პერსპექტივა

დაკარგული სოფლები – დემოგრაფიული კრიზისი და გზა გადარჩენისკენ

“აქ სახლებს უფრო ხეებში პოულობ, ვიდრე ადამიანებში’’

–  საქართველოში ათასობით სოფელი თანდათან ქრებაშეკრულ ლანდად იქცევა ადგილები, სადაც ოდესღაც სიცოცხლე ჩქეფდა, ახლა სიჩუმესა და მიტოვებულ სახლებს დაეპატრონათ. სოფლები, რომლებიც წლების წინ საზოგადოებრივ ცხოვრებას ქმნიდნენ, ახლა ურბანული ცენტრების ჩრდილში ექცევიან. ისინი ცარიელდება და, მეტიც — ისტორიას ენაცვლება მტვერი.

რეგიონების დაცლის პროცესი — განსაკუთრებით კი სოფლების „ჩრდილში მოქცევა“ — ერთ-ერთი ყველაზე მწვავე და მტკივნეული დემოგრაფიული და სოციალურ-ეკონომიკური საკითხია საქართველოში. ეს პროცესი უკავშირდება მოსახლეობის გადინებას სოფლებიდან ქალაქებში და სხვა ქვეყნებში, რაც იწვევს მთელ რეგიონებში სოციო-კულტურულ სტაგნაციას და სივრცით დაქვეითებას.

მთავარი შეკითხვა – რატომ იცლება სოფლები?

მიზეზები კომპლექსურია და ერთმანეთზე გადაბმული:

  • ეკონომიკური გამოწვევები: სოფლებში სამუშაო ადგილების არარსებობა ახალგაზრდებს აიძულებს, ქალაქებში ან საზღვარგარეთ გადასახლდნენ.
  • ინფრასტრუქტურის დეფიციტი: გზები, განათლება, სამედიცინო მომსახურება და ციფრული ტექნოლოგიები — ამ ყველაფრის ნაკლებობა სიცოცხლისუნარიანობას ანგრევს.
  • სახელმწიფო პოლიტიკის ნაკლებობა: არაერთი რეგიონი ყურადღების მიღმა რჩება, განვითარების სტრატეგიები კი ხშირად ცენტრალურ ქალაქებზეა ორიენტირებული.

 ინტერვიუ სოციოლოგთან და სამთო ინჟინერთან ლაშა მამულაშვილთან 

რას ნიშნავს თქვენი სპეციალიზაციიდან გამომდინარე სოფლის დაცლა? როგორ განისაზღვრება ეს ტერმინი დემოგრაფიულ ან სოციალურ კვლევაში?

–  დემოგრაფიულად, სოფლის დაცლა ნიშნავს მოსახლეობის რაოდენობის შემცირებას სოფლად –  დაბადების კლების, სიკვდილიანობის ზრდის ან მიგრაციის (გადინების) შედეგად.  სოციალურ კონტექსტში ეს პროცესი გულისხმობს ადგილობრივი თემების სოციალური ქსელების შესუსტებას, სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუარესებას და კულტურული თვითმყოფადობის დაკარგვის რისკს.

რამდენად მწვავეა რეგიონების დაცლის პრობლემა დღეს საქართველოში და რომელ რეგიონებში ჩანს ეს ტენდენცია ყველაზე ნათლად?

– ეს პრობლემა დღეს საკმაოდ მწვავეა, განსაკუთრებით მაღალმთიან რეგიონებში – რაჭა-ლეჩხუმში, სვანეთში, თუშეთსა და ქვემო ქართლის ზოგიერთ ნაწილში. სოფლები, რომლებიც მძიმე ბუნებრივ და ინფრასტრუქტურულ პირობებში იმყოფებიან, ყველაზე მეტად ზარალდებიან. ზოგი სოფელი უკვე “მოჩვენებითი” გახდა –  მოსახლეობა თითქმის არ ჰყავს.

როდის დაიწყო ყველაზე შესამჩნევად მოსახლეობის გადინება სოფლებიდან და როგორ განვითარდა ეს პროცესი?

– მოსახლეობის მასობრივი გადინება სოფლებიდან შესამჩნევად 1990-იანი წლებიდან დაიწყო, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, როდესაც სოფლის მეურნეობის კოლაფსი და ეკონომიკური კრიზისი მოჰყვა. მიგრაციის ტალღა გაგრძელდა 2000-იანი წლებშიც, განსაკუთრებით მაშინ, როცა ახალგაზრდებისთვის ქალაქი გახდა მეტი პერსპექტივის მქონე სივრცე.

