„სურსათის უვნებლობას მეტი ყურადღება სჭირდება, სანამ მძიმე შედეგებამდე მივალთ, განსაკუთრებით საყურადღებოა ზაფხულის პერიოდი, რადგან ინფექციური დაავადებების რისკი ამ დროს იზრდება“, – აცხადებს ინფექციონისტი ნინო ალხაზიშვილი.
ყოველწლიურად მსოფლიოს მასშტაბით დაახლოებით 600 მილიონი ადამიანი იწამლება სასურსათო ინფექციებით, ხოლო 420 000-ზე მეტი ადამიანი იღუპება. ამ ინფორმაციას ავრცელებს ფერმერთა მომსახურეობის სააგენტო. აღსანიშნავია, რომ საქართველოში ყოველწლიურად სურსათით გამოწვეული დაავადების 40 000-ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება.
ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა იყოს დაბალი ცნობიერება სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებით, ამიტომ მოსახლეობის დაცვისთვის მნიშვნელოვანია მათი ინფორმირებულობა სურსათის ჰიგიენასა და საკვების თერმულ დამუშავებაზე. ხშირ შემთხვევაში ინფექციური დაავადებების გამომწვევი მიზეზი სახიფათო ადგილებში შეძენილი პროდუქტი ხდება, სადაც დაცული არ არის ჰიგიენურ-სანიტარული ნორმები და სახელმწიფოს შესაბამისი სტრუქტურების მიერ მონიტორინგი არ ხორციელდება. ასეთ ადგილზე შეძენილ პროდუქციაზე, თითქმის არავინ იღებს პასუხისმგებლობას და შესაბამისად არც ექვემდებარება გადამოწმებას, თუ საიდან მოდის კონკრეტული პროდუქცია.
ბაზრები და გარე ვაჭრობა, როგორც რისკის ფაქტორი
სურსათით გარე ვაჭრობა შესაძლოა ყველაზე დიდი რისკის ქვეშ აყენებდეს ადამიანის ჯანმრთელობას. განსაკუთრებით ისეთ ადგილებში, სადაც სტანდარტებით გათვალისწინებული ნორმები არ არის დაცული. ნებისმიერი პროდუქტი, რომელიც განთავსებულია ბაზრის გარეთ და მას არ აკონტროლებს შესაბამისი სამსახური, ის კანონით აკრძალულია. განსაკუთრებით სახიფათოა მალფუჭებადი საკვები, რომელიც პირდაპირ კავშირშია ჰიგიენური და სანიტარული ნორმების დარღვევებთან. მიუხედავად იმისა, რომ ყველა გარე მოვაჭრეს ადგილზე აკონტროლებს პოლიცია და უკრძალავს ვაჭრობას, სიტუაცია მაინც არ იცვლება და მეტიც, გარე ვაჭრობა საღამოს საათებში უფრო აქტიურდება.
რაც შეეხება ბაზრის შიდა ტერიტორიებს, ის „სურსათის ეროვნული სააგენტოს“ ზედამხედველობაშია და ტარდება გეგმური, ასევე არაგეგმური შემოწმებები, რათა დაცული იყოს ადამიანების ჯანმრთელობა. შიდა ვაჭრობის ერთ-ერთ სანდო ფაქტორად კი შესაძლოა დასახელდეს მონიტორინგი და კანონით დადგენილი წესების დაცვა, ამასთან ერთად შესამჩნევად დიდი სხვაობაა დამოკიდებულებასა და მომსახურეობაში. ბაზრის შიდა ტერიტორიაზე მომუშავე პირები ამტკიცებენ, რომ გარე მოვაჭრეებთან შედარებით მათი პროდუქტი უვნებელია და პროდუქტი ყველანაირი სტანდარტების დაცვით მიდის მათთან. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ შიდა ვაჭრობას სპეციალური სამსახური აკონტროლებს, ეს მაინც არ ნიშნავს იმას, რომ აქ ყველა სტანდარტი დაცულია.
ინფორმაციისთვის, ინტერვიუს ჩაწერისას, ბაზრის შიდა ტერიტორიაზე აზრის დაფიქსირების სურვილი ყველას ჰქონდა, თუმცა გარე მოვაჭრეები მხოლოდ აგრესიით შემოიფარგლნენ.
რას ნიშნავს სურსათის უვნებლობა?
სურსათის უვნებლობა მიმართულია საკვებში პოტენციური საფრთხეების გაჩენის მინიმალიზაციისკენ, რომლებიც წარმოიქმნება არასათანადოდ დამუშავებული და ამავდროულად, დაბინძურებული საკვებისგან, რომელიც შესაძლოა შეიცავდეს ბაქტერიებს და ადამიანის ჯანმრთელობას ზიანს აყენებდეს.
სურსათის უვნებლობა უფრო კონკრეტულად გულისხმობს, პროდუქტის დაცვას და შემოწმებას, როგორც მავნე, ასევე ქიმიური და ფიზიკური ნივთიერებებისგან, რაც ხელს უწყობს სურსათით გამოწვეული დაავადებების გავრცელებას და საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას. სურსათის უვნებლობა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც გათვალისწინებულია „ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ“ შეთანხმებით (DCFTA).
აღსანიშნავია, რომ საქართველოში სურსათის მწარმოებელ ყველა ბიზნესოპერატორს ეკისრება ვალდებულება, საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემა (HACCP) დანერგოს. HACCP-ის საშუალებით კი სურსათის მწარმოებლები და მიმწოდებლები იცავენ საკუთარ ბიზნესს, მათ მიერ წარმოებულ პროდუქტს და მათ მომხმარებლებს სურსათის მიღებით გამოწვეული დაავადებებისგან.
HACCP სისტემის ისტორია 1960-იან წლებიდან იწყება და ამერიკულ კოსმოსურ სააგენტო NASA-ს უკავშირდება. NASA-მ შექმნა მეთოდი, რათა კოსმონავტებისთვის მიწოდებული საკვები სანდო, სუფთა და უსაფრთხო ყოფილიყო. სისტემა კი მალევე გახდა პოპულარული და დღეისათვის მთელ მსოფლიოში გამოიყენება. საქართველოში HACCP სისტემის დანერგვას ზედამხედველობას „სურსათის ეროვნული სააგენტო” უწევს. სააგენტოს ინსპექტორები კი კომპანიებში ეფექტიანი რისკის მართვას აკონტროლებენ.
როგორც სურსათის ეროვნული სააგენტო აცხადებს კვებითი მოშხამვის ფაქტები უმეტესს შემთხვევაში ქუჩაში შეძენილი პროდუქტებიდან მომდინარეობს.
მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში, კვლავ აქტუალურად რჩება ინფექციები, რომელიც გასტრო ინტესტილური ინფექციების სახით არის ცნობილი. სურსათით გამოწვეული დაავადებებისგან თავის დასაცავად კი მნიშვნელოვანია სურსათის ეროვნული სააგენტოს და ინფექციონისტების რჩევების გათვალისწინება. სურსათით გამოწვეული დაავადებები ერთ-ერთ დიდ გამოწვევად რჩება მთელ მსოფლიოში. ინფექციონისტების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში გარკვეულწილად სიტუაცია გამოსწორებულია, ეს საკითხი მაინც პრობლემად რჩება. ინფექციური დაავადებები, რომლებიც შესაძლოა საკვებით გავრცელდეს, სიცოცხლისთვის სახიფათო და ხშირ შემთხვევებში სავალალოც ხდება.
სწორედ ამ თემაზე საუბრობს ბოჭორიშვილის კლინიკის ინფექციონისტი ნინო ალხაზიშვილი
როგორია საქართველოში არსებული მდგომარეობა სურსათით გამოწვეული ინფექციური დაავადებების კუთხით?
– არც თუ ისე სახარბიელო სიტუაციაა, ყველაზე მეტად ეს ჩანს ზაფხულში, საკვებით გამოწვეული ინფექციები ძირითადად ყველა სეზონზე გვხვდება, თუმცა ზაფხულობით მეტად რთულ ფორმებშია.
სურსათით გამოწვეული რომელი ინფექციებია ყველაზე ხშირად თქვენს პრაქტიკაში?
– ყველაზე ხშირად გვყავს სალმონელოზით დაავადებული პაციენტები, ზაფხულობით განსაკუთრებით იმატებს ეშერიხია კოლით გამოწვეული ნაწლავური ინფექციები, განსაკუთრებით აგვისტოს პერიოდში. სალმონელოზსა და ეშერიხია კოლს ახასიათებს ცხელება. ბოლო წლებში კი შედარებით იშვიათია ბრუცელოზი.
აქვე დავამატებ ჯილეხს, რომელიც დაავადებული ცხოველისგან გადადის ადამიანზე. მართალია, იშვიათად გვხვდება, თუმცა საკმაოდ სერიოზული დაავადებაა, მძიმედ მიმდინარეობს. არის შემთხვევები, როდესაც დაავადებულ ცხოველს კლავენ და ხორცს ყიდიან, შესაბამისად, ხორცთან შეხებაში მყოფი ყველა პირი დაავადდება.
რა ტიპის მკურნალობას საჭიროებენ სურსათით გამოწვეული ინფექციების მქონე პაციენტები?
– სალმონელოზის დროს პაციენტს სჭირდება ანტიბაქტერიული მკურნალობა, ხოლო ბრუცელოზის დროს ექვსკვირიანი ხანგრძლივი ანტიბაქტერიული მკურნალობა ინიშნება.
რას ურჩევდით მოქალაქეებს, რომ თავიდან აიცილონ სურსათით გამოწვეული ინფექციები?
– საზოგადოებას ვურჩევ პროდუქტები ისეთ ადგილები შეიძინონ, სადაც აქტიურად მიმდინარეობს კონტროლი.
რა ნაბიჯებია გადადგმული ბოლო წლებში და რა გამოწვევები რჩება გადაუჭრელი ინფექციური დაავადებების პრევენციის თვალსაზრისით, სურსათთან მიმართებაში?
– ვფიქრობ, რომ უკვე აქტიურად ექცევა ყურადღება, როდესაც ესეთი დაავადებით მოდის პაციენტი, ინფორმაციას გადავცემთ „დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს“, ამის შემდეგ ისინი ერთვებიან უშუალოდ საქმეში, ნახულობენ, რომელმა პროდუქტმა გამოიწვია დაავადება და მას შემდეგ, რაც დაადგენენ რომელ ობიექტზე ან ტერიტორიაზე არის შეძენილი პროდუქტი, ობიექტი იხურება ან სხვადასხვა გზებს მიმართავენ სიტუაციის გამოსასწორებლად.
რა მიმართულებით უნდა განხორციელდეს ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯები საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად?
– მეტი კონტროლია საჭირო, ვიდრე ვინმე დაინფიცირდება. პერიოდულად უნდა მოწმდებოდეს ხორც-პროდუქტები, რძის პროდუქცია და ყველა სახის საკვები პროდუქტი, რომ თავიდან ავირიდოთ მსგავსი დაავადებები. სასურსათო მაღაზიებიც აქტიურად უნდა მოწმდებოდნენ.
კვლევა: სურსათის უვნებლობის ცნობადობის დონის შეფასება საქართველოს მოსახლეობაში
სტატიაში მოყვანილია მონაცემები, რომლებიც მივიღე 2025 წლის ივნისსში ჩატარებულ კვლევაში, სადაც მონაწილეობა 112- მა მომხმარებელმა მიიღო. კვლევის მთავარი მიზანი საქართველოს მოსახლეობის სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებული ცნობადობის დონის შეფასება იყო. კვლევის თანახმად, საქართველოში მოსახელობის უმეტესობა თვლის, რომ ყვეელაფერი, რაც ჯანსაღი ჩანს, ის აუცილებლად სიცოცხლისთვის უვნებელია, ნაწილი ფიქრობს, რომ მნიშვნელოვანია დავიცვათ სურსათის გამოყენების წესები, ხოლო ნაწილი ფიქრობს, რომ ნებისმიერი ჯანსაღი პროდუქტი უვნებელია და მას სპეციალური წესების დაცვა არ სჭირდება.
გამოკითხვის შედეგად მიღებული პროცენტული მაჩვენებელი ამტკიცებს, რომ მოსახლეობის უმეტესობას სურსათის უვნებლობის შესახებ სმენია, თუმცა დანარჩენი პროცენტული მაჩვენენებელი (22%, 9%) შეიძლება კრიტიკულად ჩაითვალოს, რადგან ეს სწორედ ის მაჩვენებელია, რაც ცნობიერების ნაკლებობაზე მიუთითებს. გამოკითხვაში მკაფიოდ გამოოიკვეთა ის ძირითადი მიზეზები, თუ რა იწვევს ცნობიერების ნაკლებობას საზოგადოებაში. ერთი-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი კი სწორედ ინფორმაციის ნაკლებობაა. გამოკითხულები აღნიშნავენ, რომ მოსახლეობა ვერ იღებს საჭირო ინფორმაციას სურსათის უვნებლობის საკითხზე, თუ სად უნდა შეიძინოს პროდუქტი და რატომ არის შიდა ვაჭრობა უფრო უვნებელი, ვიდრე გარე.
გამომდინარე იქიდან, რომ დღეს ისევ დიდ გამოწვევად რჩება სურსათის უვნებლობა, საზოგადოებამ უნდა იცოდეს თუ სად შეიძლება უვნებელი პროდუქციის შეძენა. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი როლი უჭირავს სახელმწიფო სტრუქტურებს, ისინი ვალდებულები არიან გეგმიური შემოწმების გამკაცრებასა და გაუმჯობესებაზე, მნიშვნელოვანია დაინერგოს ინსპექტორთა და ზოგადად სურსათით მოვაჭრე ადამიანების გადამზადება. ცნობიერების ამაღლება კი დაეხმარება მათ, რომ პროდუქტი, რომლის რეალიზაციასაც ახდენენ, იყოს უვნებელი.
მასალა მოამზადა: სოფო ლოლაძე






Leave a Reply