სოციალური ქსელები დღესდღეობით ახალგაზრდების ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. პლატფორმები, როგორიცაა Instagram, TikTok, Facebook და Snapchat, არა მხოლოდ კომუნიკაციის საშუალება, არამედ საკუთარი თავის წარმოჩენის, სხვისი ცხოვრების თვალყურის დევნების და სოციალური შედარების სივრცეა. ამ პროცესში თვითშეფასება, ინდივიდის შინაგანი აღქმა საკუთარი მნიშვნელობის, შესაძლებლობებისა და ღირებულებების შესახებ ხშირად ზეწოლას განიცდის.
ამ თემასთან დაკავშირებით, უფრო ვრცლად, ფსიქოლოგი მარიამ შოვნაძე საუბრობს…
როგორ აღწერდით სოციალური ქსელების ძირითად გავლენას ახალგაზრდების ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე?
– მინდა გამოვყო როგორც პოზიტიური, ასევე უარყოფითი ასპექტები. სოციალური ქსელი ხელს უწყობს მოზარდებში სოციალური კავშირების ფორმირებას, შენარჩუნებასა და განვითარებას, განსაკუთრებით ფიზიკური დისტანციის არსებობისას . სოციალური ქსელი უზრუნველყოფს პლატფორმას საერთო ინტერესების მქონე თანატოლების ერთმანეთთან დაკავშირებისთვის, რაც განაპირობებს მიკუთვნებულობის გრძნობას და ამცირებს მარტოობის განცდას. რაც შეეხება ნეგატიურ შედეგებს, სოციალური ქსელები ქმნის სხვებთან სოციალური შედარების წინაპირობას, სადაც მოზარდები საკუთარ რეალურ ცხოვრებას სხვების “იდეალიზებულ” და ხშირად არარეალურ ონლაინ იდეალებს ადარებენ. ამან შეიძლება გამოიწვიოს თვითშეფასების სირთულეები, არასრულფასოვნების გრძნობა, ძლიერი შფოთვა და გუნება-განწყობილების დაქვეითებაც.
რამდენად რეალურია ის იდეალი, რომელსაც ახალგაზრდები სოციალური მედიის მეშვეობით ხედავენ? და როგორ მოქმედებს ეს მათ თვითშეფასებაზე?
– სოციალური მედია, თავისი ბუნებიდან გამომდინარე, წარმოადგენს გაუმჯობესებული რეალობის პლატფორმას. ახალგაზრდები, როგორც წესი, აქვეყნებენ მხოლოდ საკუთარი ცხოვრების საუკეთესო მომენტებს, ვიზუალურად დამუშავებულ ფოტოებსა და ვიდეოებს, ეს ფოტოები კი რა თქმა უნდა ხშირად ფილტრებით დამუშავებულია. ეს ქმნის არარეალურ მოლოდინებს ფიზიკურ სილამაზესთან დაკავშირებით. ასევე ახალგაზრდები ხშირად ხედავენ თანატოლების „სრულყოფილ“ შვებულებებს, ძვირადღირებულ ნივთებს, წარმატებულ ურთიერთობებს და მუდმივ გართობას, მაშინ როდესაც ეს ხშირად მხოლოდ მცირე, შერჩეული ფრაგმენტებია მათი ცხოვრებიდან. სოციალურ მედიაში წარმატება ხშირად იზომება „მოწონებების“, გამომწერების და კომენტარების რაოდენობით, რაც ქმნის ზეწოლას მუდმივი „სოციალური ვალიდაციისთვის“. ამ არარეალური იდეალების მუდმივი ზემოქმედება დამანგრეველ გავლენას ახდენს მოზარდების თვითშეფასებაზე.
რა როლი აქვს შედარებას (სხვა ადამიანებთან საკუთარ თავს შედარებას) თვითშეფასების ფორმირებაში?
– შედარება არის ფუნდამენტური ფსიქოლოგიური პროცესი, რომელიც გადამწყვეტ როლს თამაშობს თვითშეფასების ფორმირებაში. მოზარდობის პერიოდში შედარების როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ამ დროს ყალიბდება იდენტობა და თვითაღქმა. მოზარდები ინტენსიურად ეძებენ თავიანთ ადგილს სოციალურ ჯგუფებში და სხვების შეფასებები მათთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. სოციალური მედია ამ პროცესს კიდევ უფრო ამძაფრებს, რადგან მუდმივი ონლაინ შედარება (გარეგნობა, პოპულარობა, მიღწევები) ხელს უშლის თვითშეფასების ჯანსაღ ფორმირებას, ხდის მას მყიფეს და დამოკიდებულს გარე ვალიდაციაზე.
როგორ შეიძლება ფრთხილად განვასხვაოთ სოციალური ქსელით მიღებული პოზიტიური სტიმული და მავნე ზეგავლენა?
– პოზიტიური სტიმულის შემთხვევაში სოციალური ქსელების გამოყენება არ აფერხებს ყოველდღიურ საქმიანობას (აკადემიური მოსწრება, ოჯახური/მეგობრული ურთიერთობები, ჰიგიენა). მავნე ზეგავლენა კი ვლინდება სოციალური ქსელების გამოყენების შედეგად განვითარებულ დისფუნქციებში. სოციალური ქსელების გადაჭარბებული გამოყენება იწვევს აკადემიური მოსწრების, ძილის რეჟიმის, ფიზიკური აქტივობისა და რეალური სოციალური ინტერაქციების გაუარესებას.
როგორ შეიძლება მშობლებმა და პედაგოგებმა გააძლიერონ ახალგაზრდების თვითშეფასება სოციალური ქსელების გავლენის ფონზე?
– როგორც მოზარდთა ფსიქოლოგს, მიმაჩნია, რომ მშობლებსა და პედაგოგებს კრიტიკული როლი აქვთ ახალგაზრდების ჯანსაღი თვითშეფასებუს ფორმირებაში სოციალური ქსელების გავლენის ფონზე. ეს მოითხოვს მიზანმიმართულ და თანმიმდევრულ მიდგომას. ასწავლეთ მათ კრიტიკული აზროვნება, რათა გაარჩიონ რეალური და დადგმული, ჯანსაღი და მავნე კონტენტი. წაახალისეთ მოზარდები, ჩაერთონ ოფლაინ აქტივობებში. ეს მათ საშუალებას აძლევს, განავითარონ უნარები, შეიძინონ რეალური მეგობრები და იგრძნონ მიღწევისკმაყოფილება.
რას ურჩევდით ახალგაზრდებს, რომლებსაც სოციალური მედია უარყოფითად მოქმედებს საკუთარ თავთან დამოკიდებულებაზე?
– ახალგაზრდებზე, რომლებზაც სოციალური მედია უარყოფითად მოქმედებს ვურჩევდი რომ დააწესონ მკაფიო ლიმიტი და გამოიყენონ დრო სხვა აქტივობებისთვის. მიყევით გვერდებს, რომლებიც გაძლევენ მოტივაციას და შთააგონებენ, ნუ დაიტვირთავთ თავს არარეალური იდეალებით. ფოკუსირდით პირისპირ ურთიერთობებზე, რაც გააძლიერებს თქვენს კავშირებსა და თვითღირებულების განცდას. გააცნობიერეთ, რომ სოციალურ მედიაში ხშირად წარმოდგენილია გაფილტრული და არარეალური გამოსახულებები.
ამ თემასთან დაკავშირებით გვესაუბრება სტუდენტი თამთა ჭიკაიძეც, რომელიც სოციალური ქსელების გავლენას თვითშეფასებაზე ნათლად უსვამს.
დღეში დაახლოებით რამდენ დროს ატარებ სოციალური ქსელების გამოყენებაში?
– ძალიან მერყევია, მაგრამ საშუალოდ ალბათ 4-5 საათს. ზოგჯერ მეტიც, განსაკუთრებით როცა მოწყენილი ვარ ან დასვენების დღეა.
რისთვის იყენებ ყველაზე ხშირად სოციალურ ქსელებს?
– სიახლეების სანახავად და მეგობრებთან კომუნიკაციისთვის. TikTok-ზე ვუყურებ ხოლმე გასართობ ვიდეოებს, Instagram-ზე კი ვხედავ, რას აკეთებენ სხვები. ზოგჯერ თავადაც ვტვირთავ ფოტოებს ან Story-ს.
