ვინ არის სანდრო გეგეჭკორი? – სანდრო გეგეჭკორი ახალი თაობის გამორჩეული ქართველი პიანისტია, რომელმაც საერთაშორისო კლასიკური მუსიკის სცენაზე მნიშვნელოვანი ადგილი დაიმკვიდრა. დაიბადა 2000 წელს ჭიათურაში, მიუხედავად იმისა, რომ მისი მშობლები მუსიკოსები არ იყვნენ, სანდრომ ადრეული ასაკიდან გამოავლინა მუსიკისადმი ნიჭი და დაინტერესება.
მუსიკალური კარიერა მან თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში დაიწყო, სადაც პროფესორ ალექსანდრე გარბერის ხელმძღვანელობით ეუფლებოდა საფორტეპიანო ხელოვნებას. 2023 წელს სანდრო ჩაირიცხა ნიუ-იორკის პრესტიჟულ სკოლაში, სადაც სწავლას აგრძელებს პროფესორ ჯულიან მარტინის კლასში.
პირველად ქუთაისის სცენაზე გამოვიდა და ყანჩელის ნაწარმოებები შეასრულა, როგორც თვითონ აღნიშნავს, მაშინ ჯერ კიდევ გააზრებული არ ქონდა რას აკეთებდა „გავედი, შევასრულე, ტაში დამიკრეს და გამოვედი“ , გარდამტეხი მნიშვნელობა კი ბარსელონაში, კატალონიის სასახლის სცენას ქონდა, ის პირველი ქართველია ვინც ამ კონკურსში გავიდა და გაიმარჯვა.
როგორ დაიწყო შენი ურთიერთობა მუსიკასთან და რა დროს მიხვდი , რომ პიანისტობა შენი გზა იყო?
– ეს იყო დაახლოებით ხუთი წლის ასაკში, როდესაც დედამ გადაწყვიტა ერთდროულად სხვადასხვა განხრით გამოეცადა ჩემი შესაძლებლობები. გარდა მუსიკისა, შემიყვანა ჭადრაკზე, ცეკვასა და უცხო ენებზე. მახსოვს, რომ თავიდან ეს ჩემთვის ჩვეულებრივი რუტინული რამ იყო, ყოველდღე მეცადინეობა, ახალი ნაწარმოებების სწავლა და მათი დამუშავება. თუმცა, დამეთანხმება ყველა, რომ არსებობს მომენტი ყოველი მუსიკოსის ცხოვრებაში, როდესაც არაორდინალური გადატრიალება ხდება და რაღაც, წარმოუდგენელი კავშირი მყარდება ადამიანსა და ხელოვნების, ამ გენიალურ დარგს შორის. ასე მოხდა ჩემს ცხოვრებაშიც.
სანდრომ 25 წლის განმავლობაში ძალიან ბევრ კონკურსში მიიღო მონაწილეობა და ძალიან ბევრ კონკურსში მოიპოვა გამარჯვება, როგორებიცაა: Maria Canals International music competition ( პირველი პრემია, 2021), Feurich Vienna International piano competition (გრან-პრი, 2018), Arno Babajanyan international piano competition (პირველი პრემია , 2015). 2022 წელს სანდრო გეგეჭკორი გახდა მუსიკის საერთაშორისო კონკურსების ორგანიზაციის (MFIMC) არტისტი. ის მუდმივად მართავს კოცერტებს საერთაშორისო მასშტაბით ისეთ პრესტიჟულ დარბაზებში, როგორებიცაა: The Royal Concertgebouw, Palau De La Musica, L’auditori,Mozarthaus Vienna და სხვა.
იყო თუ არა მომენტი, როცა გინდოდა, ყველაფერი დაგეტოვებინა? როგორ გადალახე ის?
– არასოდეს. მუსიკა ყოველთვის გამოძრავებს უკეთესობისკენ. ალბათ ყველას ცხოვრებაში არის მომენტები, ეგზისტენციალური კრიზისი. თუმცა, საბოლოო ჯამში ეს ყველაფერიც დადებითად აისახება შემოქმედებაზე. მთავარია, რომ არტისტმა იცოდეს სწორი მომენტის სწორად გამოყენება.
შანსი რომ გქონდეს რომელ კომპოზიტორთან იმუშავებდი?
– ვიტყოდი, ლუდვიგ ვან ბეთჰოვენთან თქო, მაგრამ წყაროებზე და ბიოგრაფიულ ცნობებზე დაყრდნობთ, იმდენად აუტანელი პიროვნება იყო, ბოლოს ალბათ გამომაგდებდა ან პირდაპირ ფანჯრიდან მისვრიდა. ასე, რომ ისევ ჩემს ძვირფას რახმანინოვთან ვამჯობინებ. სანდროს ხშირად აქვს კოლაბორაცია მსოფლიოს სხვადასხვა წამყვან ორკესტრებთან. ის გახლავთ პირველი ქართველი ახალგაზრდა პიანისტი, რომლის საპატივსაცემოდ სერგეი რახმანინოვის სახლ-მუზეუმის დირექტორმა, ალექსანდრე ერმაკოვმა ფესტივალი დააარსა – “Междунароный фестиваль Сандро Гегечкори”, რომლის ორი გამოშვებაც წარმატებით ჩატარდა.
„მაღალი პროფესიონალიზმი და შესრულების უნარი – სანდრო გეგეჭკორმა ბწყინვალედ დაამტკიცა ქართული საფორტეპიანო სკოლის ხარისხი მის შემოქმედებაში. ” – აღნიშნავს ალექსანდრე ერმაკოვი. გამომდინარე იქედან, რომ სანდრო გახდა MCB international music competition 2021 პირველი პრემიის გამარჯვებული, ქართველ პიანისტს
წინასწარ აქვს გაწერილი სოლო და საორკესტრო კონცერტების განრიგი. მას ასევე პრიზად ერგო კომპაქტ დისკის ჩაწერა მსოფლიოსთვის კარგად – Naxos CD პლატფორმაზეც.
როგორ ფიქრობ, როგორია კლასიკური მუსიკის როლი დღევანდელ ქართველ საზოგადოებაში?
მე ვიტყოდი რა როლი მინდა ჰქონდეს მუსიკას საქართველოში. მინდა, რომ მუსიკა ადამიანებს აერთიანებდეს. დარბაზში, კონცერტზე მისულ ადამიანებს დიახ, რომ სხვადასხვა ხედვა აქვთ, სხვადასხვა მიზნები, შეხედულებები, მაგრამ მათ ერთი რამ აერთიანებთ: ისინი მოვიდნენ ძალიან ძვირფასი და მე ვიტყოდი საკრარული პროცესის დასასწრებად. სწორედ, რომ ეს პროცესი უნდა უწყობდეს ხელს ადამიანების გაერთიანებასა გამთლიანებას. ჩატეხილი ხიდების აღდგენას. მე, ასე მჯერა.
სანდრო გეგეჭკორი წარმოადგენს ქართული საფორტეპიანო სკოლის ბრწყინვალე ტრადიციების გამგრძელებელსა და თანამედროვეობასთან შერწყმის მაგალითს. მისი მუსიკალური კარიერა და საერთაშორისო წარმატებები ნათლად ასახავს მის პროფესიონალიზმსა და ხელოვნებისადმი სიყვარულს.
მასალა მოამზადა: ანა ლეჟავამ











Leave a Reply