პერსპექტივა

სასამართლოს კადრს მიღმა დარჩენილი მედია და კანონები

ქართველი ჟურნალისტები ინფორმაციის გაშუქებისას მრავალი სირთულისა და პრობლემის წინაშე დგანან, რომლებიც მნიშვნელოვანწილად ზღუდავენ მედიის თავისუფლებას და საზოგადოების სრულყოფილ ინფორმირებას. მათი საქმიანობა დღეს განსაკუთრებით მძიმეა როგორც პოლიტიკური ზეწოლის, ასევე საკანონმდებლო დაბრკოლებების გამო.

საქართველოში 2025 წელს მედიასაშუალებებზე ზეწოლის დონე კიდევ უფრო გაიზარდა. ხელისუფლების მიერ მიღებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა შეამცირეს მედიის პლურალიზმი და ნათლად დააზიანეს სიტყვის თავისუფლება. განსაკუთრებით კრიტიკულად შეფასდა მაუწყებლობის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები, რომლებიც კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას უფლებამოსილებებს აძლევს ეთიკური ნორმების ზედამხედველობაში, რაც რეალურად უწყობს ხელს პოლიტიკური ზეწოლის მექანიზმის ფორმირებას 

ცვლილებების მიხედვით, კომუნიკაციების ეროვნული კომისია გახდა უფლებამოსილი შეაფასოს ეთიკური სტანდარტების დაცვა და საჭიროების შემთხვევაში გამოიტანოს სანქციები – მათ შორის ფინანსური ჯარიმები, ლიცენზიების შეჩერება და პლატფორმების დაბლოკვა. ამ ნაბიჯმა გაზარდა შიში, რომ კომისია შესაძლოა პოლიტიკური ზეწოლის იარაღად იქცეს.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი (SJC) აღნიშნავს, რომ მაუწყებლობის შესახებ კანონში ინიცირებული ცვლილებები არა მხოლოდ სარედაქციო დამოუკიდებლობას აზიანებს, არამედ მათ ბუნდოვან და გაურკვეველ ნორმებს სთავაზობს, რაც კომისიისთვის მავნე ინტერპრეტაციების საკმარის საშუალებას ქმნის “მაუწყებლობის შესახებ’’ საქართველოს კანონში ინიცირებული ცვლილებები, გარდა იმისა, რომ კომუნიკაციის ეროვნულ კომისიას ენიჭება ფართო უფლებამოსილებები, პრობლემურიაშინაარსობრივი რეგულირების თვალსაზრისითაც.  

 

კანონპროექტში მოცემულია არაერთი ბუნდოვანი დებულება, რომელიც არსებით საფრთხესუქმნის მაუწყებლების სარედაქციო დამოუკიდებლობასა და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, რადგან მათი შინაარსი და ფარგლები გაუგებარია, შესაბამისად, განუჭვრეტადია, თუ როგორ განმარტავს მათ კომუნიკაციების ეროვნული კომისია”, – ნათქვამია SJC-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

Აღნიშნულ საკითხს ასევე გამოეხმაურა ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის (CPJ) პროგრამის დირექტორი კარლოს მარტინეს დე ლა სერნა, რომელმაც , მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, გააუქმოს კანონპროექტი, რომელმაც შეიძლება მკვეთრად შეზღუდოს მაუწყებლების საქმიანობა. 

„უცხოელი აგენტის“ შესახებ განახლებული კანონის ძალაში შესვლასთან ერთად , საქართველოს მაუწყებლობის შესახებ კანონში რეპრესიული ცვლილებები, როგორც ჩანს, სპეციალურად შექმნილია ქვეყნის ენერგიული და დაუმორჩილებელი დამოუკიდებელი პრესის ჩასახშობად“, – განაცხადა კარლოს მარტინეს დე ლა სერნამ. 

“მაუწყებლობის შესახებ” კანონის გარდა, საქართველოს პარლამენტმა 2025 წელს წარადგინა საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის ავტორი იურიდიული კომიტეტის ყოფილი წევრი, ავთანდილ კახნიაშვილია, ინიციატივის თანახმად, განიხილება სასამართლო დარბაზებში ფოტო-ვიდეო გადაღების მკაცრი შეზღუდვა სისხლის სამართლის საქმეების დროს.  

საქართველოში ახალი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც სასამართლო სხდომებზე მედიის წვდომის შეზღუდვას ეხება, საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა. ინიციატივის ავტორია, იურიდიული კომიტეტის ყოფილი წევრი ავთანდილ კახნიაშვილი, რომლის თქმითაც, კანონპროექტის მიზანი სასამართლო პროცესების არასათანადო მედია-ზეწოლისგან დაცვა და საქმის სამართლიანი განხილვის უზრუნველყოფაა, თუმცა კრიტიკოსები ამ ნაბიჯს მედიის თავისუფლების შეზღუდვად აფასებენ და აცხადებენ, რომ მსგავსმა ცვლილებებმა შესაძლოა საზოგადოების ინფორმირების კონსტიტუციური უფლება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს. 

