ხელოვნური ინტელექტი უკვე არა მომავლის ტექნოლოგია, არამედ ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია სახლშიც, სამსახურშიც და სწავლების პროცესშიც. ის ცვლის ჩვენი მუშაობის, სწავლისა და აზროვნების წესს, თუმცა, საინტერესოა რამდენად მზად ვართ ამ ცვლილებებისთვის? დღეს, როდესაც AI ზოგისთვის უმნიშვნელოვანესი დამხმარეა, სხვებისთვის ის სამსახურის დაკარგვის რეალურ საშიშროებად იქცა. იცვლება პროფესიული ლანდშაფტი, ჩნდება ახალი ეთიკური დილემები, ხოლო მონაცემთა უსაფრთხოება კიდევ უფრო აქტუალურ თემად იქცევა.
როგორც Investopedia – ს 2025 წლის 28 ივნისის კვლევა გვიჩვენებს, 2030 წლისთვის, აშშ-ში სამუშაოების 30% ავტომატიზებული იქნება. ვარაუდობენ, რომ გლობალურად, 300 მლნ სამუშაოს დაკარგვა და 170 მლნ ახალი სამუშაოს შესაძლებლობის გაჩენაა მოსალონდელი. AI-ის მთავარი მიზანი ადამიანური საქმიანობის გამარტივებაა. ის წარმატებით ამუშავებს დიდ მონაცემებს, იღებს სწრაფ და ეფექტურ გადაწყვეტილებებს, აფასებს რისკებს და ზოგავს დროს. ამ მხრივ, ის შეუცვლელი დამხმარეა ბიზნესში, მედიცინაში, განათლებასა და სხვა დარგებში. თუმცა, იმავე პროცესებმა მექანიზაცია და ავტომატიზაცია გაზარდა, რის შედეგადაც ზოგიერთი პროფესია ქრება ან იცვლება.
დღეს უკვე ვხედავთ, როგორ ცვლის AI კონტენტმრეწველებს, ოპერატორებს, თარჯიმნებს ან ტექნიკურ მხარდაჭერას. ამიტომ, სწორად მართვის გარეშე, AI შესაძლოა გადაიქცეს შემცვლელად. თანამედროვე სამუშაო სივრცე AI-ის საშუალებით უფრო მოქნილი და მონაცემებზე დაფუძნებული გახდა. HR-განყოფილებები იყენებენ AI-ს კანდიდატების შერჩევისთვის, ფინანსური ინსტიტუტები რისკების შეფასებისთვის, ხოლო მარკეტინგში ის ანალიზებსა და პერსონალიზაციას უზრუნველყოფს. ასევე იზრდება დისტანციური მუშაობის შესაძლებლობები, რაც ტექნოლოგიის განვითარებას უკავშირდება.
მიუხედავად ამისა, ადამიანური უნარები, როგორიცაა ემპათია, კრიტიკული აზროვნება და კრეატიულობა, რჩება შეუცვლელად. შესაბამისად, მომავალში წარმატებული თანამშრომელი ის იქნება, ვინც შეძლებს AI-ის სწორად ინტეგრირებას საკუთარ უნარებთან. განათლების სისტემას ახალი რეალობისთვის გარდაქმნა სჭირდება. მოსწავლეები და სტუდენტები უნდა აღიჭურვონ არა უბრალოდ ცოდნით, არამედ ისეთი უნარებით, როგორებიცაა ციფრული წიგნიერება, მონაცემთა ანალიზი, კრეატიული პრობლემის გადაჭრა და ეთიკური აზროვნება.
აღსანიშნავია, რომ სკოლებსა და უნივერსიტეტებში მნიშვნელოვანია AI-ის სასწავლო გეგმებში ინტეგრაცია, როგორც საგნობრივი ცოდნის გასაძლიერებლად, ისე თავად ტექნოლოგიის სწორად გაგებისა და გამოყენებისთვის. მასწავლებლების გადამზადებაც ასევე კრიტიკულია, რათა ისინი თავადაც გახდნენ ცვლილების ნაწილი.
საქართველოშიც უკვე იგრძნობა ხელოვნური ინტელექტის გავლენა. ქართული სტარტაპები და ტექნოლოგიური კომპანიები იწყებენ AI-ის ინტეგრაციას სერვისებში, განათლების სფერო კი ნაბიჯ-ნაბიჯ იცვლის მიდგომებს. რა გზას ირჩევს საქართველო? ვართ თუ არა მზად ხელოვნური ინტელექტის ეპოქისთვის?
თემაზე, უფრო ვრცელი ინფორმაციისთვის საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის (GAIA) დირექტორს, გიგი გიორგაძეს ვესაუბრეთ.
ხელოვნური ინტელექტი, დამხმარეა თუ შემცვლელი?
– ამ ეტაპზე AI ძირითადად დამხმარე ინსტრუმენტია და უკვე არსებულ უნარებს და შესაძლებლობებს აფარათოებს ან აუმჯობესებს. მომავალში, ხელოვნური ინტელექტი გარკვეული საქმეებისა და პროფესიებისთვის ჩამნაცვლებელიც გახდება, მაგალითად, ქოლცენტრებისთვის. მაკკინზი ვარაუდობს, რომ ზოგადად, ამოცანების 30% და მთელი პროფესიების 5% ავტომატიზირებადია.
რა როლს თამაშობს ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე სამუშაო გარემოში?
– სადაც AI გარკვეულ დონეზე მაინცაა ათვისებული, მისი როლი სამუშაოს/ამოცანების გაიაფება და ასწრაფებაა. ყოველდღიურად ადამიანები იფიქრებენ მათ საქმეებზე მორგებულ იუზ ქეისებს და ასე იყენებენ პროდუქტიულობის გასაზრდელად. მაგალითად, პროექტის მენეჯერმა შეიძლება გამოიყენოს რეპორტის წერაში ან რისკების იდენტიფიცირებაში, დიზაინერმა კი ვიზუალური გენეიაი ინსტრუმენტებისთვის პრომპტის შექმნაში. ორგანიზაციულ დონეზე AI ორ ტიპად იყოფა – პრედიქტული/პროგნოზისთვის და გენერაციული. პირველი უფრო გამოცდილი და კარგად ათვისებული ტექნოლოგიაა, მეორე შედარებით ახალი და ექსპერიმენტირების დონეზე.
როგორ უნდა მოემზადოს განათლების სისტემა AI-ის ეპოქისთვის?
– სკოლებში საბაზისო ეიაი უნარების სწავლება პირველი ნაბიჯია, რომელიც განათლების სისტემამ უნდა გადადგას. ეს მოიცავს როგორც მოსწავლეების, ისე მასწავლებლების მომზადებას. ასევე, მნიშვნელოვანია უნივერსიტეტებში შეფასების სისტემების ისე შეცვლა, რომ გენერაციული ხელოვნური ინტელექტის პირობებშიც კი შესაძლებელი იყოს ცოდნის და უნარების და მათი პროგრესის შეფასება. ეს ამოცანა ჯერ ბოლომდე გადაწყვეტილი არაა და მასზე მუშაობა სხვადადხვა ფორმატებში ახლა მიმდინარეობს.
რა ეთიკური რისკები ახლავს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას?
– მთავარი რისკი მისი დეზინფორმაციისთვის გამოყენებაა DeepFake-ების, რეკომენდერ სისტემების თუ უბრალოდ სტერეოტიპების გავრცელება შეიძლება დემოკრატიული საზოგადოებისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად იქცეს. მეორე რისკი არის გადაწყვეტილებებში ეიაის ინტეგრირება, რომელიც სრულად გასაგები და ახსნადი შეიძლება არ იყოს. მესამე კი არის ადამიანების კონტროლისთვის ეიაის გამოყენება, როგორც ეს ახსნილია ევროკავშირის ეიაი აქტის აკრძალილი ეიაი ტექნოლოგიების ნაწილში.
როგორ შეგვიძლია დავიცვათ მონაცემთა კონფიდენციალურობა AI-ის პირობებში?
– გენერაციული ხელოვნური ინტელექტის გამოჩენამ მონაცემთა კონფიდენციალურობის ახალი გამოწვევები გააჩინა, რადგან ამ პროდუქტების უკან არსებული ტექნოლოგიები და ალგორითმები ბოლომდე საჯარო არ არის. სრულყოფილად მონაცემთა უსაფრთხოებაზე საუბარი რთულია. ახლა მთავარი ზომა, რომლის მიღებაც ადამიანებს და კომპანიებს შეუძლიათ არის, რომ არ გააზიარონ სენსიტიური, მაგალითად, ფინანსური ან ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია, გენერაციულ ეიაი ინსტრუმენტებთან მიმოწერისას.
არის თუ არა საქართველოში მზაობა AI-ის მასშტაბურ დანერგვაზე?
– საქართველოში ეიაის მიმართ ინტერესი დიდია, მაგრამ ამას სჭირდება ინვესტიციების, მონაცემების, აიტი ინფრასტრუქტურის და ადამიანური კაპიტალის მომზადება, რაშიც ქართული საჯარო, კერძო და აკადემიური სექტორი მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშეა.
“პირველ ეტაპზე საჭიროა ცნობიერების ამაღლება და საჭირო ტექნიკური და ბიზნეს კომპეტენციების მობილიზება როგორც ბიზნესში, ისე საჯარო სექტორში”
აცხადებს საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის (GAIA) დირექტორი – გიგი გიორგაძე
უნდა აღინიშნოს, რომ ხელოვნური ინტელექტი უკვე საგრძნობლად ცვლის ჩვენს გარშემო სამყაროს, ის ამარტივებს პროცესებს, ზრდის პროდუქტიულობას და ცვლის პროფესიულ ლანდშაფტს. თუმცა, მასთან ერთად იზრდება ეთიკური, სოციალური და უსაფრთხოების გამოწვევებიც. საქართველოსთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ტექნოლოგიის ათვისება, არამედ საზოგადოების განათლება, რეგულაციების შექმნა და თანასწორი წვდომის უზრუნველყოფა.
რაც მოითხოვს ერთობლივ ძალისხმევას სახელმწიფოს, ბიზნესის, აკადემიისა და სამოქალაქო სექტორისგან.
მასალა მოამზადა: ლუკა შველიძემ












Leave a Reply