რა ძირითადი ფაქტორები განაპირობებს სოფლად მცხოვრები მოსახლეობის შემცირებას – ეკონომიკური, კულტურული, საგანმანათლებლო, ეკოლოგიური?

– ძირითად შემთხვევაში ეს არის : ეკონომიკური, კულტურული,  საგანმანათლებლო – (უკეთესი განათლების მიღების სურვილი) და   ეკოლოგიური – კლიმატის ცვლილება, ნიადაგის გამოფიტვა, წყლის რესურსების შემცირება და ა.შ…

როგორ განსხვავდება მოსახლეობის გადინების მიზეზები ახალგაზრდებსა და ხანდაზმულებში?

–  ახალგაზრდები ძირითადად მიემართებიან ქალაქებში ან ემიგრაციაში განათლების, კარიერისა და ცხოვრების სტილის გამო, ხანდაზმულები კი ხშირად რჩებიან სოფელში, მაგრამ მათთვის პრობლემას წარმოადგენს  სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობა და მარტოობა, შემდეგ კი სწორედ ეს ყველაფერი იქცევა ხოლმე დიდ პრობლემად.

როგორია საქართველოს მდგომარეობა სოფლის დაცლის კუთხით სხვა პოსტსაბჭოთა ან აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან შედარებით?

– სოფლის დაცლის პროცესი ზოგადად შეიმჩნევა ბევრ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში, მაგრამ საქართველოში ეს პროცესი შედარებით მწვავეა, რადგან ქვეყნის ფართობი მცირეა და მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ქალაქებზე კონცენტრირებულია. ბალტიის ქვეყნებთან ან ჩეხეთთან შედარებით, ინფრასტრუქტურა სოფლად უარეს მდგომარეობაშია.

არსებობს თუ არა წარმატებული საერთაშორისო მაგალითები, როგორ გააჩერეს ან შეამცირეს სოფლის დაცლის ტენდენცია?

– რა თქმა უნდა არსებობს, მაგალითად ესპანეთის “დახვეწილი სოფლების” ინიციატივები, მცირე ბიზნესის ხელშეწყობა, მიგრანტებისთვის სოფლად დასახლების სტიმულები.  ასევე იაპონიაში ფინანსური დახმარება ოჯახებისთვის, ვინც სოფლად გადასვლას გადაწყვეტს, ამასთან სლოვენიაშიც არსებობს  აგროტურიზმის განვითარება და ადგილობრივი პროდუქციის პოპულარიზაცია.

რა სტრატეგიებს ხედავთ, რომლებიც სოფლის გადარჩენას რეალურად შეუწყობს ხელს?

– ვფიქრობ,  ამისთვის ყველაზე კარგი საშუალებებია  ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება (გზები, ინტერნეტი, ტრანსპორტი),  აგრარული ინოვაციები და ფინანსური სტიმულები ფერმერებისთვის.  კარგი იქნება განათლების ხელმისაწვდომობა და დეცენტრალიზებული პროფესიული კოლეჯები, რაც ბევრ პრობლემას მოაგვარებდა და ასევე, აგროტურიზმის განვითარება, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და გამოყენება.

რამდენად რეალურია სოფლის კვლავ გაცოცხლება იმ შემთხვევაში, თუ ის პრაქტიკულად დაცლილია?

– რეალურია, მაგრამ რთული და გრძელვადიანი პროცესია. საჭიროა არა მხოლოდ ეკონომიკური ხელშეწყობა, არამედ ნარატიული ცვლილება. სოფელი უნდა აღიქმებოდეს როგორც პერსპექტივის მქონე სივრცე, არა მხოლოდ უკიდურესი საჭიროების შემთხვევაში.

რეგიონების დაცლის პროცესი აშკარად აჩვენებს ქვეყნის შიდა უთანასწორობის პრობლემას, სადაც ყოველდღიურად კარგავენ ადამიანურ რესურსს, ინფრასტრუქტურასა და სიცოცხლისუნარიანობას. სოფლები, რომლებიც ადრე ეკონომიკური და კულტურული განვითარების მნიშვნელოვან კერებს წარმოადგენდნენ, დღეს ჩრდილში ექცევიან და ნელ-ნელა იცლება.

მნიშვნელოვანია, სახელმწიფოს პოლიტიკა მიმართული იყოს ამ სოფლების გადარჩენასა და განვითარებაზე – ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებით, განათლების, ჯანდაცვისა და ეკონომიკური შესაძლებლობების უზრუნველყოფით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს პროცესები მხოლოდ გააღრმავებს დემოგრაფიულ კრიზისს და საბოლოოდ, ზოგიერთი რეგიონი შეიძლება სრულიად მოიშალოს.

მასალა მოამზადა: ანა გლოველმა

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *