პერსპექტივა

მენტალური საზღვრები – რატომ გვიჭირს “არა” – ს თქმა?

„არა“-ს თქმა ბევრისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა.ეს სიტყვა, რომელიც ერთი შეხედვით მარტივად ჟღერს და ამით ჩვენი პირადი არჩევანი და კომფორტი უნდა გამოიხატოს, ხშირად ყველაზე რთულია სათქმელად. რატომ ვიკავებთ  თავს უარის თქმისგან, როცა ვგრძნობთ, რომ რაღაცისთვის მზად არ ვართ ან არ გვსურს? მიზეზი ხშირად იმაში მდგომარეობს, რომ უარის თქმა ჩვენს მენტალურ საზღვრებთან, თვითშეფასებასთან და საზოგადოებრივ ზეწოლასთან არის დაკავშირებული. სპეციალისტები ამბობენ, რომ “არა” – ს თქმის სირთულე ხშირად ბავშვობიდან მოდის.  

ამ თემაზე უფრო ვრცლად, ფსიქოლოგ მარიამ ბერაძეს ვესაუბრეთ, რომელიც ჩვენს კითხვებს პასუხობს.

მარიამ, პირველ რიგში, რა არის მენტალური საზღვრები და რატომ არის ის ასეთი მნიშვნელოვანი ადამიანის ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის?

– მენტალური საზღვრები არის შინაგანი, ხშირად უხილავი ხაზები, რომლებიც გვიცავენ გადაჭარბებული ემოციური, ფიზიკური ან ფსიქოლოგიური დატვირთვისგან. ეს არის ჩვენი შესაძლებლობა განვსაზღვროთ, რისთვის ვართ პასუხისმგებლები და რისთვის არა.  როცა ადამიანს ჩამოყალიბებული აქვს ჯანსაღი საზღვრები, მას შეუძლია ადეკვატურად თქვას „კი“ და საჭიროების შემთხვევაში,  „არა“. ეს უნარი პირდაპირ კავშირშია თვითშეფასებასთან, სტრესის მართვასთან და ფსიქოლოგიურ კეთილდღეობასთან.

ხშირად ისმის, რომ ადამიანებს “არა”-ს თქმა ძალიან უჭირთ,  რატომ?

– ამის მიზეზი მრავალფაქტორულია. ერთი მხრივ, ეს კულტურულად და ოჯახში მიღებული ღირებულებებითაა განპირობებული. ბევრს ბავშვობაში ასწავლეს, რომ უარის თქმა არის ცუდი საქციელი, რომ კარგი ადამიანი ყოველთვის ეხმარება და ემორჩილება. მეორე მხრივ, საქმე გვაქვს შიშებთან. შიში, რომ სხვას ვაწყენინებთ, რომ აღარ ვეყვარებით, რომ ურთიერთობას დავაზიანებთ. საბოლოოდ კი ეს იქცევა ქცევის სტრატეგიად, რომელიც ადამიანმა თავდაცვითად აითვისა.

როგორ მოქმედებს ეს ყოველდღიურ ცხოვრებაზე?

– ის, ვინც ხშირად ვერ ამბობს „არა“ – ს,  საკუთარ თავს მუდმივად აყენებს უკანა პლანზე. აკეთებს იმას, რაც არ სურს, იღებს პასუხისმგებლობებს, რომლებიც მის ძალებს აღემატება, და ხშირად არც კი ამჩნევს, როგორ გამოდის საკუთარი ინტერესებიდან. შედეგად ვიღებთ გადაღლილობას, უკმაყოფილებას, ფარულ აგრესიას და, გრძელვადიან პერსპექტივაში დაბალ თვითშეფასებას.

შესაძლებელია თუ არა “არა”-ს თქმის სწავლა?

– რა თქმა უნდა, ეს ქცევითი უნარია და მისი განვითარება პრაქტიკით შეიძლება. პირველ რიგში, საჭიროა საკუთარი გრძნობების გაცნობიერება, როდის ვგრძნობთ დაძაბულობას, უხერხულობას, შიშს ან ბრაზს. ეს სიგნალებია, რომ ჩვენი საზღვრები ირღვევა. შემდეგ ეტაპზე მნიშვნელოვანია ამ გრძნობებზე რეაგირება, თავიდან შეიძლება მცირე უარით დაწყება, შემდეგ კი უფრო მკაფიო ფორმების სწავლა. დამხმარეა თვითეკლექტური პრაქტიკა, თერაპია, ასევე თავდაჯერებული და კონსტრუქციული კომუნიკაციის ტექნიკების ათვისება.

რას ურჩევთ იმ ადამიანებს, ვინც “არა”- ს თქმას ახლა იწყებს და რცხვენია?

– ვურჩევ, რომ თავი არ დაისაჯონ თავდაპირველი უხერხულობისთვის. ნებისმიერი ცვლილება იწყება დისკომფორტით. მნიშვნელოვანია, რომ “არა”-ს თქმის შემდეგ, თავად საკუთარ თავს გვერდში დაუდგნენ და არ გაიფიქრონ “მე ცუდი ვარ.” ეს მომენტი უნდა გახდეს საკუთარი თავის პატივისცემის ქმედითი გამოხატულება. 

და რაც მთავარია  “არა” არ ნიშნავს ურთიერთობაზე უარის თქმას. 

ის ნიშნავს, რომ ამ ურთიერთობას სხვა ფორმით ვაფასებთ,  ისე, რომ იქ ორივე მხარეს ადგილი რჩება. – აცხადებს მარიამი. 

