
ავტორი: მარიამ მხეიძე
“ცოტა ინტერნეტი არის ნელი, ინდოეთის ოკეანეში ვარ” , “ვეცდები თავისუფალ დროს შეგეხმიანოთ, ახლა შორეულ ნაოსნობაში ვარ”, “ვეცდები პასუხები მალე დაგიბრუნო, წყნარი ოკეანის შუაში ვარ, ინტერნეტთან კავშირი არ მაქვს” და ა.შ ასეთი იყო თავდაპირველი პასუხები რესპონდენტებისგან…
მეზღვაურობა თავისუფლებაა, მაგრამ ამ თავისუფლებას დიდი ფასი აქვს – კვირები და თვეები სახლიდან შორს; შტორმები, რომლებიც ყველაფერს შლის თუ წამით მოდუნდები; და სიჩუმე, რომელიც ყველაზე ხმამაღალ ფიქრებს იწვევს.
სტატია აღწერს თუ როგორია ცხოვრება, როცა მიწა მხოლოდ მოგონებაა და ერთადერთი რეალობაა – ზღვა.
ძნელია, მაგრამ ღირს?
მეზღვაურები, თვეების მანძილზე უამრავ დაბრკოლებას აწყდებიან, თუმცა მათი უმეტესობა მზად იყო ამ გამოწვევებისთვის. ეს მათ არ აშინებთ. ისინი ბავშვობის ნატვრას იხდენენ, ჩანაფიქრებს რეალობად აქცევენ, ცხოვრობენ ცხოვრების განსხვავებული სტილით, სადაც დროის აღქმა სხვაგვარია, იქ კალენდარიც კი სხვანაირია და ასე გადის დღეები…
როგორც ერთ-ერთი მეზღვაური ლაშა ქარცივაძე ჩვენთან ინტერვიუში ამბობს: “ეს ის პროფესიაა, რომელშიც დღე-ღამეში არ გაქვს გარანტირებული 24 საათი… ზოგჯერ 23 საათია, ზოგჯერ 25-იც, იმიტომ, რომ გემი სულ მოძრაობაშია დედამიწის გარშემო…”
თუმცა, როგორც რესპონდენტი აღნიშნავს, ყველაზე მეტად დრო საყვარელი ადამიანების მონატრების დროს ნელდება. ეს ის მონატრებაა, რომელსაც თვეები თითქოს წლებად აქცევს. მისი თქმით, ბავშვობის ოცნებების ასრულება ზოგჯერ გვაიძულებს, რომ რაღაც ძვირფასი დავთმოთ. “მაგრამ როცა ის სრულდება, ერთ დროს ოცნება გვეგონა, ხვდები, რომ ყველაფერი, რასაც გზაში შეხვდი, მხოლოდ საფეხურები იყო სიმაღლისკენ, რისკენაც შენი გული ყოველთვის მიისწრაფოდა.”
როგორც ყველა პროფესიას, მეზღვაურობასაც აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეები. გარდა ბავშვობის ოცნების ასრულებისა
ამ პროფესიის დადებით მხარედ მისი ანაზღაურებაც ითვლება, რაც საქართველოს შრომით ბაზართან შედარებით – მაღალია. არიან მეზღვაურები, რომლებსაც მხოლოდ ეს ფაქტორი აიძულებთ ხოლმე ზღვაში გაჭრას, თუმცა ვერ ითვალისწინებენ იმას, თუ რამხელა მენტალურ სიძლიერეს საჭიროებენ. ხშირია დეპრესიის შემთხვევები.
გემის დღიურებიდან

ლაშა ქარცივაძე : ” ჩემთვის მეზღვაურობა მხოლოდ პროფესია არ არის – ეს არის ცხოვრების წესი, სადაც ყოველდღიურად ვხვდები ახალ გამოწვევებს, ამავე დროს ვმოგზაურობ და ვხედავ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეს. დღეს შეიძლება ზამთრის ყინვას ვებრძოდე, 1 კვირაში კი ზაფხულის ტროპიკულ მზეს ვემალებოდე”.
ტატო გელაშვილი : ” გემი და ზღვა ჩემთვის დიდი გატაცება იყო ყოველთვის. მეზღვაურის პროფესია გამორჩეული იმითაა, რომ ის სრულიად განსხვავდება ხმელეთის ცხოვრებისაგან მისი მოულოდნელობებით, სირთულეებითა და საინტერესო თავგადასავლებით.”
გიორგი ქადიძე – “ოჯახის წევრები გვაძლევენ ძალას და გვიდგანან გვერდით, რომ გავუმკლავდეთ განშორებას”
ჯაბა ჩარკვიანი – “მეზღვაურობა ფიზიკურ შრომასთან ერთად მოითხოვს ფსიქოლოგიურ მზად ყოფნას , სტრესული მდგომარეობასთან გამკლავების გზის პოვნას.”
ერთადერთი ქართველი მეზღვაურ-მექანიკოსი ქალი გემზე – მარიამ გურგენიშვილი

– როგორ და როდისმიიღეთ მეზღვაურობის გადაწყვეტილება და როგორი იყო ოჯახისა და საყვარელი ადამიანების რეაქცია ამ საკითხზე?
მარიამ გურგენიშვილი – ოჯახის წევრი მყავდა მეზღვაური. ის რომ მიყვებოდა ამ პროფესიის შესახებ, დავინტერესდი და გადავწყვიტე ჩამებარებინა გემის მექანიკაზე. გაუკვირდა ჩემს ოჯახს, მაგრამ წინააღმდეგობა არ გაუწევიათ. უარყოფითი დამოკიდებულება ვიგრძენი რამდენიმე ახლობლისგან, მაგრამ ეს ჩვეულებრივი მოვლენაა.
– როგორ გაუმკლავდით საზოგადოებრივ სტერეოტიპებს თქვენს საქმიანობაში?
ყოველთვის იყო და იქნება მსგავსი დამოკიდებულება. ყოველთვის გაუკვირდებათ და იტყვიან: “ქალს რა უნდა ამ სფეროში”. ადრე ძალიან
ვდარდობდი ხოლმე, რატომ ჰქონდათ ცუდი დამოკიდებულება ჩემი არჩევანის მიმართ, მაგრამ გავიზარდე და მივხვდი, რომ მთავარი მე ვარ. მახსენდება პირველი სტაჟირების დრო, როცა მექანიკოსმა ასეთი სიტყვები მითხრა : “გემზე ქალის კაცის საქმე არ არსებობს, რადგან აქ მოხვედი, უნდა იმუშაო და ისწავლო თუ ამისთვის მზად არ ხარ, დაწერე განცხადება და წადი” – ო. მე, რა თქმა უნდა, მზად ვიყავი… დღეს უკვე მესამე მექანიკოსი ვარ და ისევ მზად ვარ ვიმუშაო და ვისწავლო…
– როცა დატოვეთ ხმელეთი და პირველად შეიჭერით შორეულ ზღვაში, როგორი ემოცია დაგეუფლა? რა იგრძენი?
ახლა მეცინება იმ დროის მარიამს რომ ვიხსენებ. როგორ ეშინოდა პირველი ნაბიჯების გადადგმის, როგორ ეშინოდა ყველაფრის, ეშინოდა იმის, რომ ვაი და ძლიერი არ ყოფილიყო და ვერ გამოსვლოდა. მაგრამ დღეს მჯერა, რომ თუ მოინდომებ, ყველაფერი გამოგივა ცხოვრებაში და რომ “ვერ” სიტყვა არ არსებობს.
“პირველი დღე გემზე”

“არასდროს დამავიწყდება პირველი დღე გემზე. ეს იყო 2018 წლის ზამთარი. პირველი სამუშაო დღის ბოლოს, დაღლილ-დაქანცული კაიუტაში ავედი, კარი მივიხურე, საწოლზე ჩამოვჯექი და… ვიგრძენი მარტოობა… უცებ გავიაზრე, რამდენად შორს ვიყავი ყველაფრისგან, სახლისგან, ოჯახისგან, ნაცნობი ხმელეთის რბილი ნიადაგისგან… მივხვდი, რომ მეზღვაურობა მხოლოდ პროფესია კი არა, ცხოვრების სტილია, რომელსაც უნდა შეეგუო, თორემ ვერ გაუძლებ.
ვიტირე… არა იმიტომ, რომ შევშინდი, არამედ იმიტომ, რომ საკუთარი თავი შემეცოდა… მაგრამ მეორე დილით, როცა ისევ მუშაობას შევუდექი, რაღაც შეიცვალა. მივხვდი, რომ გამოწვევები გაქცევას კი არა, დაძლევას საჭიროებს. დღეს, წლების შემდეგ, ამ მომენტს უკან ვუყურებ და ვხვდები, რამდენად გარდამტეხი იყო ის განცდა. ახლა ვხვდები, რომ სწორედ ის მომენტი იყო ჩემი პიროვნული და პროფესიული ზრდის დასაწყისი.”
“გემზე დრო სხვანაირად გადის”
“გემზე დროის აღქმა სრულიად განსხვავდება ხმელეთისგან.
ზღვაში ხარ სრულ ერთფეროვნებაში, შეზღუდულ სივრცეში, სადაც ყოველი დღე ერთმანეთს ჰგავს.
ღია ოკეანეში მზის ამოსვლას და ჩასვლას სხვანაირი მასშტაბურობით უყურებ, ზოგჯერ დღე ისე ნაცრისფერია, რომ გაურკვეველია დილაა თუ შუადღე. ასევე, შტორმიანი დღეები თითქოს უსასრულოდ იწელება, ხოლო მშვიდი ამინდები – სწრაფად გადის.
როდესაც გემზე ხარ, შენებური კალენდარი გაქვს შედგენილი და შენებურად თვლი და ხაზავ დღეებს.
გემზე დრო “სხვანაირად” გადის, რადგან აქ დრო მონოტონურობის, სტრესის, სამუშაოს და მოლოდინის ნაზავია – ზოგჯერ უსაშველოდ იწელება, ზოგჯერ კი თვალის დახამხამებაში გადის…”
“საკუთარ თავთან შეხვედრა”
“გემზე ერთ-ერთი დიდი გამოწვევა – “განმარტოებაა”… ოკეანე თავისი უსასრულო ჰორიზონტით, თითქოს აიძულებს ადამიანს, გაიაზროს, ვინ არის სინამდვილეში. ხშირად, ხმელეთზე ჩვენ უამრავ როლს ვირგებთ, სხვა ვართ, როცა ვერთობით, სხვა ვართ, როცა ვსეირნობთ, სხვა ვართ სოციალურ ურთიერთობებში თუ ყოველდღიურ რუტინაში… მაგრამ შუა ოკეანეში ეს ყველაფერი ქრება, და შენ ხარ მხოლოდ შენ! რჩებით მხოლოდ შენ და შენი აზრები.
ეს არ არის მარტივი… საკუთარ თავთან შეხვედრა ზოგჯერ უფრო რთულია, ვიდრე ფიზიკური გამოწვევები. თუმცა, სწორედ ასეთ მომენტებში ვსწავლობ მოთმინებას, სიმშვიდეს, ნებისყოფას…
ზოგ მეზღვაურს ეს განმარტოება სიმძიმედ ექცევა და დეპრესიაში აგდებს, მაგრამ ზოგს, განმარტოება აძლევს შესაძლებლობებს…როგორც მიმიხვდით, მე სწორედ ამას ვებრძვი, რომ განმარტოება არ მექცეს სიმძიმედ…”
თითოეული მეზღვაურის ცხოვრება მიუხედავად მათი რთული რუტინული ცხოვრებისა, სავსეა იმ დაუმორჩილებელი თავისუფლების ხიბლით, რომელიც მხოლოდ ზღვის სიღრმეშია დამალული. მათთვის ზღვას სხვა დატვირთვა აქვს, ეს ადგილია, სადაც ისინი ჩამოყალიბდნენ პიროვნებებად და დარწმუნდნენ საკუთარ შესაძლებლობებში.
ყოველი ახალი ჰორიზონტი, ყოველი ახალი ნაპირი, მათთვის ახალი თავგადასავალია, ახალი შანსი. მიუხედავად, მუდმივად ზღვაში ყოფნისა, მათი ცხოვრება არასდროსაა ერთფეროვანი. ისინი ყველა ნაოსნობაში იღებენ გამოცდილებებსა და თავგადასავლებს.
მეზღვაური არასდროს არ წყვეტს მოძრაობას, რადგან იცის, რომ ზღვა მხოლოდ მათ სთავაზობს თავისუფლებას, ვისაც ეს სჭირდება.