„გახსოვდეთ, რომ თქვენი სიცოცხლე თქვენს ხელშია“ – ონკოპაციენტი
ყოველ 14 წამში მსოფლიოში ერთი ქალი იგებს, რომ ძუძუს კიბო აქვს. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, სარძევე ჯირკვლის სიმსივნე პირველ ადგილზეა ქალებში ავთვისებიან სიმსივნურ დაავადებებს შორის და ყოველწლიურად მსოფლიოში 2.3 მილიონ ქალს ძუძუს კიბოს დიაგნოზს უსვამენ.
2022 წელს მსოფლიოში 670 000 ქალი გარდაიცვალა ძუძუს კიბოთი. აღსანიშნავია, ძალიან მაღალი ადამიანური განვითარების ინდექსის (HDI) მქონე ქვეყნებში, 12-დან 1 ქალს აქვს ძუძუს კიბოს დიაგნოზი და 71-დან 1 ქალი იღუპება, ხოლო HDI-ის შედარებით დაბალი მაჩენებლის მქონე ქვეყნებში, 27-დან 1 ქალს უსვამენ ძუძუს კიბოს დიაგნოზს, ხოლო 48-დან 1 ქალი იღუპება ამ დაავადებით.
შემაშფოთებელია საქართველოს სტატისტიკა. „დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი“ ინფორმაციით, 2023 წელს ძუძუს კიბოს 2028 ახალი შემთხვევა იყო რეგისტრირებული, რაც ქალებში კიბოს ყველა ახალი შემთხვევის 33.3%-ს შეადგენს, 2021 წელს ეს მაჩვენებელი 1640 იყო და კიბოს შემთხვევების 29.7% შეადგენდა. აღსანიშნავია, რომ 2024 წლის ოფიციალური სტატისტიკა ამ დრომდე ხელმისაწვდომი არ არის. სარძევე ჯირკვლის სიმსივნეთა შემთხვევების 75% მოდის 50 წლის შემდგომი ასაკის ქალებზე. ამასთან, დაავადება მცირე რაოდენობით კაცებშიც არის. საგულისხმოა, რომ 2023 წელს ძუძუს კიბოს რეგისტრირებული შემთხვევების რაოდენობა 2015 წელთან შედარებით 2%-ით შემცირდა.
ონკოლოგებიც აღნიშნავენ, რომ მომართვიანობა გასულ წლებთან შედარებით საგრძნობლად შემცირებულია, რაც დაავადების განვითარების რისკს მნიშვნელოვნად ზრდის. მომართვიანობის დაბალი მაჩვენებელს კი, პირველ რიგში, შიში და დაბალი ცნობიერება განაპირობებს. ამის დასტურია ქვემოთ მოცემული სტატისტიკა წლების მიხედვით, სადაც მონაცემები მოიცავს ასევე სარძევე ჯირკვლის შემთხვევებს კაცებშიც. საყურადღებოა, რომ „დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ მონაცემებით სულ 2021 წელს საქართველოში ქალებსა და კაცებში სხვადასხვა ორგანოების კიბოს 10432 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის 15.8% ძუძუს კიბოზე მოდის.
რა არის ძუძუს კიბო და როგორ დავიცვათ თავი მისგან?
სარძევე ჯირკვლის სიმსივნე (ძუძუს კიბო) ვითარდება მაშინ, როდესაც პათოლოგიური უჯრედები იწყებენ უკონტროლო ზრდას და რეპროდუცირებას. ეს უჯრედები ქმნიან სიმსივნურ მასას, რომელიც შეიძლება იყოს კეთილთვისებიანი (არასიმსივნური) ან ავთვისებიანი. მიუხედავად იმისა, რომ გამომწვევი მიზეზები დაუდგენელია, ექიმების თქმით, ეს შესაძლოა იყოს: გენეტიკური წინასწარ განწყობა, სტრესი, გარემოპირობები, საკვები.
იმისთვის, რომ ქალი დაცული იყოს ამ დაავადებისგან საჭიროა, დროული გამოკვლევა და სკრინინგი, რომელიც ხშირ შემთხევაში დაავადების დამარცხების საწინდარი ხდება.