როგორ ფიქრობ, სოციალური ქსელების გამოყენება გეხმარება თუ გიშლის ხელს საკუთარი თავის მიღებაში?
– ორივე, ზოგჯერ მგონია, რომ სოციალურ ქსელებში ბევრ ისეთ რამეს ვხედავ, რაც მოტივაციას მაძლევს, მაგრამ იმავდროულად არის დღეები, როცა რაღაც პოსტს ვნახავ და თავს ნაკლებად საინტერესო ან მიმზიდველად ვგრძნობ.
ყოფილა შემთხვევა, როცა სოციალურ ქსელში ნანახმა პოსტმა ან ფოტოებმა დაგაწყვიტა გული ან დაგაფიქრა შენს გარეგნობაზე/ცხოვრებაზე?
– კი, საკმაოდ ხშირად. მაგალითად, როცა ვიღაცის ძალიან “იდეალურ” ფოტოებს ვხედავ, მაქვს შიში, რომ არასდროს ვიქნები ისეთი ლამაზი ან წარმატებული. თითქოს ყველა რაღაცას აღწევს, და მე ვერა.
იშვიათად თუ ხშირად ადარებ საკუთარ თავს იმ ადამიანებს, ვინც სოციალურ ქსელებში მოხვდება?
– სიმართლე რომ ვთქვა, ხშირად. მეც ვცდილობ არ მქონდეს ეს ფიქრები, მაგრამ მაინც ვადარებ ჩემს ცხოვრებას ან გარეგნობას სხვისას, განსაკუთრებით როცა ბევრ მოწონებას ან კომენტარს ვხედავ.
როგორ გრძნობ თავს, როცა შენი პოსტი ცოტა მოწონებას იღებს?
– ცოტა დამთრგუნველია. მაშინვე მეფიქრება, რომ ალბათ ცუდად გამოვიყურები ან ადამიანებს აღარ ვაინტერესებ. მერე ვცდილობ, ლოგიკურად ვიფიქრო, მაგრამ მაინც იმ პირველ ემოციას ვგრძნობ. თუმცა ეს უფრო ადრე იყო, ახლა გავიზარდე და მივხვდი, რომ ეს დიდად ვერაფერს გადამიწყვიტავს.
ყოფილა შემთხვევა, როცა სოციალურ ქსელში რაღაცის გამოქვეყნება გადაიფიქრე იმის შიშით, რომ სხვებს არ მოეწონებოდა?
– კი, ხშირად. განსაკუთრებით მაშინ, როცა ჩემს გარეგნობას ეხება ან პირად რაღაცას ვწერ. მეშინია უარყოფითი შეფასების ან იგნორირების. არამარტო მე, ჩემს თანატოლებს ძალიან ბევრს ეშინიათ თვითგამოხატვა, რადგან გვეწყება ფიქრი, რომ გარშემომყოფეფისგან შეიძლლება მიუღებლობა გვქონდეს.
როგორ ფიქრობ, როგორ იმოქმედებდა შენზე სოციალური ქსელების ნაკლები გამოყენება?
– ალბათ ნაკლებად ვიქნებოდი წნეხის ქვეშ, და მეტი დრო მექნებოდა საკუთარი თავით დაინტერესებისთვის. მაგრამ თან მომაკლდებოდა კავშირი და სიახლეები. მგონი ბალანსი უკეთესი გამოსავალი იქნებოდა — არც მთლიანად უარი და არც სრული ჩაძირვა.
საბოლოო ჯამში, სოციალური ქსელები შეიძლება გახდეს თვითშეფასების გაძლიერების ან დასუსტების იარაღი. ეს დამოკიდებულია გამოყენების ფორმაზე. პრობლემური ხდება ის, როცა სოციალური ქსელები ცვლის ახალგაზრდების რეალურ წარმოდგენას საკუთარ თავზე და სამყაროზე. ამიტომ აუცილებელია ცნობიერების ამაღლება, ჯანსაღი მიდგომის განვითარება და ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვა.
მასალა მოამზადა: ანა გლოვემლა












Leave a Reply