა დამოკიდებული. “ექიმის დანიშნულების გარეშე დავიწყე ნიმესილის მიღება, რადგან არც ერთი ტკივილგამაყუჩებელი არ მიყუჩებდა ძლიერ ტკივილებს.“ – ამბობს ხატია. 

მისი თქმით, დაეწყო შიშები ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, ამიტომ ცდილობს მიმართოს თვითმკურნალობას, რადგან როგორც თავად აღნიშნავს, ეშინია რაიმე სერიოზული არ სჭირდეს. ამგვარმა შიშებმა კი ნერვოზის ჩამოყალიბება გამოიწვია.

„რომ არა ნიმესილი, ჩემი ყოველდღიურობა რთული იქნებოდა, რადგან ვფიქრობ, ჩემი ორგანიზმიც შეეჩვია ამ წამალს და თითქმის ყველა ტკივილი მალე მიყუჩდება. შესაძლოა, ანალგინმაც იგივე ეფექტი მომცეს, მაგრამ ნიმესილი შეუცვლელია ჩემთვის.“ 

მედიკამენტებზე ფსიქოლოგიური მიჯაჭვულობა შესაძლოა სტრესისგან იყოს გამოწვეული. ამ დროს ყველაზე სწრაფი გამოსავალი კონკრეტული წამლის მიღებაა. “სტრესი ჩემს ორგანიზმზე იმდენად ცუდად მოქმედებს, რომ ფიზიკური ტკივილებიც მეწყება: ძვლების სისუსტე, თავბრუსხვევა, კანკალი. ასეთ დროს კი, ნიმესილის მიღებით, მომენტალურ შვებას ვგრძნობ. 15 წუთში ყველა ტკივილი მავიწყდება. უფრო ენერგიულად და მშვიდად ვარ.” 

The Guardian-ის გამოცემაში ვხვდებით ინფორმაციას მედიკამენტებზე დამოკიდებულების შესახებ, რომელიც აღწერს, რომ ტკივილგამაყუჩებლების, საძილე საშუალებებისა და ანტიდეპრესანტების მომხმარებელთა უმეტესობას, მიჯაჭვულობის სიმპტომები აღენიშნებათ. კვლევა ცხადყოფს, რომ ადამიანები ანტიდეპრესანტების მიღების შეწყვეტის შემდეგ, განიცდიან სერიოზულ სიმპტომებს, რაც ფსიქოლოგიურ მიჯაჭვულობაზე მიუთითებს. ყოფილა შემთხვევები, როდესაც თვითგანკურნების მიზნით, საზოგადოების ნაწილს, საკუთარი ჯანმრთელობა დაუზიანებია.

52 წლის მერაბ ჯუღაშვილისთვის თვითგანკურნების მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. „35 წლის ასაკში დავკარგე ერთი თვალიდან მხედველობა. კარგად მახსოვს ის დღე, როდესაც ტკივილისგან შეწუხებულმა, ტკივილგამაყუჩებლად „ნაფტიზინი“ გამოვიყენე. თვალის ტკივილი ბევრ რამეს დავაბრალე და ვცდილობდი სახლის პირობებში გამოვკეთებულიყავი, თუმცა საბოლოოდ, თვალი დავკარგე.“ – ამბობს მერაბი 

ის ჰყვება, რომ ექიმს გვიან მიმართა. მედიკოსების მხრიდან მრავალი მცდელობის მიუხედავად, თვალი ვერ შეუნარჩუნდა. 

თეო გუბინაური

საზოგადოების მსგავსი დამოკიდებულება მედიკამენტების მიმართ შესაძლოა სხვადასხვა მიზეზით იყოს განპირობებული, რომელთა ნაწილზეც ფსიქოლოგი თეო გუბიანური საუბრობს.

“მედიკამენტებზე დამოკიდებულება დაკავშირებულია შიშებთან. ასეთ დროს, ადამიანს აქვს მოსპობის შიში. ფიქრობს, რომ თუ არ დალევს წამალს, რამე დაემართება” – ამბობს თეო.

ფსიქოლოგის განმარტებით, მედიკამეტებზე დამოკიდებული ადამიანის დახმარების გზები სხვადასხვაა, თუმცა რადგან ყველა ადამიანის ორგანიზმი განსხვავებულია, განსხვავდება მათი დამოკიდებულების ხარისხიც. ამ შემთხვევაში, სასურველია თერაპიები და სწორი მკურნალობა, რომ სერიოზული პრობლემა არ გამოვიწვიოთ.

“არსებობს ფსიქოლოგიური თერაპიები: კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპია, რომელიც უშუალოდ სიმპტომის გაქრობაზე მუშაობს; ეხმარება ადამიანს შეცვალოს მისი ნეგატიური დამოკიდებულება, რომ თუ მე ახლა წამალს არ დავლევ, რამე დამემართება; უჩნდება შიშები და პროვოცირებას უკეთებს არასასურველ პროცესებს” – ამბობს ფსიქოლოგი.

თამუნა ნაცვლიშვილი

ხშირად ადამიანები დამოუკიდებლად ზრდიან მედიკამენტის დოზებს, რომ პირვანდელი ეფექტი შეინარჩუნონ. ამ პროცესებს კი ართულებს სტიგმები მათ მიმართ, რის გამოც ისინი დროულად არ მიმართავენ სპეციალისტებს. არსებობენ ქვეყნები, სადაც მედიკამენტებზე წვდომა არ კონტროლდება, რაც ხელს უწყობს თვითმკურნალობისა და მედიკამენტების გადაჭარბებული რაოდენობით მიღებას. 

თამუნა ნაცვლიშვილი ნევროლოგ-ფსიქიატრია, რომელიც საუბრობს იმ პრობლემებზე, რაც თან ახლავს მედიკამენტებზე დამოკიდებულებას. “მე 18 წლამდე ადამიანებთან ვმუშაობ, თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ ხშირად მშობლის მხრიდან არის პრობლემის მიუღებლობა, რის გამოც ყოვნდება დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობა.” – ამბობს თამუნა ნაცვლიშვილი.

პრეპარატებზე დამოკიდებულება ცვლის ადამიანის ცხოვრების წესსაც. ხშირად ისინი უფრო უენერგიო და უხასიათონი ხდებიან. “მედიკამენტზე ფსიქოლოგიური დამოკიდებულების დროს ადამიანები თავს ანებებენ საზოგადოებრივ ან სხვა სახის აქტივობებს. ისინი აგრძელებენ პრეპარატის გამოყენებას, მიუხედავად იმისა, რომ იციან მისი დამაზიანებელი ეფექტის შესახებ.” – ამბობს ნევროლოგი.

ენდოკრინოლოგი მაია რურუა აღნიშნავს, რომ მის პრაქტიკაში ჰქონია შემთხვევა, როდესაც პაციენტი დამოკიდებული იყო კონკრეტულ პრეპარატზე. 

პაციენტების მხრიდან მედიკამენტებზე დამოკიდებულება არ არის იშვიათი და რთულია მისი მართვა. მქონდა ასეთი შემთხვევა: ვეცადე პაციენტისთვის ამეხსნა თუ რა ზიანის მოტანა შეეძლო პრეპარატზე მიჯაჭვულობას. შევუცვალე კონკრეტული წამალი და ეტაპობრივად მივედი შედეგამდე, როცა სრულიად მოვუხსენი წამლის გამოყენების საჭიროება. ამ მეთოდმა გაამართლა”.

მაია რურუა რჩევის სახით ამბობს, რომ საჭიროა პაციენტებს ჰქონდეთ აქტიური კომუნიკაცია ექიმთან და გაითვალისწინონ მათი რჩევები და რეკომენდაციები. 

ფეისბუქ ჯგუფ “მედ რუმში” ხშირია პოსტები სხვადასხვა მედიკამენტზე დამოკიდებულების შესახებ. საზოგადოება კითხულობს რჩევებს, გამოცდილებას, აზიარებს საკუთარ პრობლემებს და სხვა.

წამალი, რომელიც განკურნებას უნდა ემსახურებოდეს, ხშირად უხილავ ბორკილად იქცევა მათთვის, ვინც მასზე დამოკიდებული ხდება. მედიკამენტზე მიჯაჭვულობა მხოლოდ ინდივიდუალური პრობლემა არ არის — ეს საზოგადოებრივი გამოწვევაა. თითოეული ადამიანი უნდა იყოს ინფორმირებული რისკების შესახებ და პასუხისმგებლობით მიუდგეს ნებისმიერი მედიკამენტის მიღებას.