ინტერვიუ ონკოპაციენტთან- სალომე.გ
„სადაც გავიხედავ, ყველგან ძუძუს კიბოთი დაავადებული ადამიანი მხვდება, იმდენად არის გაზრდილი სტატისტიკა. ადრე მეგონა, რომ მხოლოდ მე მჭირდა, მაგრამ გამოკვლევების პერიოდში ძალიან ბევრი ნაცნობი შემხვდა იგივე დიაგნოზით. მთავარი პრობლემა, რასაც ამ კუთხით ვხედავ, არის ის, რომ ადრე თუ ონკოლოგიური მიმართულებით მხოლოდ ერთი კლინიკა იყო, ახლა ბევრ კლინიკას აქვს ეს პროგრამა, თუმცა, როცა არ უნდა მიხვიდე, სულ გადატვირთულია, რაც მაღალი მიმართვიანობით არის განპირობებული.
ერთადერთი გამოსავალი, რასაც ამ კუთხით ვხედავ, არის ის, რომ დროულად დაიწყოს სახელმწიფომ საკვების, ჰაერის, წყლის შემოწმება, რაც შესაძლოა ასეთი დაავადებების ძირითადი გამომწვევი მიზეზები იყოს. მნიშვნელოვანია, პრევენციულად მიმდინარეობდეს მუშაობა საზოგადოებასთან, რომ დროულად ჩაიტარონ სკრინინგი. მე სწორედ სკრინინგით აღმოვაჩინე ჩემი დაავადება და მიხარია, რომ დროული იყო“.
რა არის სკრინინგი
ძუძუს კიბოს სკრინინგი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კვლევა, რომელიც გეგმიურად, ევროპული გაიდნაინის მიხედვით, ორ წელიწადში ერთხელ ტარდება, რათა ქალი იყოს დაცული და გამოვლინდეს ან გამოირიცხოს დაავადება და მისი გამომწვევი მიზეზები.
სკრინინგის ტიპებია: მამოგრაფია, თვითგამოკვლევა, ექიმის მიერ ჩატარებული შემოწმება. განვითარებულ ქვეყნებში ძუძუს კიბოს სიკვდილიანობა მცირდება სწორედ ადრეულ აღმოჩენასა და მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის წყალობით.
ევროკავშირის ქვეყნებში დანერგილია, რომ ქალების 60–80% მაინც რეგულარულად უნდა მონაწილეობდეს სკრინინგ პროგრამებში (მამოგრაფია ყოველი 2 წელიწადში ერთხელ, 50–69 წლის ასაკში). მსგავსი სურათია აშშ-ში მათი გაიდლაინებით, სკრინინგი ყოველ ერთ წელიწადში ტარდება და სკრინინგზე წასული ქალების რაოდენობა 70%-აღემატება. სკრინინგი ეფექტური საშუალებაა ძუძუს კიბო ადრეულ ეტაპზე გამოსავლენად, დაავადების პროგრესირებამდე, რაც მკურნალობის ეფექტურად წარმართვისა და განკურნების საშუალებას იძლევა.
კვლევებით დადასტურებულია, იმისთვის, რომ სკრინინგი შედეგიანი და ეფექტური იყოს, მომართვიანობის საშუალო დონე 60%-ს უნდა შეადგენდეს, თუმცა საქართველოში მომართვიანობის მაჩვენებელი ზღვარს ქვევით არის და 20%-ს შეადგენს. 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით, ძუძუს კიბოს სკრინინგის მაჩვენებელი 2024 წელს 27 ათასზე მეტი იყო, ხოლო წელს ამ მაჩვენებლის 5%-ით ზრდაა დაგეგმილი.
ფსიქოლოგის მხარდაჭერა ონკოპაციენტებისთვის
ძუძუს კიბოს მქონე პაციენტებისათვის ყველაზე დიდი გამოწვევები საქართველოში მოიცავს როგორც სამედიცინო, ისე სოციალურ-ფინანსურ და ფსიქოლოგიურ ასპექტებს. ძუძუს კიბო არა მხოლოდ ფიზიკური დაავადებაა, ის, ხშირ შემთხვევაში, ქალის თვითშეფასებაზე, იდენტობაზე, ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე და ზოგადად ცხოვრების ხარისხზე ძლიერ გავლენას ახდენს. „სტიგმა და ტაბუ“ არის მიზეზი იმისა, რომ ხშირად ქალები გართულებულ და მძიმე სტადიებზე იგებენ დაავადების არსებობას, რა უშლით ხელს, რომ დროულად მიმართონ ექიმს და თავი დაიცვან მსგავსი დაავადების პრევენციისგან.
როდესაც დაავადება არის მძიმე, როგორც მისაღებად ასევე, მკურნალობის თვალსაზრისით ასეთ დროს საჭიროა ფსიქოლოგი, რათა პაციენტმა შეინარჩუნოს, როგორც ფსიქოლოგიური ასევე, ფიზიკური და ემოციური ძალები.
დიაგნოზის დასმის შემდეგ ფსიქოლოგის ჩართულობა აუცილებელია. მკურნალობა და თერაპიები მოიცავს, შიშის გადალხვას და ემოციების მართვას, რომელიც ასეთ დროს ნაკლებად კონტროლირებადია. ფსიქოლოგიური დახმარება საჭირიოა არა მხოლოდ, დაავადების საწყის სტადიაზე, არამედ, შემდეგ სტადიებზეც, რადგან თავიდან ავირიდოთ დეპრესია და სხვა რიგი პრობლემები.საქართველოს სამ ონკოლოგიურ საავადმყოფოში ჩაატარეს მულტიცენტრული დაკვირვებითი კვლევა, რომელშიც 177 ქალი იღებდა მონაწილეობას.
კვლევის მიზანი იყო, გაეგოთ რა სახის დეპრესიას განიცდიდნენ ქალები ასეთ დროს.
კვლევის შედეგების თანახმად:
- საშუალო ასაკი – 52,9 წელი (34–77); 117 (66%) იყო დაქორწინებული; 79 (45%) მუშაობდა, მაგრამ მხოლოდ 30-მა (17%) აღნიშნა, რომ ჰქონდა ადეკვატური ფინანსური მდგომარეობა;
- 128-ს (72%) ჰქონდა I-III სტადიის დაავადება; და 64-მა (36%) აღნიშნა გარკვეული ხარისხის ტკივილი, 46 პაციენტმა (44%; 95% ) დააფიქსირა დეპრესიის სიმპტომების გარკვეული დონე, ხოლო 25 ქალი (14%; 95%) აკმაყოფილებდა სავარაუდო დეპრესიული აშლილობის კრიტერიუმებს.
- პაციენტთა უფრო მაღალი წილი, რომლებიც აფიქსირებენ ტკივილს, ასევე აფიქსირებენ დეპრესიის სიმპტომებს (37/66,) მათთან შედარებით, ვინც ტკივილს არ აფიქსირებდა (41/111, 34%) IV სტადიის დაავადების მქონე ქალები უფრო ხშირად აფიქსირებდნენ დეპრესიის სიმპტომებს (26/44, 57%) I-III სტადიების მქონე ქალებთან შედარებით (53/133, 40%).
- მარტოხელა/ადრე დაქორწინებული ქალები (42/60, 70%) უფრო ხშირად აფიქსირებდნენ დეპრესიის სიმპტომებს, ვიდრე დაქორწინებული ქალები (51/117, 44%)
კვლევა 2023 წელს ივლისი-სექტემბერიში ჩატარდა – „დეპრესიის გავრცელება ძუძუს კიბოს დიაგნოზირებულ ქალებში საქართველოში“. წყარო და ერთ-ერთი ავტორი:
თამარ კახნიაშვილი, კონსილიუმ მედულას-ფსიქოთერაპევტი, ფსიქიატრი
კვლევა: ძუძუს კიბოს სკრინინგის ხელმისაწვდომობა და ცნობიერების დონე საქართველოში
სტატიაზე მუშაობის პროცესში Google Forms-ისა საშუალებით ჩატარდა გამოკითხვა იმის თაობაზე, რამდენად ინფორმირებული არიან ქალები ძუძუს კიბოს საკითხზე, როგორ ესმით ქალებს სკრინინგის მნიშვნელობა და საჭიროებები. კვლევაში მონაწილეობა მიიღო 50 ქალმა, აქედან 18-25 წლის ასაკის იყო გამოკითხულთა 40%, 26-35 წლის – 10%, 36-45 წლის – 26%, ხოლო 45+ წლის 24%. გამოკითხულთა 62%-მა აღნიშნა, რომ იცის ძუძუს კიბოს სკრინინგის შესახებ და ჩაუტარებია კიდეც, კვლევაში მონაწილეთა 22%-ს ინფორმაცია, თუმცა თავად არასდროს ჩაუტარებია სკრინინგი, ხოლო 16% არ არის ინფორმირებული სკრინინგის შესახებ.
