
ავტორი: ნინი შაორშაძე
დაფინანსებები, რომლებსაც საქართველოს ხელისუფლება სხვადასხვა სფეროს განვითარებისთვის დასავლეთისგან იღებდა, ჯერ კიდევ „გამჭვირვალობის შესახებ კანონის” (ე.წ “რუსული კანონის”) დროს შეჩერდა, ხოლო არჩევნებისა და 28 ნოემბრის შემდეგ, ქვეყანას, ფაქტობრივად, ყველა დაფინანსება მოეხსნა: ევროკავშირის 100 მილიონი ევრო, გერმანიის 237 მილიონი ევრო, აშშ-ის 95 მილიონი დოლარი და ა.შ.
ადგილობრივი პროექტების დაფინანსების გარდა, კანონის გავლენა ვრცელდება ახალგაზრდულ გაცვლით პროგრამებზე (Erasmus + / European Solidarity Corp) და არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობაზე. რიგმა ევროპულმა ქვეყნებმა, მათ შორის, ლიეტუვამ და გერმანიამ გაყინეს გაცვლითი და სამეცნიერო კვლევითი პროექტები საქართველოსთან.
Erasmus+ — არის ევროკავშირის განათლების, ახალგაზრდობის, სპორტისა და პროფესიული განათლების მხარდამჭერი პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს: სტუდენტების, ლექტორების, მკვლევრების, ახალგაზრდების და ა.შ. გაცვლითი პროგრამების მხარდაჭერას, საერთაშორისო გამოცდილების გაღრმავებას, ახალგაზრდების უნარების განვითარებასა და ევროპულ სივრცეში თანამშრომლობის გაღრმავებას.
📍 სტუდენტები ხშირად იყენებენ Erasmus+–ს, რომ ევროპულ უნივერსიტეტებში მიიღონ განათლება საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე — ნაწილობრივი ან სრული დაფინანსებით.
📍 ამავე პროგრამით, სასწავლებლები და არასამთავრობო ორგანიზაციები თანამშრომლობენ ევროპელ კოლეგებთან, ახორციელებენ ტრენინგებს, ინოვაციურ პროექტებსა და კვლევებს.
ევროპის სოლიდარობის კორპუსი (European Solidarity Corp) — არის ევროკავშირის პროგრამა, რომელიც საშუალებას აძლევს ახალგაზრდებს (18–30) შეიტანონ წვლილი საზოგადოებრივ სიკეთეში, როგორც მოხალისეებმა, სტაჟიორებმა ან პროექტების მონაწილეებმა. ევროპის სოლიდარობის კორპუსის ძირითადი მიმართულებებია: მოხალისეობა (სოციალური საკითხები, გარემო, ახალგაზრდების მხარდაჭერა და ა.შ.), ადგილობრივ ან საერთაშორისო საზოგადოებრივ პროექტებში მონაწილეობა, მცირე ადგილობრივი ინიციატივების დაფინანსება.
📌 მონაწილეების ხარჯებს ფარავს ევროკომისია (საცხოვრებელი, კვება, დაზღვევა და გზა), რაც უზრუნველყოფს მათ ჩართულობას სოციალური სტატუსის მიუხედავად.
რატომ არის ეს ორი პროგრამა მნიშვნელოვანი საქართველოსთვის?
ათასობით ქართველმა ახალგაზრდამ მიიღო განათლება ან/და გამოცდილება ამ პროგრამების მეშვეობით; ისინი არ საჭიროებენ მაღალ სოციალურ-ეკონომიკურ სტატუსს — თანაბარ შესაძლებლობებს აძლევენ ახალგაზრდებს მთელი საქართველოდან; Erasmus+ და ESC ამყარებენ საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას, ღირებულებებსა და საზოგადოებრივ დიალოგს.
საქართველოში კი ვითარება ასეთია: არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც აქტიურად აორგანიზებდნენ გაცვლით პროექტებს და გზავნიდნენ ახალგაზრდებს ევროპაში, იძულებულნი ხდებიან შეაჩერონ საქმიანობა. მათი თქმით, ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი ეწინააღმდეგება ევროპული ინტეგრაციის პროცესს და ართულებს სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას.
ერთ-ერთი ასეთი ორგანიზაციაა „Georgian Youth For Europe” (ქართველი ახალგაზრდები ევროპისთვის), რომელმაც საქმიანობა იმის გამო შეაჩერა, რომ კანონის მოთხოვნით, „აგენტად“ არ დარეგისტრირდა.
ქართველი ახალგაზრდები ევროპისთვის (GYE) არის როგორც დამხვედრი, ისე გამგზავნი ორგანიზაცია საქართველოდან., რომლის მისიაა ქვემო ქართლის ახალგაზრდების გაძლიერება, რათა მიაღწიონ თავიანთ სრულ ფიზიკურ, ინტელექტუალურ, ემოციურ, სოციალურ და სულიერ პოტენციალს.

ორგანიზაციის დამფუძნებელი და დირექტორი, ალექს მეტრეველი აღნიშნავს, რომ 20 წლის განმავლობაში, ათასობით ქართველ ახალგაზრდას შეეძლო ევროპული განათლებისა და გამოცდილების მიღება უფასოდ მისი ორგანიზაციის მხარდაჭერით და არასდროს აგენტურული საქმიანობა არ უკეთებია.
შეკითხვაზე, კანონის ამოქმედების შემდეგ, აქვთ თუ არა ახალგაზრდებს დემოტივაციის ან/და შიშის განცდა, უპრობლემოდ განახორციელონ თავიანთი პროექტები, ალექს მეტრეველი პასუხობს: „ახალგაზრდების მხრიდან მოთხოვნა არ შემცირებულა, პირიქით… თუმცა, მქონია შემთხვევა, რომ ვიღაცას ოჯახი აბრკოლებს და ეუბნება: „იქნებ არ წახვიდე“ და ჩვენ მოგვმართავენ, ახალგაზრდას დაველაპარაკოთ, რომ „იქნებ არ წავიდეს“. ჩემი ღრმა რწმენით, ევროპული პროექტების წინააღმდეგ აგორებული პროპაგანდა გავლენას ახდენს უფროს თაობაზე“.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ერთხმად აღნიშნავენ, რომ ქვეყანაში შექმნილი ვითარება გავლენას მოახდენს ახალგაზრდების იმიგრაციის დონეზე.
„ახალგაზრდები ხედავენ, რომ პროტესტის გამო შეიძლება წლობით ციხეში ყოფნა მოუწიოთ და სამართალი ვერ იპოვონ. ეს მათ მიაღებინებს გადაწყვეტილებას, რომ თავიანთი უნარები სხვა ქვეყანაში განავითარონ და გამოიყენონ“ – ალექს მეტრეველი.
ის ასევე ამბობს, რომ ყველაზე ცუდი სცენარი, რაც შეიძლება საქართველომ გაიმეოროს, რუსეთის, ბელორუსიისა და აზერბაიჯანის შემთხვევაა. სამივე ქვეყანა ამოღებულია ევროკავშირის პროგრამიდან. ახალგაზრდებს ამ ქვეყნებიდან აღარ აქვთ შესაძლებლობა ჩაერთონ ერასმუს + და ევროპის სოლიდარობის კორპუსის პროგრამებში.
„თუ ეს პროცესი უცვლელად გაგრძელდა, ევროკავშირის ერთ-ერთი ბერკეტი ითვალისწინებს დიქტატორულ რეჟიმებთან თანამშრომლობის შეწყვეტასა და ყოველგვარი პროგრამის გაყინვას“ .

საქართველოს იზოლაციის საშიშროებაზე საუბრობენ ქართველი და უცხოელი ახალგაზრდები, რომლებიც გაცვლით პროგრამებში მიღებულ გამოცდილებას გვიზიარებენ და ევროპის სოლიდარობის კორპუსისა და ერასმუს + – ის მნიშვნელობაზე ყურადღებას ამახვილებენ.
ალექს ბატონისაშვილი, 27 წლის ახალგაზრდაა, რომელიც ევროპის სოლიდარობის კორპუსის (ESC) მოკლევადიანი და გრძელვადიანი პროგრამების ფარგლებში, იმყოფებოდა თურქეთში, ხორვატიასა და ჩეხეთში; ფიქრობს, რომ აღნიშნული პროექტები სამუდაომოდ აღიბეჭდა მის ცნობიერებაში და არ ისურვებს მათ შეზღუდვას ჩვენს ქვეყანაში.

რეფიკ ბაისალი, 25 წლის თურქი ახალგაზრდაა, რომელიც ევროპის სოლიდარობის კორპუსის პროექტის ფარგლებში 1 წლის განმავლობაში ცხოვრობდა ლიეტუვაში და ჩართული იყო ადგილობრივ ახალგაზრდულ საქმიანობებში. იგი საქართველოში შექმნილ ვითარებას ეხმაურება და საკუთარ პოზიციას აფიქსირებს, როგორც ESC-ის ყოფილი მონაწილე, რომელმაც იცის, თუ რა მნიშვნელობა აქვს აღნიშნულ პროგრამას ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებისთვის.
რეფიკის თქმით, ევროპის სოლიდარობის კორპუსი ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ მოხალისეობრივი პროგრამა — ეს არის შანსი, რომ ახალგაზრდებმა განივითარონ საერთაშორისო ხედვა, გაიღრმავონ პროფესიული და სოციალური უნარები, და რაც ყველაზე მთავარია, დაინახონ და შეიგრძნონ ევროპული ფასეულობების ძალა, როგორებიცაა სოლიდარობა, დემოკრატია და მრავალფეროვნების მიღება.
მისი ხმა, ისევე როგორც სხვა ყოფილი მონაწილეების მოსაზრებები, შეგვახსენებს, რომ ასეთი პროგრამები არა მხოლოდ ცალკეული ახალგაზრდების ცხოვრებას ცვლის, არამედ ხელს უწყობს ქვეყნებს, დაუახლოვდნენ იმ ღირებულებებსა და სტანდარტებს, რომლებიც ევროპული ოჯახის საფუძველს ქმნის.
გიორგი აგირბაია, “ProActive Group Georgia”-ს დამფუძნებელი ამბობს, რომ ანტიდასავლური კურსი გამოიწვევს ქვეყნის სრულ იზოლაციას. 1-3 წლის პერსპექტივაში ეს აისახება შემცირებულ გაცვლით და კვლევით პროგრამებზე ახალგაზრდების, სტუდენტების და საუნივერსიტეტო საზოგადოებისთვის.

ორგანიზაცია “ProActive Group Georgia” 2016 წლიდან აქტიურად ქმნის ევროპული განათლების მიღების შესაძლებლობებს საქართველოში და ზოგადად ევროპის მასშტაბით. ევროპელ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ახორციელებს მრავალფეროვან საგანმანათლებლო პროგრამებს, ფორუმებს, ევროპული გამოცდილების გაზიარების პროექტებს, არაფორმალური განათლების აქტივობებს. “პროაქტივი” ასევე ეხმარება სკოლებს, უნივერსიტეტებს თუ სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებს საერთაშორისო თანამშრომლობების გაძლიერების კუთხით, სასწავლო პროგრამების ინტერნაციონალიზაციაში. “პროაქტივის” დაფინანსების ძირითადი ნაწილი (80%-ზე მეტი) ევროპული გრანტის სახით არის მიღებული. ასევე აქვთ სხვადასხვა ფასიანი პროექტები და სერვისები განათლების სფეროში, როგორც დამხმარე ეკონომიკური საქმიანობა.
ორგანიზაციის დამფუძნებელის თქმით, თუ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი არ შეიცვალა გაიზრდება საქართველოდან „ტვინების გადინება“ და კვალიფიციური, კომპეტენტური, ევროპული განათლების მქონე ადამიანები იძულებული გახდებიან, ქვეყანა დატოვონ, რადგან ყველა ავტოკრატიული ხელისუფლება მათ მტრებად აღიქვამს, უწყობს რეპრესიებს ან ციხეში სვამს. გაუარესდება ქვეყანაში სახელმწიფო სერვისები, გაიზრდება სიღარიბე, ინფლაცია, შემცირდება განათლების, კრიტიკული აზროვნების განვითარების მხარდამჭერი პროექტები, ეტაპობრივად შეიზღუდება აკადემიური თავისუფლება, გაიზრდება კორუფცია, მათ შორის განათლების სფეროში. მისივე თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციების სტიგმატიზება – ღირსების შემლახველია.
“2012 წელს მსგავსი დაიწყო რუსეთშიც, რომელმაც რამდენიმე წელიწადში კრიტიკული მედია და სამოქალაქო სექტორი ფაქტობრივად გააქრო რუსეთში, ხოლო 2024 წელს მსგავს რეესტრში რეგისტრირებულ რუსეთის მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობაც აუკრძალეს”, – აღნიშნა გიორგი აგირბაიამ.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელები ერთხმად აღიარებენ, რომ უკვე მიღებული კანონპროექტები საფრთხეს შეუქმნის განათლების სფეროში დასაქმებული ადამიანების, დაწესებულებების თუ ორგანიზაციების ჩართულობას საერთაშორისო საგანმანათლებლო და კვლევით საქმიანობაში. შეზღუდავს რესურსების, ინოვაციების განვითარებას, თავისუფალი თანამშრომლობის შესაძლებლობას; შეზღუდავს მეცნიერთა და სტუდენტთა მობილობას. საქართველოს აკადემიურ სექტორს ნაკლები ხელმისაწვდომობა ექნება სამეცნიერო კვლევით გრანტებზე, სამეცნიერო კოლაბორაციულ პროექტებზე ევროკავშირის ფარგლებში, რაც ნეგატიურად აისახება ქვეყნის აკადემიურ შედეგებზე.
„ჩვენი შიში არის, რომ თუკი ასეთი ცვლილებები გაგრძელდება, არა მარტო Erasmus+ პროგრამა დაზარალდება, არამედ საქართველოს ევროპული ინტეგრაცია შეფერხდება. საერთაშორისო თანამშრომლობა, რომელიც ამ პროგრამით წინასწარ იყო მიღებული, შეიძლება მნიშვნელოვნად შემცირდეს, რაც ახალგაზრდებს იღბლიანი შანსების გარეშე დატოვებს.“ – აღნიშნა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელმა, ნათია ჯანელიძემ.
არასამთავრობო ორგანიზაციებმა მუშაობა შეაფერხეს, მოქალაქეებს უწინდებურად ვეღარ ეხმარებიან, ვეღარ აძლიერებენ საგანმანათლებლო პროექტებით, რომლებიც კოლოსალურ თანხებთან და ბევრ ბიუროკრატიულ საკითხთან არის დაკავშირებული. ვითარება გავლენას ახდენს განათლების ხარისხზე მოქალაქეებში, განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფებში.
შორს არ ვართ სოციალური უთანასწორობისგან. ეს კანონი, ადრე თუ გვიან, ყველას შეეხება.