– ადამიანები ხშირად მოითხოვენ თანხმობას,  თანხმობას სამსახურში დამატებით დავალებაზე, მეგობრის თხოვნაზე, ოჯახის წევრის მოლოდინზე. ადამიანები კი მეტწილად, არიან თუ არა თანახმა ამა თუ იმ საკითხზე, უარის თქმის რესურსი მაინც არ რჩებათ. ეს ფენომენი უნივერსალურია და მის ფესვებს ფსიქოლოგიაში ღრმა საფუძველი აქვს. ადამიანები სოციალური არსებები ვართ და სხვებთან კავშირი ჩვენთვის გადარჩენის ინსტინქტის ნაწილია. უარის თქმის შიში ხშირად დაკავშირებულია გადაულახავ სურვილთან, ვიყოთ მისაღები, მოგვიწონონ, არ დაგვკარგონ. ამის გამო, სხვების მოლოდინები ჩვენი პირადი საზღვრების გადალახვის საფუძვლად გვევლინება.

მენტალური საზღვრები ფსიქოლოგიაში  იმ უხილავი ხაზების ჯამია, რომლებიც განსაზღვრავს, სად მთავრდება ჩვენი პასუხისმგებლობა და იწყება სხვისი.  ეს საზღვრები გვეხმარება ვიცოდეთ, რისთვის ვართ მზად, რა გვჭირდება, რა გვაზიანებს და რისი შეთავსება არ შეგვიძლია. როცა ეს საზღვრები ბუნდოვანია, ადამიანი საკუთარ სივრცეს კარგავს, უჭირს “არა”-ს თქმა, უარის გაცხადება კი აღიქმება როგორც დანაშაული და თავს მუდმივად სხვების კომფორტზე ორიენტირებულად გრძნობს.

ამ თემაზე ჩატარებული კვლევები ადასტურებს, რომ მენტალური საზღვრების არქონა პირდაპირ კავშირშია გადაღლილობასთან, ქრონიკულ სტრესთან, ემოციურ გადატვირთვასთან და თვითშეფასების დაქვეითებასთან. 

ამერიკელი ფსიქოლოგი, მედიცინის დოქტორი (Ph.D.) და ამერიკული ფსიქოლოგიური ასოციაციის წევრი ნენსი მაკუილა აქტიურად მუშაობდა ამ ფენომენზე, ის თავის ნაშრომებში წერს, რომ არაჯანსაღი საზღვრების მქონე ადამიანებს ხშირად ახასიათებთ ღრმა შფოთვა, გადაჭარბებული პასუხისმგებლობის გრძნობა და საკუთარი სურვილების უარყოფა. “არა”-ს თქმის სირთულე ხშირად სოციალური და კულტურული კოდების გავლენითაც ყალიბდება.  ინდივიდუალურისტურ კულტურებში, სადაც პირადი სივრცე, დრო და არჩევანი ფასდება,  უარი, როგორც წესი, ნორმადაა მიჩნეული. 

კოლექტივისტურ კულტურებში კი, როგორიც საქართველოა, ინდივიდუალური გადაწყვეტილება ხშირად ურთიერთობებზე გადადის.  შედეგად კი  ადამიანებს უჩნდებათ შიში, რომ “არა”- ს თქმა ნიშნავს ურთიერთობის გაფუჭებას, სხვაზე უარის თქმას, ან მისთვის ზიანის მიყენებას. 2000-იან წლებში ჩატარებული ერთ-ერთი დიდი ფსიქოლოგიური კვლევის მიხედვით, რომელიც ჟურნალმა Personality and Social Psychology Bulletin – მა გამოაქვეყნა, აღმოჩნდა, რომ ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ სწორი თვითრეგულაცია და საზღვრების ჩამოყალიბების უნარი, უფრო მიდრეკილნი არიან ე.წ. “თანხმობის ზეწოლისადმი”. 

ასეთ შემთხვევებში კი  თანხმობა აღარ არის თავისუფალი არჩევანი, არამედ ის ჩვევად ქცეული თავდაცვითი რეაქციაა. ეს ყველაფერი იმაზე მიგვანიშნებს, რომ “არა”-ს თქმა  რეალურად ფსიქოლოგიური უნარია და არა მხოლოდ უბრალო სიტყვა. ის მოითხოვს თვითშეგნებას, ემოციურ სიმამაცესა და ურთიერთობების მართვის უნარს. მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერება, რომ უარი არ ნიშნავს კონფლიქტს, არამედ პირიქით, დროული და კონსტრუქციული უარი ქმნის ურთიერთობებში სიწმინდეს, სანდოობას და პატივისცემას.

თანამედროვე ფსიქოთერაპიაში ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული მიდგომა  (დამაჯერებელი ქცევის სწავლება) სწორედ იმ უნარების გაძლიერებას ემსახურება, რაც ადამიანს ეხმარება “არა”-ს თქმაში ისე, რომ ამასთან ერთად შეინარჩუნოს ემპათია, ურთიერთობა და სიმშვიდე. მენტალური საზღვრების დამყარება, პირველ რიგში, საკუთარი თავის აღქმის საფუძველზე ხდება.  თუ არ ვიცით რა გვინდა, რას ვგრძნობთ, როდის ვიღლებით და რა გვაკლია  ვერ ვამჩნევთ იმ წერტილსაც, სადაც “კი” უკვე ძალდატანებული ხდება. აღსანიშნავია, რომ “არა”-ს თქმის სწავლა იწყება არა სხვებისგან, არამედ საკუთარ თავთან გულწრფელობით, სწორედ აქედან მოდის რეალური და ჯანსაღი ურთიერთობები. 

მასალა მოამზადა: ნატალი ტუღუშმა

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *