პერსპექტივა

როცა ოჯახი ირჩევს პროფესიას – როგორ ავიცილოთ სტუდენტური სტერეოტიპები?

ბევრი ახალგაზრდისთვის პროფესიის არჩევა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ურთულესი გადაწყვეტილებაა. თუმცა, ამ პროცესში ხშირად უმნიშვნელოვანესი როლი ემთხვევა მშობლებს, რომლებიც თავიანთი შეხედულებებითა და შეხედულებებზე დაფუძნებული კლიშეებით ცდილობენ შვილების კარიერული მომავალი განსაზღვრონ. 

ეს “სტუდენტური კლიშეები”  სტერეოტიპები პროფესიის, უნარების ან შესაძლებლობების შესახებ  ხშირად ქმნის არა მხოლოდ არასრულად ჭეშმარიტ წარმოდგენას, არამედ უშვებს შეცდომებს შვილების არჩევანის პროცესში. „სამართალზე ჩააბარე“, „ექიმი საიმედოა“, „ხელოვნებით მშიერი დარჩები“. ასეთ გარემოში ახალგაზრდები კი ხშირად იკარგებიან.

სტუდენტური “კლიშეები” ხშირად წარმოიშობა საზოგადოებაში დამკვიდრებული აზრებიდან, პოპულარული მედიიდან ან პირადი გამოცდილებიდან. მაგალითად, “პროგრამისტი აუცილებლად მარტო მუშაობს და კომპიუტერთან ჯდომა უყვარს”, ან “ხელოვნების მიმართულება მხოლოდ ცალკეული და უჩვეულო ადამიანებისთვისაა”.

მსგავსი შეხედულებები, როცა მშობელი ან თვითონ სტუდენტი მათზე აფუძნებს პროფესიის არჩევას, ზრდის შანსს, რომ პროფესიული მიმართულება არ შეეფერება ინდივიდის ინტერესებსა და ნიჭს. მშობლები, რაც არ უნდა კეთილშობილური იყოს მათი მოტივაცია, ხშირად ივიწყებენ, რომ მათ შვილებს სხვა სურვილები და ინტერესები აქვთ. სტერეოტიპი, რომ მხოლოდ მედიცინა, სამართალი და ინჟინერია სანდო პროფესიაა, დღემდე ძლიერია, მიუხედავად იმისა, რომ შრომის ბაზარი და ადამიანური ბედნიერების ფორმულა გაცილებით მრავალფეროვანია.

რესპონდენტის გამოცდილება: გზა ლიბერალური ხელოვნებიდან პროფესიულ არჩევანამდე

მარიამ მუმლაძე დღეს წარმატებული გრაფიკული დიზაინერია. აგრარული უნივერსიტეტის ფაკულტეტ “Liberal Arts”-ის კურსდამთავრებულია, რომელიც არამარტო ზოგად ჰუმანიტარულ საგნებს მოიცავს – ანთროპოლოგია, არქიტექტურა, ფილოსოფია, ხაზვა, ხატვა, არამედ საშუალებას აძლევს სტუდენტს ფართო ხედვა ჩამოუყალიბოს. ეს ფაკულტეტი, მარიამის თქმით, სტუდენტს საშუალებას აძლევს მრავალ მიმართულებას გაეცნოს და აირჩიოს ის, რაც ყველაზე მეტად აკმაყოფილებს მის ინტერესებს და შესაძლებლობებს.

„დედაჩემს ძალიან უნდოდა, რომ იურიდიულზე ჩამებარებინა, მამა კი ადვოკატია და ამბობდა, იურიდიული მიმართულება ამოგაყოფინებს თავს. მე კი საერთოდ არ ვიცოდი, ვინ ვიყავი და რა მინდოდა,“ – გვიყვება მარიამი. 

ხშირად გვესმის: „უნდა იცოდე ზუსტად, რა გინდა, დრო არ უნდა დაკარგო,  მაგრამ რეალურად, პროფესიის არჩევა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და რთული გადაწყვეტილებაა ცხოვრებაში. მისი დაჩქარება მხოლოდ იმიტომ, რომ „დროზე უნდა დაამთავრო“, ხშირად არაჯანსაღ შედეგამდე მიდის” – რამდენიმე წლის შემდეგ, მარიამი ამბობს, რომ სწორი გზა აირჩია. 

“სტუდენტს უნდა ჰქონდეს თავისუფლება და შესაძლებლობა შეისწავლოს სხვადასხვა მიმართულება, რათა საბოლოოდ თვითონ გაიგოს, რა არის მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო.”

პროფესიის არჩევა პირადი და მნიშვნელოვანი პროცესი უნდა იყოს, რომელიც დაფუძნებულია ინდივიდის უნარებსა და ინტერესებზე და არა შეზღუდულ, ხშირად არასწორ კლიშეებზე. მშობლების როლი მნიშვნელოვანია, მაგრამ მათი მხარდაჭერა და გაუცნობიერებელი სტერეოტიპების დაძლევა ბევრად უფრო მნიშვნელოვანია თანამედროვე ახალგაზრდებისთვის წარმატებული კარიერის დასაგეგმად.

ფსიქოლოგების აზრით, მშობლის მიერ შვილის პროფესიის შერჩევა შეიძლება არაერთი საფრთხის მატარებელი იყოს როგორც ინდივიდის ფსიქოლოგიური განვითარების, ისე მისი კარიერული წარმატებისთვის. მშობლების მხრიდან გადაჭარბებული ჩარევა პროფესიასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებში ხშირად აფერხებს ახალგაზრდის პიროვნულ დამოუკიდებლობასა და თვითიდენტობის ჩამოყალიბებას. 

ცნობილი ფსიქოლოგი ერიკ ერიკსონი დამოუკიდებელ გადაწყვეტილებების მიღებას განიხილავს როგორც კრიტიკულ ეტაპს მოზარდობის პერიოდში, ამ პროცესის ხელოვნურად შეზღუდვამ კი  შესაძლებელია გამოიწვიოს დაბალი თვითშეფასება, შფოთვა და ემოციური დამოკიდებულება. პროფესიის არჩევა, რომელიც თავად ადამიანს არ მოსწონს, ხშირ შემთხვევაში დაკავშირებულია შიდა მოტივაციის დაქვეითებასთან. 

ფსიქოლოგი ედვარდ დეცი  და რიჩარდ რაიანი საკუთარ თვითდეტერმინაციის თეორიაში ხაზგასმით მიუთითებენ, რომ მოტივაცია, რომელიც მოდის გარედან (მაგ. მშობლის ზეწოლის შედეგად), ნაკლებად მდგრადია და ხშირად იწვევს ფსიქოლოგიურ გამოფიტვას. ფსიქოლოგები ერთხმად მიიჩნევენ, რომ მშობლის როლი პროფესიის შერჩევის პროცესში უნდა იყოს მხარდამჭერი და არა დირექტიული. მშობლებმა უნდა წაახალისონ საკუთარი შვილების ინდივიდუალური ინტერესების აღმოჩენა და მისცენ სივრცე თავისუფალი არჩევანისთვის.

მასალა მოამზადა: ნატალი ტუღუშმა