პროექტი ითვალისწინებს სასამართლოს ეზოსა და დერეფნებში გადაღების აკრძალვას. პროცესების ვიზუალური გადაღების უფლებამოსილება მხოლოდ სასამართლოს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს ენიჭება. სასამართლო სხდომის ვიდეო და აუდიო ჩაწერა მხოლოდ დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე იქნება შესაძლებელი, მოსამართლის მოტივირებული გადაწყვეტილების შემდეგ. კანონპროექტი სასამართლოს უფლებას აძლევს, ჩამოართვას შესულ პირებს პირადი ნივთები, მათ შორის მობილური ტელეფონები, კომპიუტერები და ნებისმიერი ფოტო-, კინო-, ვიდეო- ან აუდიოსაშუალება. ეს ცვლილებები მედიის საქმიანობას კრიტიკულად შეზღუდავს და ფაქტობრივად გამორიცხავს სასამართლო სისტემის კონტროლს საზოგადოების მხრიდან. 

“მხედველობაში უნდა მივიღოთ, რომ სასამართლო არ არის მედიის ველი. მნიშვნელოვანია, რომ იქ გამჭვირვალობის პრინციპი დაბალანსებული იყოს მართლმსაჯულების ეფექტიანობისა და პიროვნების უფლებების დაცვასთან”,-  აცხადებს ავთანდილ კახნიაშვილი. 

Აღნიშნულ კანონპროექტს “მედიის ადვოკატირების კოალიცია” გამოეხმაურა, მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ კანონპროექტი, სასამართლო სისტემის გამჭვირვალობას სრულად ანადგურებს. 

„ქართული ოცნების” მიერ დაჩქარებული წესით წარდგენილია კანონპროექტი, რომელიც მედიის სასამართლოს გაშუქებას ეხება.  წარდგენილი კანონპროექტით შეუძლებელი ხდება სასამართლოს პროცესების გადაღება მედიის მიერ, რაც საზოგადოებას წაართმევს შესაძლებლობას, თვალის ადევნოს, თუ როგორ მუშაობს მართლმსაჯულების სისტემა”, – ნათქვამია განცხადებაში. 

გარდა საკანონმდებლო ცვლილებებისა, გახშირებულია ჟურნალისტების წინააღმდეგ სიტყვიერი და ფიზიკური თავდასხმები, რაც ხშირად მაღალი მასშტაბი აქვს. მრავალი ჟურნალისტი, მათი პროფესიული მოვალეობის შესრულებისას, აწყდება არა მხოლოდ სიტყვიერ შეურაცხყოფას, არამედ პირდაპირ ფიზიკურ ძალადობასაც, რიგ შემთხვევებში კი, მათ სამედიცინო დახმარების მიღებაც უწევთ. 

28 ნოემბრიდან დაწყებული პროევროპული საპროტესტო აქციების დროს მედიის წარმომადგენლები მძიმე გამოწვევების წინაშე დადგნენ – დაშავდა 50-ზე მეტი ჟურნალისტი. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ განხორციელებული აგრესია განსაკუთრებით თვალსაჩინო იყო, რაც ხშირად ფიზიკურ ძალადობაში გადაიზარდა. დაშავებულებს შორის არიან გურამ როგავა, ალექსანდრე ქეშელაშვილი და მარიამ გაფრინდაშვილი, რომლებიც დაზიანებების შედეგად სამედიცინო დახმარებას საჭიროებდნენ. 

გარდა ფიზიკური დაზიანებისა, არაერთ ჟურნალისტს წაართვეს ან დაუზიანეს პროფესიული აღჭურვილობა, რაც მნიშვნელოვნად ართულებს მათ სამუშაობას და ინფორმაციის თავისუფალ მიწოდებას საზოგადოებისთვის. მედიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათი უფლებები – პროფესიული საქმიანობის მშვიდობიანი და უსაფრთხო განხორციელების – რამდენიმე შემთხვევაში დაირღვა, რაც დამატებით გამწვავდა იმ ვითარებაში, როდესაც ისინი ცდილობდნენ აქციის ობიექტურ და მიუკერძოებელ გაშუქებას. 

მომხდარი ფაქტები კიდევ ერთხელ აჩენს კითხვებს მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სახელმწიფოს პასუხისმგებლობაზე. უფლებადამცველები და ჟურნალისტური ორგანიზაციები აღნიშნულს მკაცრად გმობენ და მოუწოდებენ სახელმწიფო სტრუქტურებს უზრუნველყონ მედიის პროფესიონალების უსაფრთხოება და დაუყოვნებლივ გამოიძიონ ძალადობის ყველა ფაქტი. 

ბოლო წლებში ქართული მედია უპრეცედენტო სირთულეებს ებრძვის, რომლებიც მიზანმიმართულად აქვეითებს ჟურნალისტების საქმიანობის თავისუფლებასა და უსაფრთხოებას. საკანონმდებლო ცვლილებები და ძალადობრივი თავდასხმები ერთდროულად ქმნიან გარემოს, სადაც დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა არაერთხელ ხვდება შემზღუდავ ბარიერებს. ეს მოვლენები მნიშვნელოვანწილად ართულებს არა მხოლოდ მედიის პროფესიულ საქმიანობას, არამედ უარყოფითად აისახება ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზე და საზოგადოებისთვის აუცილებელი ინფორმაციის მიწოდებაზე. 

მიუხედავად ამისა, მედიის წარმომადგენლები არ წყვეტენ ბრძოლას – ისინი ყოველდღიურად იღებენ მაღალ რისკებს, რათა გააშუქონ მნიშვნელოვანი მოვლენები, გაავრცელონ სიმართლე და უზრუნველყონ საზოგადოებრივი ინტერესი. 

მასალა მოამზადა: ლუკა ცარციძემ

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *