ლუდომანიას, იგივე აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ქცევითი დამოკიდებულების, (ადიქციის) კატეგორიას მიაკუთვნებს. საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, “გემბლინგის” სფერო მზარდი ტენდენციით ხასიათდება. მართალია, ის უშუალოდ ფიზიკურ ჯანმრთელობას არ აზიანებს, თუმცა ახასიათებს მძიმე სოციალური შედეგები – ოჯახური კონფლიქტები, ფინანსური პრობლემები, დეპრესია და ზოგჯერ კრიმინალური ქცევაც კი.
საქართველოში სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები 2022 წლის 1 მარტიდან ამოქმედდა. აღნიშნული ცვლილებების მიხედვით, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობის ადგილზე, მათ შორის სისტემურ-ელექტრონულ ფორმატშიც: აკრძალულია 25 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქეების მონაწილეობა. ასევე, 18 წლამდე ასაკის უცხო ქვეყნის მოქალაქეების ან მოქალაქეობის არმქონე პირების ჩართვა. თამაშზე წვდომა ასევე ეკრძალებათ პირებს, რომლებიც რეგისტრირებული არიან დამოკიდებულ ან აკრძალულ პირთა სიაში.
UNICEF-ის მონაცემებით: აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება ბავშვებსა და მოზარდებში შეისწავლა UNICEF-მაც, 2024 კვლევის მიხედვით, “მოზარდების ნახევარი, რომელიც აზარტულ თამაშებს თამაშობს, აღნიშნავს, რომ მათი თამაშის შესახებ მშობლებმა არ იციან (46%), 18%-ის მშობლებს კი აქვთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მათი შვილი აზარტულ თამაშებს თამაშობს, თუმცა ამ საკითხზე შვილებთან არ უსაუბრიათ. მშობლების 6% შვილებს თამაშს უკრძალავს, რის გამოც აღნიშნულ საკითხზე ხშირად აქვთ კონფლიქტი. მოზარდების 5% – აღნიშნავს, რომ მშობლებმა იციან მათი თამაშის შესახებ და თავად აძლევენ სათამაშო ფულს”.
როგორ ეჩვევა ადამიანი აზარტულ თამაშებს და რა იწვევს დამოკიდებულებას?
– ადამიანები ისეთ არსებებად ვართ შექმნილი, რომ თუ ჩვენი გონება რაღაც აზრს “დაიჭერს”, ჩვენ მას ქცევაში გადავიტანთ. დამოკიდებულება ხშირად უწყინარი ინტერესით იწყება, მაგრამ დროთა განმავლობაში შეიძლება გადაიზარდოს აკვიატებულ ქცევაში. აზარტული თამაშები ააქტიურებს ტვინის ჯილდოს სისტემას, კერძოდ, დოპამინის გამოყოფას, რაც სიამოვნებისა და ეიფორიის განცდას იწვევს. ადამიანი იმ კონკრეტულ ემოციას იმახსოვრებს და ცდილობს განმეორებას, რაც შემდეგში დამოკიდებულებას აჩენს. დროთა განმავლობაში ადამიანი კარგავს კონტროლს საკუთარ თავზე და ზრდის თანხებს, რადგან ცდილობს წაგებულის უკან დაბრუნებას. ხშირადრთული ხდება პრობლემის გაცნობიერება, მანამ, სანამ დიდი ფინანსური ზარალი არ დგება ან ვინმე ახლობელი არ ერთვება პროცესსში.
რა ნიშნებია იმისა, რომ ადამიანი ლუდომანიით არის დამოკიდებული?
– ლუდომანიისთვის დამახასიათებელია მუდმივი ფიქრი თამაშზე ან დაკარგულ თანხებზე, სურვილი, იშოვოს ფული თამაშის გასაგრძელებლად, დახარჯული დროისა და თანხის მატება, უარყოფითი შედეგების მიუხედავად, თამაშის გაგრძელება, ახლობლების მოტყუება ფულის საშოვნელად, დეპრესია, მოტივაციის დაკარგვა, ემოციური და ოჯახური კონფლიქტები… თუ ადამიანი ამ ნიშნებს ამჩნევს საკუთარ თავში, აუცილებელია დაფიქრება – ხომ არ აქვს ადგილი უკვე დამოკიდებულებას.
შეიძლება თუ არა პრობლემის დაძლევა სპეციალისტის გარეშე?
– თუ ადამიანი პრობლემას აღიარებს, გამოსწორება რეალურია. მაგრამ უარყოფის შემთხვევაში ცვლილება ძალიან რთულია. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი პროფესიონალისა და მხარდამჭერი წრის, ოჯახის, მეგობრების ჩართულობა. დახმარების მიღება სისუსტე კი არა, პირიქით, სიძლიერეა. სპეციალისტთან მუშაობისას ადამიანი სიხარულს ისევ ცხოვრებისეული ღირებულებებისგან სწავლობს და არა თამაშიდან.
ოჯახის როლი თერაპიის პროცესში?
– ოჯახის წევრები ამ პროცესში შეიძლება გახდნენ როგორც მხარდამჭერები, ასევე სტიმულატორები. მათ არ უნდა მიმართონ მკაცრ განკითხვას, პირიქით, აუცილებელია თბილი და მზრუნველი დამოკიდებულება. ხშირია ოჯახური სესიის გავლა ფსიქოთერაპიაში, რაც აძლიერებს შედეგს.
არის თუ არა რეციდივი (მეორედ დაბრუნება) ბუნებრივი?
– დიახ, ნებისმიერ დამოკიდებულებაში რეციდივი ბუნებრივია, მაგრამ უკვე თერაპიის მქონე ადამიანი არ იწყებს ნულიდან. თერაპიის მიზანი აკრძალვა კი არა, ნებაყოფლობითი უარის თქმაა, რაც ცვლილებებს იწყებს. ერთ-ერთი მათგანი, ვინც გაიმარჯვა საკმაოდ ძლიერ დამოკიდებულებაზე, ამ შემთხვევაში ლუდომანიაზე, იმ პრობლემებზე გვესაუბრება რაც ამ პროცესს ახლავს…
რა იყო მთავარი მიზეზი, რის გამოც აზარტულ თამაშებზე უარი თქვი?
– მიზეზი იყო პრობლემები, რომელიც თამაშს თან ახლდა. მივხვდი, რომ სხვა გზა აღარ მქონდა.
როგორ დაიწყო შენი ურთიერთობა აზარტულ თამაშებთან?
– ბავშვობიდან დავიწყე თამაშით, თავდაპირველად უბრალოდ გასართობად. შემდეგ კი ეს გადაიზარდა ფინანსურ, ფსიქოლოგიურ თუ სოციალურ პრობლემებში.
რა იყო ყველაზე რთული ეტაპი თამაშზე უარის თქმის პროცესში?
– ყველაზე რთული იყო დაგროვებული ვალები, ვხვდებოდი, რომ მათ გადახდას დიდი დრო და შრომა დასჭირდებოდა.
როგორ შეიცვალა შენი ცხოვრება თამაშის შეწყვეტის შემდეგ?
– ახლა ჩემი ცხოვრება ბევრად უფრო საინტერესოა. მაქვს მიზნები და ვიცი, რომ შრომით მიღწეული წარმატება გაცილებით ღირებულია, ვიდრე სწრაფი მოგება.
რას ეტყოდი იმ ადამიანებს, ვინც ახლა იმ მდგომარეობაშია, როგორშიც შენ იყავი?
– გირჩევთ, რომ საკუთარ თავთან ბრძოლა დაიწყოთ. თამაშით პრობლემები არ გვარდება, პირიქით, მძიმდება. დრო არ ბრუნდება, ამიტომ გამოიყენეთ იგი თქვენი განვითარებისთვის.ლუდომანია ეს არ არის მხოლოდ ინდივიდუალური პრობლემა, ეს არის სოციალური გამოწვევა, რომელიც დღითიდღე უფრო მეტ ადამიანზე ახდენს გავლენას.
აუცილებელია ცნობიერების ამაღლება, პრევენცია და თანადგომა. საზოგადოებამ უნდა ისწავლის, რომ აზარტული თამაში გასართობი კი არა , სერიოზული საფრთხეა, ცვლილება კი იწყება თითოეული ჩვენგანით.
მასალა მოამზადა: ლუკა შველიძემ












Leave a Reply