თვითშეფასება ჭრილობის მიღმა — რატომ ვირჩევთ პლასტიკურ ოპერაციებს?

ავტორი: ეთა სულუხია

პლასტიკურმა ოპერაციამ არაფერზე იმოქმედა იმდენად, რამდენადაც თვითშეფასებაზე, რადგან მთავარი კომპლექსი, რომელიც ცხოვრებაში გამაჩნდა, უკვე მოხსნილი იყო. შესაბამისად, საკუთარი თავი უფრო მეტად შევიყვარე”– გვიყვება მარიამ ქურასბედიანი, რომელმაც რამდენიმე თვის წინ ოცნება აიხდინა და ცხვირის პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა.

პლასტიკური ოპერაციები ბოლო ათწლეულის განმავლობაში სულ უფრო მოთხოვნადი ხდება. სოციალურმა ქსელებმა და საზოგადოებაში დამკვიდრებულმა სილამაზის სტანდარტებმა კი პლასტიკური ოპერაციების გაკეთების სურვილი უფრო გაამძაფრა. სწორი და პატარა ცხვირი, გამოკვეთილი ყვრიმალები, სავსე ტუჩები და მინიმალური მიმიკური ნაოჭები გახდა სილამაზის თანამედროვე სტანდარტების მთავარი ნაწილი. 

შედეგად, ადამიანები იძულებულნი გახდნენ კრიტიკულად შეეხედათ საკუთარი ვიზუალისთვის, იდეალიზებულმა” გარეგნობამ გამოიწვია კომპლექსები და თვითშეფასების ვარდნა, რასაც მოჰყვა დაუოკებელი სურვილი პლასტიკური ოპერაციების გაკეთების. ეს კი არა მხოლოდ ვიზუალურ, არამედ ფსიქოლოგიურ ცვლილებებსაც იწვევს.

-როგორ მოქმედებს „იდეალიზებული“ გარეგნობა ადამიანთა თვითშეფასებასა და პლასტიკური ოპერაციის გაკეთების გადაწყვეტილებაზე?

„სოციალური მედია და სელებრითული კულტურა ქმნის იდეალიზებულ გარეგნობას, რაც განსაკუთრებით ახალგაზრდებში იწვევს იმპულსს, რომ „შეესაბამონ” ამ სტანდარტებს. ამასთან, ტექნოლოგიების პროგრესმა და ოპერაციების ხელმისაწვდომობამ, კიდევ უფრო გააძლიერა ეს ტრენდი. ზოგ შემთხვევაში, ეს ბუმი განპირობებულია მოდური არქეტიპის მექანიკური განმეორებით, სადაც ადამიანები ვერ აცნობიერებენ, რატომ სურთ ცვლილება. ეს არ არის ინდივიდუალური საჭიროება, არამედ უფრო სოციალური გავლენის შედეგია”- ამბობს ფსიქოლოგი ბექა დადეშქელიანი.

-რამდენად რეალურია ის, რომ პლასტიკური ოპერაციები ხელს უწყობს თვითშეფასების გაუმჯობესებას, კომპლექსების მოშორებასა და თავდაჯერებულობის ამაღლებას?

„ყველაფერი დამოკიდებულია მოტივაციაზე და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე. თუ ცვლილება მოდის შინაგანი სურვილიდან და არა გარე წნეხიდან, და თუ ადამიანი არის ფსიქოლოგიურად სტაბილური, ოპერაციამ შესაძლოა მართლაც დადებითად იმოქმედოს თვითშეფასებაზე. თუმცა, როდესაც მოტივაცია დაკავშირებულია ტრენდთან ან სხვების დაკმაყოფილებასთან, შედეგი ხშირად აღმოჩნდება მოულოდნელი. უკმაყოფილება, უფრო ღრმა კომპლექსები და თვითშეფასების ვარდნა. ჯანსაღია მხოლოდ ის ცვლილება, რომელიც ემსახურება პიროვნების კეთილდღეობას და არა სტანდარტთან შეგუებას.”-ამბობს ბექა.

მიუხედავად იმისა, რომ ადამიანთა უმეტესი ნაწილი თვითშეფასების ამაღლებისა და ვიზუალური ეფექტის გაუმჯობესების მიზნით იტარებს პლასტიკურ ოპერაციას, ზოგჯერ შედეგი სავალალოა, რადგან მოლოდინი და რეალობა რადიკალურად განსხვავებულია. სოციალურ ქსელებშიც ხშირად შეხვდებით ოპერაციამდე და ოპერაციის შემდეგ ფოტოებს, წარუმატებელ ქირუქგიულ ჩარევებსა და სხვა. განსაკუთრებით ხშირად წარმოდგენილები არიან სელებრითების მიერ გაკეთებული პლასტიკური ოპერაციები, რომლებიც წარუმატებლად დასრულდა.

Screenshot

„ოპერაციის შედეგი იმაზე უკეთესი აღმოჩნდა, ვიდრე ველოდი. შესაბამისად, სარკეში ჩახედვისას შოკირებული ვიყავი, რამდენიმე წუთით საკუთარ თავთან გაუცხოების შეგრძნებაც მქონდა. თუმცა ახალი იმიჯი იმდენად მომეწონა, რომ მალევე შევეჩვიე ჩემს, შეიძლება ითქვას, რადიკალურად შეცვლილ ვერსიას.”-ამბობს მარიამ ქურასბედიანი.

სოფიო ხაჭაპურიძის  შემთხვევაში კი მოლოდინი რეალობას აცდენილი იყო: „არის პატარა ნუანსები რაც არ მომწონს. გარე ნაკერი მაქვს, რომელსაც მხოლოდ მე ვხედავ, ეგეც მაწუხებს, თუმცა მთლიანობაში კმაყოფილი ვარ”.

-მართლაც ხსნის თუ არა პლასტიკური ქირურგია კომპლექსებს და თუ აძლიერებს თვითშეფასებას გრძელვადიან პერსპექტივაში?

„ზოგ შემთხვევაში პლასტიკური ოპერაციები მართლაც აუმჯობესებს თვითშეფასებას, განსაკუთრებით მაშინ, როცა ადამიანი ხანგრძლივად განიცდიდა ვიზუალურ დისკომფორტს. კვლევები აჩვენებენ, რომ ოპერაციის შემდეგ მიღებული კმაყოფილება ხშირად დროებითია და თუ შინაგანი თვითშეფასება არ არის დამუშავებული, პრობლემა შესაძლოა სხვა სფეროებში გამოვლინდეს. განსაკუთრებით ხშირია შემთხვევები, როდესაც ადამიანები მრავალჯერად ჩარევებს მიმართავენ, რაც მიანიშნებს ფსიქოლოგიური ფონის მოუგვარებლობაზე (მაგალითად, BDD – სხეულის დისმორფული აშლილობა).”-გვეუბნება  ფსიქოლოგი.

BDD-სხეულის დისმოფრიული აშლილობა, ეს არის ფსიქოლოგიური მდგომარეობა, როდესაც ადამიანი მუდმივად „ხარვეზს” ეძებს საკუთარ გარეგნობაში. ეს მდგომარეობა ხშირად ხდება სტრესის მიზეზი და შესაძლოა მალევე შეამციროს  თვითშეფასების ამაღლებით მიღებული ეფექტი, რაც  პაციენტს უბიძგებს ახალი პლასტიკური ჩარევებისკენ.

პლასტიკური ქირურგი მარინა როპიაკი ჩვენთან საუბრისაა ამბობს, რომ მსგავსი შემთხვევები ხშირია სახის ოვალისა და ტუჩის ფილერის პროცედურის დროს.  „ხშირად ხდება ისე, რომ პაციენტი თავდაპირველად კმაყოფილია შედეგით, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ ისევ მიმართავს დამატებით პროცედურებს ტუჩის მოცულობის გასაზრდელად. ხშირად ეს არა ფიზიკური საჭიროება, არამედ ფსიქოლოგიური განწყობის შედეგია.“

2024-25 წლების ყველაზე მითხოვნადი პლასტიკური ოპერაციები:

ყველაზე მოთხოვნადი პლასტიკური ოპერაციები

1. რინოპლასტიკა

ცხვირის პლასტიკური ოპერაცია საქართველოში წლების განმავლობაში ყველაზე მოთხოვნადი პლასტიკური ოპერაციაა.

2. მამოპლასტიკა და ბლეფაროპლასტიკა 

მკერდისა და ქუთუთოების ოპერაცია პლასტიკურ ოპერაციათა შორის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად პროცედურად ითვლება.

როგორ ვითარდება პლასტიკური ქირურგია მსოფლიოს  წამყვან ქვეყნებში  

ტექნოლოგიების განვითარებამ, სოციალური ქსელების აქტიურმა გამოყენებამ და სილამაზის ახალი სტანდარტების ფართო მასშტაბებზე გავრცელებამ პლასტიკურ ოპერაციებზე მითხოვნა საგრძნობლად გაზარდა. 2023წელს მსოფლიოში დაახლოებით 34,9 მილიონი ესთეტიკური ოპერაცია ჩატარდა. ბოლო 4წლის განმავლობაში კი 40%ით არის გაზრდილი ეს მაჩვენებელი. ( წყარო )

ტოპ 4  ქვეყანა, სადაც პლასტიკური ოპერაციები ყველაზე ხშირად ტარდება :ბრაზილია, ამერიკის შეერთებული შტატები, მექსიკა, თურქეთი.

პლასტიკური ოპერაციები, განსაკუთრებით სახეზე, ძალიან აქტუალური გახდა.  იგი მართლაც შეიძლება იქცეს თვითშეფასების ამაღლების მძლავრ იარაღად, თუმცა შედეგი ხშირად ინდივიდუალურ ფაქტორებზეა დამოკიდებული და ყველა შემთხვევა წარმატებით არ სრულდება.

მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ თვითშეფასება მხოლოდ გარეგნობაზე არ არის დამოკიდებული, მასზე მრავალი ფსიქოლოგიური, სოციალური და კულტურული ფაქტორი მოქმედებს. ოპერაციის გაკეთებამდე აუცილებელია კარგად გავიაზროთ, საიდან მოდის ცვლილების სურვილი: არის თუ არა ეს შინაგანი საჭიროება, თუ საზოგადოებრივი ზეწოლისა და თანამედროვე სილამაზის სტანდარტების გავლენა.