გამოკითხვაში მონაწილე 50 ქალიდან 43 (86%) ფიქრობს, რომ სკრინინგი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, 5 ქალის აზრით მნიშვნელოვანია, ერთი ქალი მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვნად მიიჩნევს, ერთმა ქალმა კი აღნიშნა, რომ არ არის მნიშვნელოვანი. კვლევაში მონაწილეთა 42% არასდროს ჩაუტარებია მამოგრაფია.
ერთ-ერთმა გამოკითხულმა აღნიშნა, „სამწუხაროდ, ადამიანები ვერ ვიაზრებთ, რამდენად მნიშვნელოვანია ამ კვლევის ჩატარება ჩვენი ჯანმრთელობისთვის. სასურველი იქნება მეტი ემოციური რეკლამა, რომელიც ხალხს გააზრებინებს, რამხელა საშიშროების წინაშე დგანან და ადრე აღმოჩენის შემთხვევაში რამდენად შეუძლიათ სრულფასოვნად იცხოვრონ“.
„სკრინინგი ჩემი გადამრჩენელი აღმოჩნდა. გამოკვლევის დროს თითქმის უსიმპტომო მდგომარეობაში აღმოვაჩინეთ კვანძი. ვფიქრობ, ნდობა არა აქვთ მოსახლეობას სახელმწიფოს მიმართ. დაფინანსებულს უფასოდ აღიქვავენ. უფასოს კი ყველაფერს ეჭვის თვალით ვუყურებთ“, – აღნიშნავს ერთ-ერთი გამოკითხული.
„სასურველია, უფრო გულისხმიერი ექიმები მუშაობდნენ სკრინინგ ცენტრში და არ ჰქონდეთ ზერელე დამოკიდებულება, მათი ასეთი დამოკიდებულების გამო 1 წლით გვიან აღმოვაჩინე დაავადება, ჯობდა სკრინინგი სხვა კლინიკაში გამევლო და საერთოდ არ მივსულიყავი სკრინინგ ცენტრში“.
სკრინინგი-დროის სწორი გამოყენება სიცოცხლის შესანარჩუნებლად
ძუძუს კიბო და ზოგადად ამ დაავადებასთან გამკლავება, მხოლოდ ერთი ქალის პრობლემა არ არის. ეს არის დაავადება, რომლითაც ყოველდღიურად სულ უფრო მეტი ქალი ავადდება. მიუხედავად იმისა, რომ სკრინინგ პროგრამას სახელმწიფო სრულად აფინანსებს
აქტიურობა და მიმართვიანობა ზემოთქმულიდან ზღვარს ქვევით არის, რაც წლების განმავლობაში უფრო ცუდ შედეგებს გვიჩვენებს, განსაკუთრებით-რეგიონებში.
მნიშვნელოვანია ყველა ქალს ჰქონდეს სწორი და ზუსტი ინფორმაცია სკრინინგის შესახებ, რათა დაიცვას როგორც საკუთარი თავი ასევე მიღებული ინფორმაციით დაეხმაროს სხვას, რადგან ეს არის როგორც ფსიქოლოგიური, ასევე თანასწორობის და მზრუნველობის საკითხი.
მნიშვნელოვანია, რომ დაინგრეს ყველანაირი მითი და შიში, რომელიც დაავადების დროულ აღმოჩენას უშლის ხელს.
ქალები გახდნენ ბევრად ინფორმირებულები მსგავს საკითხებში, დაესწრონ ღია კარის დღეებს, რომლებიც ემსახურება ცნობიერების ამაღლებას და ახსოვდეთ, რომ მათ აქვთ შანსი დროულად განიკურნონ ისეთი დაავადებისგან, როგორიც ძუძუს კიბოა, რადგან ამის უფლება და შესაძლებლობა აქვს ყველას უკლებლივ. „ვისაც ჯერ კიდევ არ ჩაუტარებია სკრინინგი, მინდა ვუთხრა, რომ ჩაიტარეთ სკრინინგი და იყავით დაცული. გახსოვდეთ, რომ თქვენი სიცოცხლე თქვენს ხელშია“.
მასალა მოამზადა: სოფო ლოლაძემ






Leave a Reply